Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო ანგარიშის პირველი დღე პარლამენტში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
სამთავრობო ანგარიშის კვირეული პარლამენტში 22 მარტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლით დაიწყო, რომელმაც დეპუტატებს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების 10-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, ხოლო ამის შემდეგ, კითხვა-პასუხის ფორმატში, დეპუტატების წინაშე წარდგნენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები.

პარლამენტის ტრიბუნაზე 22 მარტს თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი წარდგა, მაგრამ ვიდრე დეპუტატებს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიული გეგმის 10-პუნქტს გააცნობდა, ნიკა გილაურმა მაკროეკონომიკური პარამეტრები მიმოიხილა.

პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველომ 2010 წელი 6,4%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულა და რომ ზრდის ტენდენცია მიმდინარე წლის პირველ თვეებშიც გრძელდება. აქვე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ბოლო პერიოდში მზარდი ინფლაციის პრობლემაზე. ითქვა, რომ ინფლაციის ზრდის კუთხით გადამწყვეტი როლი ითამაშა ”საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებულმა მოვლენებმა” და რომ, ”2011 წლის თებერვლის 12-თვიანი მონაცემების მიხედვით, ინფლაცია 13%-ზე მაღალია”. თუმცა, პრემიერ-მინისტრის პროგნოზით, მე-3 და მე-4 კვარტალი ნაკლებად ინფლაციური იქნება და შედეგად ინფლაციის მაჩვენებელი ”ერთნიშნა ციფრზე დაფიქსირდება.”
ჩვენი მიზანია ეკონომიკა, სადაც სამუშაო ადგილები იქმნება მუდმივად... სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ორიენტაციას ინვესტორებზე ...

თუმცა ჯერჯერობით ინფლაციის მაჩვენებელი კვლავაც ორნიშნაა და, პრემიერ-მინისტრის თქმით, ”ბევრ თანამოქალაქეს კიდევ უფრო მეტი დახმარება ესაჭიროება.”

გაძვირებული პროდუქტებიდან ნიკა გილაური თავის გამოსვლაში ასახელებს მხოლოდ პურს, შაქარსა და საწვავს. ინფლაციის შედეგებთან ბრძოლის თვალსაზრისით კი, სახელდება სახელმწიფოს მიერ გადადგმული 3 ნაბიჯი. ესენია: მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგება, 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერების დარიგება და პენსიების 100 ლარამდე ზრდა. თუმცა პრემიერ-მინისტრმა იცის, რომ ეს ყველაფერი არასაკმარისია და რომ ეს ”შუალედური გადაწყვეტილება” ”იდეალური” არ არის. პრობლემების გადაწყვეტის საბოლოო მიზნად ის ”ჯანსაღ, გრძელვადიან სტაბილურ ეკონომიკას” ასახელებს:

”ჩვენი მიზანია ეკონომიკა, სადაც სამუშაო ადგილები იქმნება მუდმივად... სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ორიენტაციას ინვესტორებზე, ვაგრძელებთ ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ვაგრძელებთ ინვესტირებას ენერგეტიკაში, ჩვენს საგზაო ინფრასტრუქტურაში, ჩვენ ვზრდით სოფლის მეურნეობის დაფინანსებას... ”

მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სადაც ინფლაციური პროცესების მართვაც იგულისხმება, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს წარმოდგენილი 10-პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტია. ამავე გეგმის ნაწილია: საუკეთესო საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა; ექსპორტის ხელშეწყობა და ამ გზით ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდოს შემცირება; ენერგეტიკული უსაფრთხოება; სოფლის მეურნეობის განვითარება; სოციალური პოლიტიკისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება; განათლების სისტემის განვითარება და ქვეყნის ურბანული და რეგიონალური განვითარება.

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის სხდომათა დარბაზის ტრიბუნა ისე დატოვა, რომ, როგორც ეს ფორმატით იყო გათვალისწინებული, მისთვის დეპუტატებს შეკითხვები არ დაუსვამთ. სამაგიეროდ, შეკითხვები დაუსვეს შემდეგ გამომსვლელს, ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს, და ეს პროცესი ერთგვარად დაემსგავსა უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის მწვავე კამათსაც...

მთავრობის წევრები საქართველოს პარლამენტის სხდომაზე
დეპუტატ გია ცაგარეიშვილის მიერ დასმული შეკითხვისთვის ფინანსთა მინისტრს კონკრეტულად არ უპასუხია, ანუ არ განუმარტავს, თუ რას გულისხმობს 100-დოლარიანი საპენსიო პაკეტი. ამ შემთხვევაში ბაინდურაშვილის პასუხმა მიიღო უფრო დაპირების სახე, რომელსაც ერთგვარი ნიშნისმოგების ელფერიც დაჰკრავდა:

”ბატონო გია, თქვენ აუცილებლად მოესწრებით ამ პარლამენტის კედლებში, რომ მთავრობა შემოვა 100-დოლარიანი პაკეტის მოწყობით...”

ფინანსთა მინისტრისთვის დასმული შეკითხვების სიმწვავითა და შეფასებებით გამოირჩეოდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე. მან მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა სოფლის მეურნეობის სფეროს ერთგვარ იგნორირებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ასეთი მიდგომები 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გამოვლინდა.

გიორგი თარგამაძის ბრალდება ფინანსთა მინისტრმა უარყო, დეპუტატს კონკრეტული გვარების დასახელება მოსთხოვა და თქვა, რომ სოფლის მეურნეობას სახელმწიფო პრიორიტეტულ მიმართულებად თვლის და ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის 4-ჯერ გაზრდაც მეტყველებს.

რაც შეეხება კიდევ ერთ შეკითხვას, რომელიც არაერთხელ გამეორდა ფინანსთა მინისტრის მისამართით, ის სახელმწიფო ვალებს უკავშირდება. დეპუტატებს აინტერესებდათ, რამდენად საგანგაშოა შექმნილი ვითარება?

ამ საკითხთან მიმართებით ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ საქართველოში სახელმწიფო ვალის მოცულობა არის საგრძნობლად დაბალი, საერთაშორისო სტანდარტებით დაწესებულ ზღვართან შედარებით. მაასტრიხტის ხელშეკრულების მიხედვით, მთლიან შიდა პროდუქტთან სახელმწიფოს ვალის შეფარდების უსაფრთხო ზღვარი 60%-ზე გადის, საქართველოს შემთხვევაში კი, ბაინდურაშვილის თქმით, ეს პროცენტული მაჩვენებელი 43-ს შეადგენს. საიდანაც საგარეო ვალი ”მხოლოდ 35 პროცენტია.” მინისტრის თქმით, ”ვალის მომსახურებაზე 2003 წელს ბიუჯეტის 10 პროცენტი იხარჯებოდა... დღეს ვალების მომსახურებაზე იხარჯება ბიუჯეტის მხოლოდ 4 პროცენტი...”

ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს 22 მარტს არაერთხელ და არაერთი კუთხით მოუწია იმის მტკიცება, რომ ახალი საგადასახადო პოლიტიკა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის პრინციპებზეა აგებული და ის სულაც არ ატარებს წნეხისა და მარწუხების სახეს, როგორც ეს ოპონენტებს წარმოუდგენიათ.

თემატიკიდან გამომდინარე, ბევრ შემთხვევაში წინამორბედი გამომსვლელების აქცენტების გამეორება მოუხდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მან უფრო მეტი ილაპარაკა ტურიზმზე და ამ სფეროში შექმნილ სამუშაო ადგილებზე. მინისტრი არ ეთანხმება დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას აზრს, რომ ტურიზმის სფეროში მხოლოდ დამლაგებლები საქმდებიან. ვერა ქობალიასა და ოპოზიციონერი დეპუტატების მოსაზრებები ურთიერთგანსხვავებულია ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის გეგმებთან დაკავშირებითაც.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ოპონენტები ასევე განსხვავებულ ჭრილში განიხილავენ, ჩინოვნიკის მოქრთამვის ბრალდებით დაკავებული ისრაელი ბიზნესმენების გახმაურებულ საქმეს უკავშირდება, რამაც გულისწყრომა გამოიწვია ისრაელშიც. ვერა ქობალია განმარტავს, რომ საკითხი, რომელსაც სასამართლო განიხილავს, მის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა, თუ რომელიმე ბიზნესმენი მთავრობის წარმომადგენელს ქრთამს შესთავაზებს, ასეთი რამ შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.

ეკონომიკის მინისტრის გამოსვლით დასრულდა სამთავრობო ანგარიშის პირველი რაუნდი პარლამენტში. 23 მარტს დეპუტატების წინაშე, წინასწარი ინფორმაციით, უკვე ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრები წარდგებიან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG