Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბავშვო ბაღებს სწავლების ახალ მეთოდოლოგიას სთავაზობენ


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბაგა-ბაღებისათვის მოამზადა მეთოდური სახელმძღვანელოების პაკეტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს სკოლამდელი განათლება. წიგნს, როგორც სარეკომენდაციო ხასიათის არასავალდებულო ლიტერატურას, საჩუქრად ყველა საბავშვო ბაღი მიიღებს. ახალ მეთოდურ სახელმძღვანელოს 55 ბაგა-ბაღში უკვე ელიან.
ჩვენს სკოლამდელ განათლებაში, სამწუხაროდ, ბოლო 20 წელია სიახლე არ შესულა, ანუ ბაღების უმრავლესობაში სწავლება ძველი მეთოდოლოგიით მიმდინარეობს...

ბაღის დირექტორი რუსუდან ჩიქოვანი ამბობს, რომ აქამდე ეროვნული გეგმითა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროგრამა “ნაბიჯ-ნაბიჯით” ხელმძღვანელობდნენ. რუსუდან ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ ახალ სახელმძღვანელოში სკოლის მოთხოვნებიც იქნება გათვალისწინებული, კერძოდ, როგორ მომზადებულ ბავშვს ითხოვს სასწავლო დაწესებულება. სახელმძღვანელოების პაკეტი, რომელიც ადრეული განვითარების სტანდარტის საფუძველზე მომზადდა, ოთხი წიგნისგან შედგება:

”ეს არის საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; სკოლამდელი განათლების პროგრამა, ანუ სასწავლო გეგმა; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი და სკოლამდელი აღზრდის ბავშვის შეფასების ფორმა. ჩვენს სკოლამდელ განათლებაში, სამწუხაროდ, ბოლო 20 წელია სიახლე არ შესულა, ანუ ბაღების უმრავლესობაში სწავლება ძველი მეთოდოლოგიით მიმდინარეობს. ეს მაშინ, როდესაც ყველა კვლევა ადასტურებს, რომ სკოლამდელ განათლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, - აცხადებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე.

წიგნში, რომლის მომზადებაში ფსიქოლოგები, ხელოვნების, სპორტისა და ფიზიკური განათლების, მუსიკის ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, არ არის დიდი დოზით სამეცნიერო ტერმინოლოგია. როგორც სკოლამდელი განათლების ინიციატივების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი ანა ჯანელიძე ამბობს, მეტად ადამიანური, მარტივი ენითაა დაწერილი. აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო წიგნი სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში საუბარია სკოლამდელი ასაკის ბავშვის ხასიათის თავისებურებებზე, მეორე ნაწილი ეხება სასწავლო მეთოდოლოგიას - როგორ უნდა შეუქმნას აღმზრდელმა ბავშვს სასწავლო გარემო, ამავე ნაწილში შევიდა ინკლუზიური განათლების თავიც, სადაც დეტალურად არის ახსნილი, როგორ უნდა გახდეს სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომი. ბოლო, ყველაზე მოცულობითი ნაწილი კი პრაქტიკული სავარჯიშოებისა და თამაშებისგან შედგება:

”ცალკეა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, წიგნიერება, მუსიკა, სოციალური და ემოციური სფერო, ფიზიკური განვითარება, შემეცნებითი უნარები და მეტყველება. მაგალითად, ერთ-ერთი სავარჯიშოს მიხედვით ხელოვნების სფეროდან ბავშვებმა გოგენის ერთ ტილოზე უნდა იმსჯელონ, სადაც სამი ლეკვი ხატია.”
ილუსტრაცია ახალი მეთოდური სახელმძღვანელოდან

ანა ჯანელიძე განმარტავს, რომ ფსიქოლოგების მიერ რეკომენდებული არ არის სკოლამდელ ასაკში წერა-კითხვის სწავლება. ამიტომ სახელმძღვანელოს მეთოდიკა ე.წ. წიგნიერებამდელ სავარჯიშოებს მოიცავს.

რას ასწავლიან ბაღში ბავშვებს, განსაკუთრებით აღელვებთ დაწყებითი კლასების პედაგოგებს. ერთ-ერთი მათგანია ნინო ლომიძე, რომელიც ბაკურ სულაკაურის სკოლაში ასწავლის:
ბაღს აქვს დიდი რესურსი სხვა უნარების განვითარებისათვის...

”როდესაც პირველ კლასში მოდის ბავშვი, რომელმაც ბაღში უკვე ისწავლა წერა-კითხვა და ანგარიში, მისთვის სასწავლო პროცესი სკოლაში უინტერესოა, მთელი პირველი სემესტრი მას არანაირი საქმე არ აქვს, არც სიახლე. ბაღს აქვს დიდი რესურსი სხვა უნარების განვითარებისათვის. მაგალითად, ასწავლონ როგორი უნდა იყოს ურთიერთობები უფროსებთან ან ის, რომ საჭიროა რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში ერთ ადგილზე ჯდომა და მოსმენა და ა.შ.”

თუმცა ერთია წიგნის მომზადება და მისი შეთავაზება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის და მეორე - შედეგი, რაც ამ წიგნების გამოცემას უნდა მოჰყვეს. ნათია ჯოხაძე ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით მათ ცენტრს საბავშვო ბაღების მონიტორინგი არ ევალება, თუმცა იგეგმება საბავშვო ბაღების აღმზრდელების ტრენინგ-პროგრამა ახალ წიგნებში წარმოდგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით, რამაც დადებითი შედეგი უნდა მოიტანოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG