Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ კადაფის ძალების წინააღმდეგ ოპერაციის ხელმძღვანელობას სხვებს გადააბარებს


ლიბია
ლიბია
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ლიბიაში მუამარ კადაფის ძალების წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციის ხელმძღვანელობას ვაშინგტონი უახლოეს დღეებში თავის მოკავშირეებს გადააბარებს.

ობამა ამ განცხადებით სალვადორში ყოფნისას გამოვიდა: „ჩვენ გავაგრძელებთ ლიბიელი ხალხის დასაცავად ძალისხმევას, მაგრამ ამ პროცესის ხელმძღვანელები არ ვიქნებით. სწორედ ამას გულისხმობს ის ცვლილება, რომელზეც ვისაუბრე.“
ბარაკ ობამა სალვადორში ყოფნის დროს

პრეზიდენტის თქმით, მოკავშირეები მალე შეძლებენ იმის გამოცხადებას, რომ მიაღწიეს ლიბიის თავზე გაეროს მიერ დაწესებული ფრენის აკრძალვის ამოქმედებას და კადაფის ძალებისგან სამოქალაქო პირების დაცვას.

თუმცა ობამამ დასძინა, რომ თუ კადაფი თანამდებობას არ დატოვებს, ის თავისი ხალხისთვის პოტენციურ საფრთხედ დარჩება.

ობამას ამ სიტყვებს წინ უძღოდა თეთრი სახლის განცხადება იმის თაობაზე, რომ ობამა, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი შეთანხმდნენ, რომ ლიბიის თავზე ფრენის აკრძალვის განხორციელებასა და შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი ნატომ შეასრულოს.
ნატოს წარმომადგენლების თქმით, ნელ-ნელა იკვეთება შეთანხმება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა ფორმით უნდა იკისროს ალიანსმა პასუხისმგებლობა ფრენის აკრძალვის განხორციელებაზე.

გეგმა ითვალისწინებს, რომ ნატოს სამეთაურო სტრუქტურა გამოყენებულ იქნეს საბრძოლო ოპერაციებისთვის, მმართველი ერთეულის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქვეშ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალან ჟუპეს თქმით, ამგვარი ერთეულის შექმნის თაობაზე ამ დღეებში გაიმართება შეხვედრები. მისი განცხადებით, ერთეულში შევლენ ოპერაციაში მონაწილე და არაბული ლიგის სახელმწიფოები.
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ალიანსის 28 წევრმა სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, უზრუნველყონ ლიბიის მიმართ გაეროს მიერ შემოღებული იარაღის ემბარგოს განხორციელება. რასმუსენმა დასძინა, რომ ნატომ ასევე დაასრულა მუშაობა ლიბიის თავზე გაეროს მიერ დაწესებული ფრენის აკრძალვის განხორციელების გეგმაზე, თუ ასეთი გეგმა „საჭირო გახდება“.

იმ ფონზე, როცა მოკავშირეები საერთაშორისო ოპერაციის ხელმძღვანელის შერჩევას ცდილობენ, ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი, კვლავ მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე.

ტრიპოლიში მომხრეთა წინაშე გამოსვლისას მან განაცხადა, ლიბიას და ლიბიელებს „ფაშისტები“ უტევენო და სხვა მუსულმანურ ქვეყნებს მოუწოდა „მონაწილეობა მიიღონ ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში“: „ეს ახალი ჯვაროსნული ომია, ისლამის წინააღმდეგ გამოცხადებული ჯვაროსნული ომი! გაუმარჯოს ისლამს ყველგან! ისლამურო ჯარებო, მიიღეთ მონაწილეობა ბრძოლაში! დემონსტრაციები ეწყობა ყველგან - აზიაში, აფრიკაში, ამერიკაში, ევროპაში! მათ წინააღმდეგ მათივე ხალხი გამოდის! მათ წინააღმდეგ მათივე ხალხი გამოდის!“
ქალაქი ბენღაზი

საერთაშორისო მოკავშირეები ლიბიაზე საჰაერო დარტყმებს განაგრძობენ. შეტევების შედეგად, კადაფის თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მიეცა, მისმა მომხრე ძალებმა კი მეამბოხეთა ბასტიონში - ბენღაზიში - შეღწევა ვერ შეძლეს.

მოდის ცნობები ჰუმანიტარულ კრიზისზეც - მაგალითად, კადაფის ძალების მხრიდან ინტენსიური შეტევის ქვეშ მყოფი ქალაქის, მისურატას მცხოვრებნი აცხადებენ, რომ უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდებათ წყალი, უმთავრდებათ საკვები და დაჭრილებს ვერ უწევენ სამედიცინო დახმარებას.
XS
SM
MD
LG