Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჩინარი (კერძო) სექტორი


დევნილთა ერთ-ერთი საპროტესტო აქციის მონაწილეები
დევნილთა ერთ-ერთი საპროტესტო აქციის მონაწილეები
სახალხო დამცველის 2010 წლის წლიურ ანგარიშში პირველად გაჩნდა ქვეთავი, რომელიც ე.წ. კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილებს ეხება. ეს არის სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მცირე კვლევა, რომელიც რამდენიმე კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემას ისახავდა მიზნად. კერძოდ, რამდენად შეესაბამება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემები რეალობას, არიან თუ არა კერძო სექტორის დევნილები დასაქმებულები ან ჩართულები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პირთა დახმარების სახელმწიფო სოციალურ პროგრამაში. ეს არის პირველი კვლევა ბოლო 18 წლის განმავლობაში, რომელმაც დევნილთა ამ უჩინარი ნაწილის - კერძო სექტორის დევნილების - მთავარი პრობლემები გამოკვეთა.
სტრატეგიის ამა და ამ გეგმის მიხედვით, როდესაც თქვენამდე მოაწევს დაკმაყოფილების თარიღი, მაშინ მიიღებთ, რასაც ითხოვთო...

ეს არის ხალხი, ვისაც არასოდეს უცხოვრია კომპაქტურად, სხვა დევნილებთან ერთად, და დევნილობის 18 წლის განმავლობაში მუდმივად იცვლიდა საცხოვრებელს. ცხოვრობდა ხან ქირით, ხან გირაოთი, გადადიოდა ერთი ნათესავიდან მეორესთან, დროებით ნათხოვარ ბინაში, გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში... ზუსტად ისე, როგორც გალიდან დევნილი ირმა გელანტია, რომელიც ბოლო ხუთი წელია სამინისტროს სახელზე წერილს წერილზე გზავნის ერთადერთი თხოვნით - გამოუყონ საცხოვრებელი ფართი, თუმცა - უშედეგოდ. უკანასკნელად გაგზავნილ წერილზე ირმამ აგვისტოს ომიდან ცოტა ხანში ასეთი პასუხი მიიღო:

”ტრაფარეტული წერილი მივიღეთ, მაგრამ მაინც წერილი, რომელშიც გვიპასუხეს: სტრატეგიის ამა და ამ გეგმის მიხედვით, როდესაც თქვენამდე მოაწევს დაკმაყოფილების თარიღი, მაშინ მიიღებთ, რასაც ითხოვთო. სულ ეგ იყო.”

ეს იყო ერთი წლით ადრე ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე მუსიკალური სკოლის შენობაში ე.წ. ახალ დევნილებთან ერთად შესვლამდე თუ შეჭრამდე, როგორც ამას ხშირად უწოდებენ:

”იქაც იმიტომ შევედით, პირველად ამ 18 წლის მანძილზე, რომ ვეღარ ვიხდიდით ქირას - ეკონომიკური კრიზისი, ომი ერთმანეთს დაემთხვა. ხელფასებით შეუძლებელი იყო ყველაფრის გადახდა, თან როდესაც ორი მცირეწლოვანი შვილი გყავს. ვიფიქრე, ცოტა შეღავათი გვექნებოდა.”

ზუბალაშვილების ქუჩიდან ირმა გელანტიას ოჯახი სხვა დევნილებთან ერთად მალევე გამოასახლეს, თუმცა მისთვის არაფერი შეუთავაზებიათ. მისი ცხოვრება ისევე გაგრძელდა, როგორც მანამდე, მრავალი წლის განმავლობაში მიდიოდა - ხან ქირით, ხან გირაოთი, ხან ნათესავთან... ახლაც ნათესავის ბინაშია. დროებით. საცხოვრებლის მუდმივი ცვლა ნამდვილ კოშმარს დაემსგავსა:

”აფხაზეთის ომის შემდეგ პირველი ორი თვე სამეგრელოში ვიყავით,
ზუგდიდში. მერე აქეთ წამოვედით. დაახლოებით რვა-ცხრა სკოლა მექნება გამოცვლილი ამ დროის განმავლობაში და არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმაც ეს გზა გაიარონ. თავიდან, მახსოვს, ნათესავმა გვიქირავა ბინა დიდუბეში. მერე გლდანში წავედით. მერე წამოვედით მთაწმინდაზე, იმიტომ რომ ტრანსპორტის პრობლემა იყო, ჩემი მშობლები აქეთ მუშაობდნენ.”

სახალხო დამცველის სახელზე მოსული დევნილთა განცხადებების 70% ყოველთვის კერძო სექტორის დევნილებისგან იყო. ეს არის ხალხი, რომელიც დღემდე ელის კონკრეტულ დახმარებას სახელმწიფოსგან...
რადგან ხუთი წლის განმავლობაში სამინისტროს მისამართით გაგზავნილმა ამდენმა თხოვნამ და განცხადებამ არ გაჭრა, ირმამ ცოტა ხნის წინ სასამართლოს მიმართა. ახლა ის სახელმწიფოსგან კომპენსაციას ითხოვს.

კერძო სექტორის დევნილებს არც ისეთ შენობებში უცხოვრიათ, საიდანაც გასულ წელს ასახლებდნენ ხალხს და არც კომპაქტური ჩასახლების სხვა ობიექტებში. მათ არც კომპენსაცია მიუღიათ სახელმწიფოსგან, არც საცხოვრებელი ფართი. ისინი არ შეჭრილან თავისუფალ შენობებში აფხაზეთის ომის შემდეგ, რის უფლებასაც მათ მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანება აძლევდა. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი სოფიო ბენაშვილი, რომელიც კვლევაზე მუშაობდა, ამბობს, რომ დღეს ამ ადამიანების პოვნაც კი ძნელია, რადგან მათ მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ის ფაქტორი, რომ კერძო სექტორის დევნილები არ ჩანან, არ ხმაურობენ, არ ნიშნავს იმას, რომ მათ სხვებზე ნაკლები პრობლემები აქვთ. პირიქით:

”სახალხო დამცველის სახელზე მოსული დევნილთა განცხადებების 70% ყოველთვის კერძო სექტორის დევნილებისგან იყო. ეს არის ხალხი, რომელიც დღემდე ელის კონკრეტულ დახმარებას სახელმწიფოსგან - თავშესაფარს. ჩვენ მიერ გამოკითხულთა 45%-მა თქვა, რომ მათი უმთავრესი პრობლემა უსახლკარობაა, 13% კი ამბობს, რომ უმუშევრობაა ის, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ.”

საინტერესოა, რომ კერძო სექტორში მცხოვრები 279 დევნილი ოჯახიდან, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატმა მიაკვლია, სამინისტროს მიერ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს მხოლოდ 55%. სახალხო დამცველის აპარატმა შეძლო 32%–ის ფაქტობრივი მისამართის დადგენა და საერთოდ ვერ იპოვა ასეთი ოჯახების 12%.

კვლევიდან ჩანს, რომ კერძო სექტორის დევნილების მხოლოდ 17 %-ს აქვს საკუთარი ბინა, ნათესავთან ცხოვრობს 25%, ქირით - 14%. ამავე რაოდენობას ფართი თვითნებურად აქვს დაკავებული. ყოველ წელს საცხოვრებელს იცვლის ამ დევნილთა 10%, 2 წელიწადში ერთხელ კი - 39%.

”რომ შევაჯამოთ, გამოკითხულთა 50% საცხოვრებელს იცვლის წელიწადში ერთხელ ან ორ წელში ერთხელ”, - ანუ ეს არის ხალხი, ამბობს სოფო ბენაშვილი, რომელსაც კერძო საკუთრება არ გააჩნია და დახმარებას სახელმწიფოსგან ელის.

სოფო ბენაშვილს კანონის ხარვეზად მიაჩნია ისიც, რომ კერძო სექტორში მცხოვრები დევნილი, რომელსაც დროებით ნათესავის ბინა უკავია ან ქირით ცხოვრობს, ვერ მოხვდება სოციალურად დაუცველთა პროგრამაში, თუ ამ ბინის პირობები არ არის ძალიან ცუდი.

სახალხო დამცველის გადაუდებელ რეკომენდაციებს შორისაა კერძო სექტორის დევნილების შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება. სამინისტროში ამბობენ, რომ მათ მშვენივრად იციან ყველა დევნილის პრობლემა, თუმცა მინისტრი კობა სუბელიანი პროცესის შემაფერხებელ მთავარ მიზეზად აგვისტოს ომს ასახელებს და ამბობს, რომ ის, რაც ფორსმაჟორულ პირობებში გაკეთდა, წლების წინ წარმოუდგენელი იყო:

”ჩვენ შევძელით 17 წლის მანძილზე ხელმოუკიდებელი პრობლემის წელში გადატეხა, რასაც ჰქვია დევნილთა ცუდი მდგომარეობის გაუმჯობესება, და ეს კიდევ ზღვაში წვეთია. კიდევ ბევრი ოჯახი საჭიროებს დახმარებას, რომლებთანაც ჯერ ვერ მივაღწიეთ. ერთ დღეში არ კეთდება ყველაფერი, მაგრამ ყველასთან მივალთ. ვერავინ წარმოიდგენდა იმ 25 000 ოჯახისთვის პირობების გაუმჯობესებას, რაც ჩვენ შევძელით უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.”
ვისაც უძრავი ქონება არ გააჩნია, მათ საცხოვრებელ ფართებს შევთავაზებთ; ვისაც აქვს, შესაძლოა მათ შევთავაზოთ ამ საცხოვრებლის გარემონტება ან სამშენებლო მასალით დავეხმაროთ...

ამ 25 000-ის რიგებში არ არის არც გულრიფშის რაიონის სოფელ ლათადან დევნილი ვენერა გერლიანი, რომელიც ახლა ხობში, ერთ-ერთ დასთან ცხოვრობს.

”რატომ არაფერს ამბობს მინისტრო კობა სუბელიანი კერძო სექტორზე? აქ თუ ჩამოვა, ვერც მოასწრებ მიხვიდე და რამე უთხრა, უცებ და ჩუმად ჩამოდის და მიდის. არადა, დრო გადის და ჩვენთვის არაფერი იცვლება. ამდენი წელია მოხეტიალე ცხოვრებას ვეწევი. ქირითაც ვერ ვიცხოვრებ - ამ 28 ლარით რა უნდა ვიქირაო? სანამდე შეიძლება სხვის ოჯახებში, სხვისი ჰაერის სუნთქვა...”

სამინისტროს პასუხი ცალსახაა: კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების დაკმაყოფილება მოხდება სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიხედვით, სადაც კერძო დევნილების დაკმაყოფილების თარიღად 2012 წელია მითითებული. თუმცა სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ ესაიაშვილი იმასაც ამბობს, რომ სამოქმედი გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, რომელშიც, რეალობის გათვალისწინებით, კიდევ შეიძლება რამე შეიცვალოს. დღეს არსებული გეგმით კი კერძო სექტორის დევნილებისათვის - იმის მიხევდით, ვინ სად ცხოვრობს - სხვადასხვა ღონისძიებებია გათვალისწინებული:

”ვისაც უძრავი ქონება არ გააჩნია, მათ საცხოვრებელ ფართებს შევთავაზებთ; ვისაც აქვს, შესაძლოა მათ შევთავაზოთ ამ საცხოვრებლის გარემონტება ან სამშენებლო მასალით დავეხმაროთ; ვისაც მიწა აქვს და სახლი არა, შესაძლოა მშენებლობაში დავეხმაროთ... და ეს ყველაფერი დაიწყება 2012 წლიდან”, - აცხადებს მარიამ ესაიაშვილი.

მისი ინფორმაციით, დღეს კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები ერთად დევნილი მოსახლეობის 60%-ს შეადგენენ - ეს არის სულ 157 000 ადამიანი, 53 000 ოჯახი.

დაბოლოს, ვიტყვით იმასაც, რომ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ბევრმა დევნილმა უკვე ზეპირად იცის, ისევე როგორც ირმა გელანტიამ:

”ამ სამოქმედი გეგმაში რაც წერია, ორი სიტყვის კომბინაცია რომ ყოფილიყო დაცული, ალბათ, მოსახლეობაში ასეთი უნდობლობა და უარყოფითი შეგრძნებები არ იქნებოდა...“

და, ალბათ, არც კერძო სექტორის დევნილებს ექნებოდათ განცდა, რომ მათ ვერავინ ხედავს, რომ ისინი ამ 18-მა წელმა უჩინარი გახადა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG