Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაბილიტირებული მუზეუმი დამთვალიერებელს 26 მაისს ელის


ნიკოლოზ რურუა, დავით ლორთქიფანიძე
ნიკოლოზ რურუა, დავით ლორთქიფანიძე
18 მაისს მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღეს ზეიმობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულებაც სწორედ ამ თარიღს უკავშირდება.

რუსთაველის 3 ნომერში 1929 წელს აგებული სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია 2007 წელს დაიწყო. სულ რამდენიმე დღეში, 26 მაისს, დამთვალიერებელს საშუალება ექნება განახლებულ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ დარბაზში არქეოლოგიური საგანძურის გამოფენა მოინახულოს...

თუმცა, სანამ მუზეუმი პირველ დამთვალიერებელს მიიღებს, მანამდე მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებსა და კულტურის მინისტრს, ნიკოლოზ რურუას, პირადად დაათვალიერებინა რეაბილიტირებული საგამოფენო დარბაზები, საზოგადოებრივი სივრცეები და მუზეუმის საცავები. მისი განმარტებით, დარბაზები ცენტრალური კლიმატ-კონტროლის სისტემით აღიჭურვა, გაუმჯობესდა ფონდების შენახვის პირობები. 3 დროებითი და 20 მუდმივმოქმედი დარბაზი ეტაპობრივად გაიხსნება.

დარბაზებში ჯერ ისევ დგას საღებავებისა და სხვადასხვა სამშენებლო მასალის სუნი. ხელოსნები ბოლო შტრიხებს ასწორებენ. ზუსტად რვა დღეში მუზეუმი პირველ დამთვალიერებელს მიიღებს:

შესაძლებელი გახდა სტენდებზე ექსპლიკაციების ამოყვანა, რაც ვიზიტორს საშუალებას აძლევს, გიდის გარეშე დაათვალიეროს გამოფენა...
- რას აკეთებთ?
- რას ვაკეთებთ და დამონტაჟებულ ელექტროგანათების პროჟექტორებს ვანათებთ. აქ ყველაფერი გამოფენისთვის მზადდება.

მაღალ კიბეზე, თითქმის ჭერში ასული ხელოსანი ელექტროგაყვანილობას აწესრიგებს: ხუმრობა ხომ არ არის, სწორედ ამ განათებამ უნდა უზრუნველყოს ისეთი საგანძურის საუკეთესოდ წარმოჩენა, როგორიც არის, მაგალითად, ძვ.წ.აღ-ით VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, საყურეები სამთავროს სამაროვნიდან ან საკიდი სიმაგრის ნამოსახლარიდან ან, სულაც, სამკაული ურბნისის სამაროვნიდან. არქეოლოგიური საგანძურის საგამოფენო დარბაზი თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვაო, ამბობს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ჟურნალისტებსა და კულტურის მინისტრს, ნიკოლოზ რურუას, ერთ-ერთ საგამოფენო სტენდთან ეპატიჟება. სტენდი ჯერ ცარიელია:

”თვითონ მასალა, რაზეც ნივთები იქნება დამაგრებული, პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და ის არასდროს არ შევა რეაქციაში იმ ექსპონატთან, რომელიც გამოფენილი იქნება, ანუ მას არ დააზიანებს. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა სტენდებზე ექსპლიკაციების ამოყვანა, რაც ვიზიტორს საშუალებას აძლევს, გიდის გარეშე დაათვალიეროს გამოფენა”, - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.

სანამ ეროვნული მუზეუმის დირექტორი ჟურნალისტებსა და კულტურის მინისტრს არქეოლოგიური საგანძურის საგამოფენო დარბაზში შეგვიპატიჟებდა, შესასვლელში, აი, ასეთი დახასიათება მისცა კონკრეტულად ამ ერთ საგამოფენო დარბაზს:

”ხშირად მეკითხებოდნენ ხოლმე, რას შეგიძლია მიაღწიოო და ყოველთვის ვამბობდი, რომ შეიძლება ლუვრი ვერ გახდეს აქაურობა, მაგრამ ერთი დარბაზი მაინც გვექნება მისნაირი, თუმცა ამ ერთზე არ გავჩერდებით.”

ჩვენ გვინდა კოლექციები ჩამოვიტანოთ საზღვარგარეთიდანაც, იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება ცოცხლად იხილონ ის, რაც მხოლოდ ალბომებსა და ტელევიზორებში უნახავთ...
ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის სახელობის ფოტოარქივის რეაბილიტირებული ფონდის მონახულებისას კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ე.წ. სამგანზომილებიანი ფოტოებით ინტერესდება და მათ უკეთ დასანახად სპეციალურ სტერეოსათვალეს ირგებს. მეოცე საუკუნის დასაწყისის ქალაქელი ქალები ქუჩაში სეირნობენ:

„რა საინტერესოა, წინა ფიგურებს უკან სახლების ფონი აქვს, შუაში კი დისტანციაა...“

მუზეუმის იარაღის ფონდში, ერეკლე მეფის ხმლის შესწავლის შემდეგ, რომელიც მას ნადირ შაჰმა აჩუქა, ნიკოლოზ რურუამ რადიო თავისუფლებას მუზარადებისა და რკინის აბჯრების გარემოცვაში მცირე ინტერვიუ მისცა:

”ძალიან ლამაზი და საინტერესო ექსპონატებია - მაშინდელი fashion. ჩვენი მუზეუმისათვის მრავალფეროვნება არ იქნება ძნელი მისაღწევი. კოლექციების სიმრავლე იძლევა იმის საშუალებას, რომ იყოს ხშირი ცვლა. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა კოლექციები ჩამოვიტანოთ საზღვარგარეთიდანაც, იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება ცოცხლად იხილონ ის, რაც მხოლოდ ალბომებსა და ტელევიზორებში უნახავთ.”

სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ტერიტორიაზე განახლდა მუზეუმის ეზოც, რომელიც, როგორც დავით ლორთქიფანიძე ამბობს, ნებისმიერი მსურველისათვის ღია იქნება და იქ შესვლისათვის ბილეთი არ იქნება საჭირო:

”ამ ეზოში ადამიანი უბილეთოდ, მუზეუმში შემოუსვლელად მოხვდება. თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ისინი მუზეუმშიც შემოვიყვანოთ.”

კიდევ ერთი განმარტება დავით ლორთქიფანიძისაგან მათთვის, ვინც გადაწყვეტს მუზეუმში შესვლას:

”აქაურობა გახდა მაქსიმალურად მნახველზე ორიენტირებული, სადაც ყოველთვის დინამიკა იქნება. გარდა ამისა, სულ იყო საუბარი სუვენირების წარმოებაზე და განსაკუთრებით იმაზე, თუ სად უნდა გავრცელებულიყო ისინი. მუზეუმში გაიხსნა ორი თანამედროვე ტიპის მაღაზია. ეს არის ერთიანი სისტემა, რომელიც, მთლიანობაში, მემკვიდრეობას მოემსახურება.”
ჩვენ ვამზადებთ ისეთი ტიპის პაკეტს, რომელიც, მაგალითად, მასწავლებლებს ან ოჯახებს საშუალებას მისცემს, არა მარტო დაათვალიერონ გამოფენები, არამედ გაცილებით საინტერესოდ გაატარონ მუზეუმში დრო...


და აქვე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ეროვნულ მუზეუმში მოქმედებს საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც სამუზეუმო კოლექციების თემატიკის გარშემო სხვადასხვა ტიპის პროგრამას ამზადებს: პროგრამების შესახებ რადიო თავისუფლებას ცენტრის ხელმძღვანელი ნინო გედევანიშვილი ესაუბრება:

”ჩვენ ვამზადებთ ისეთი ტიპის პაკეტს, რომელიც, მაგალითად, მასწავლებლებს ან ოჯახებს საშუალებას მისცემს, არა მარტო დაათვალიერონ გამოფენები, არამედ გაცილებით საინტერესოდ გაატარონ მუზეუმში დრო. ეს პროგრამები ძალიან მარტივია და არანაირი წინასწარი მომზადება მას არ სჭირდება.”

ესეც ასე. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმმა თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ხარაჩოები ჩამოიხსნა. ექსპონატები დამთვალიერებლებს ელიან.
XS
SM
MD
LG