Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უტიაშვილი: „პოლიცია იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა“


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მომიტინგის მონაწილეებს პოლიციამ და ქალაქის მერიამ არაერთხელ თხოვა, შეერჩიათ ნებისმიერი სხვა ადგილი მიტინგისთვის, რასაც, უტიაშვილის თანახმად, ისინი, სამწუხაროდ არ დათანხმდნენ, რის შედეგად, პოლიცია იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა მას შემდეგ, რაც არაერთხელ „გააფრთხილა მომიტინგეები მოსალოდნელის შესახებ“.
მომიტინგეთა ერთმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, თქვა უტიაშვილმა ბრიფინგზე, ორგანიზატორების ერთმა ნაწილმა მიტინგი დატოვა სამწუხაროდ ისე, რომ მანქანებით დიდი სიჩქარით გაიარა ხალხის მასაში, რის შედეგადაც გარდაცვლილია ერთი პოლიციელი. შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, არის დაშავებული 19 ადამიანი, არც ერთის მდგომარეობა მძიმე არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბრიფინგის ბოლოს თქვა, რომ „საქართველოს მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, ოღონდ ეს თავისუფლება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონის და საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში“. შოთა უტიაშვილს, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ დაკავებულია „ინტერსპრესნიუსის" ჟურნალისტი, ხომ არ აქვს ინფორმაცია, პასუხი არ გაუცია.
XS
SM
MD
LG