Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლით დასრულებული აქციის ქრონიკა


“სახალხო კრების” სანქცირებული აქციების ვადა 25 მაისს ღამის 12 საათზე ამოიწურა. 26 მაისის დადგომისთანავე, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები სულ რამდენიმე წუთში წყლის ჭავლით, მხუთავი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს. თვითმხილველთა ინფორმაციითა და სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სააგენტოების მიერ გავრცელებული ფოტოებისა თუ კადრების მიხედვით, სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.


26 მაისი, ღამის პირველი საათი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს 00:10 წუთზე, მას შემდეგ, რაც აქცია არასანქცირებული გახდა, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან გაათავისუფლა; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, აქციის რამდენიმე მონაწილეა დაკავებული, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინსტრო.

რამდენიმე ხანშივე ხდება ცნობილი, რომ აქციის დაშლას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დააკავეს აქციის რამდენიმე ორგანიზატორიც, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოგვიანებით ყველა გაათავისუფლეს. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებულთა და დაზარალებულთა შორის ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. მოგვიანებით რადიო თავისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციას თაზო კუპრეიშვილი, ”ნეტგაზეთის”ჟურნალისტი უდასტურებს:

„იყო კვამლი. ისროდნენ რეზინის ტყვიებს, დავიწყე ყვირილი, ჟურნალისტი ვარ და გამიშვით-მეთქი, მაგრამ ჩემმა ყვირილმა არ გაჭრა. ალყა შემომარტყა ათამდე სპეცრაზმელმა და დამიწყეს ცემა.“


26 მაისი, დილის 9 საათი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ბრიფინგს მართავს. მისი განცხადებით, სახალხო კრების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აქციის დაშლის დროს, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილების საშუალებით რუსთაველის გამზირი დატოვა. მისი ესკორტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი - ერთი პოლიციელი, ერთი კი აქციის მონაწილე - გარდაიცვალა, დაშავდა კიდევ ოთხი პოლიციელი. ოფიციალური მონაცემებით, მიტინგის დაშლის დროს დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის - 8 პოლიციელი, 1 ჟურნალისტი და 27 სამოქალაქო პირი:

“შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი და მოქალაქე ნოდარ ცხადაძე. პირველადი დათვალიერებით, ორივე მათგანს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები, რაც დამახასიათებელია ავტოსაგზაო შემთხვევებისას.”


26 მაისი, დილის 12 საათი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი მორიგ ბრიფინგს მართავს და დაკავებულთა შესახებ ოფიციალურ, სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს:

“ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება 90-მდე ადამიანი, რომლებსაც შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 2 თვის ვადით. რამდენიმე მათგანზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აქციის ორგანიზატორები დაკავებულები არ არიან. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ აქციის ორგანიზატორთა ნაწილი განიხილავდა მასობრივი არეულობისა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას.”

მტკიცებულებებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო შოთა უტიაშვილის განცხადებიდან რამდენიმე წუთში ავრცელებს. ფარული აუდიოჩანაწერის მთავარი გმირები სახალხო კრების ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე არიან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ჩანაწერიდან ისმინება, დედა-შვილი სამოქალაქო ომის შესაძლებლობას განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ნინო ბურჯანაძე და მისი ვაჟი, ანზორ ბიწაძე, ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა გზას განიხილავენ, მათ შორის, სამოქალაქო ომსა და სისხლის ღვრას. ბიწაძე „ეგვიპტის სცენარს" უჭერს მხარს და აღნიშნავს, რომ მიზნის მისაღწევად 100-500 კაცის სიკვდილიც ღირს. ბურჯანაძე ფიქრობს, რომ რუსეთის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება პოლარიზებულია და პროცენტულად 50-50-ზეა. მათი ვარაუდით, აქციაზე 30 000 მხარდამჭერი გამოვა. ბიწაძის შეფასებით, ჯარი სუსტია და იმ შემთხვევაში, თუ კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბატალიონი სროლას გაბედავს, მათ რუსეთის სამხედრო დაზვერვის - გრუს - სპეცნაზთან მოუწევს საქმის დაჭერა.

აქციის დაშლის შემდეგ, რამდენიმე საათში ანზორ ბიწაძე სამართალდამცავებმა რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მაშინ დააკავეს, როდესაც დაშავებულთა სანახავად დედასთან, ნინო ბურჯანაძესთან ერთად იყო მისული, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. როგორც შოთა უტიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ანზორ ბიწაძის პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას.

ფარული ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ნინო ბურჯანაძე შსს-ს მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების ავთენტურობის შესახებ ეჭვს გამოთქვამს. მისი განცხადებით, შეიძლება მსგავსი სიტყვები და ფრაზები სხვადასხვა დროს ყოფილიყო ნათქვამი, თუმცა ერთ კონტექსტში არ ყოფილა. მანვე განაცხადა, რომ მსგავსი მეთოდებით სააკაშვილი ვერაფერს მიაღწევს და ის მაინც გააგრძელებს ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ.


26 მაისი, შუადღის 2 საათი.

რადიო თავისუფლებაში სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი მოდის და მეუღლისა და ძმის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ითხოვს:

“მივმართავ ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროს, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, აიყვანონ ეს საქმე საკუთარი მონიტორინგის ქვეშ, მოიძიონ ეს ადამიანები - სად არიან, ცოცხლები არიან თუ მკვდრები.”
.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ირაკლი ბათიაშვილი და მისი ცოლისძმა დაკავებულები არ არიან:

“ბათიაშვილი არ გვყავს დაკავებული, არც დაგვიკავებია, არც გვინახავს და არ ვიცით არაფერი მისი ადგილსამყოფელის შესახებ.”
XS
SM
MD
LG