Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტური სოლიდარობისა და ომბუდსმენის ანგარიშის კვირა


გასული კვირა ქართული პრესისთვის უჩვეული სოლიდარობის აქციით დაიწყო. 13 ივნისის გაზეთებისა თუ ჟურნალების პირველი გვერდი სოლიდარობის შესახებ იუწყება. კერძოდ, ბეჭდური პრესის ნაწილმა გაზეთების პირველ გვერდზე გამოტანილი ორი სიტყვით - ”სოლიდარობა "მედიაპალიტრას”!- გამოხატა ეჭვი, რომ “მედიაპალიტრაში” შემოსავლების სამსახურის შესვლა შემოწმების მიზნით შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო „პალიტრის” მიერ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის გაშუქებასთან, და თანადგომა გამოუცხადა მას.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რაც ხდება, და ვართ სოლიდარულები ”მედიაპალიტრასთან”...

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა თქვა, რომ გაზეთმა სოლიდარობა „მედიაპალიტრას“ სწორედ ამ ეჭვის გამო გამოუცხადა:

”ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რაც ხდება, და ვართ სოლიდარულები ”მედიაპალიტრასთან”. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუ როგორ წარიმართება პროცესები, რა ხდება დღეს, რა იქნება ხვალ.”

„რეზონანსის“ მსგავსად, „მედიაპალიტრის“ მიმართ სოლიდარულნი იყნენ გაზეთები "ახალი თაობა", "ვერსია", "ასავალ-დასავალი", ჟურნალი "ლიბერალი", ჟურნალი ”რეიტინგი”, სპორტული გაზეთები ”ოლიმპი”, ”მსოფლიო სპორტი”, ”ლელო” და არაერთი რეგიონალური გამოცემა. 13 ივნისს ყოველდღიური ფორმატით გამოვიდა გაზეთი ”24 საათი”. გაზეთის რედაქტორმა და გამომცემელმა პაატა ვეშაპიძემ თქვა, რომ სოლიდარობის აქციის შესახებ მას არაფერი სმენია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ”24 საათი” მაინც არ მიიღებდა აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას.
Monterrey

გასული კვირის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკული ანტისარაკეტო კრეისერის - ”მონტერეის” (Monterrey) - შავ ზღვაში შესვლის გამო. რუსეთს არ სჯერა, რომ კრეისერის შემოსვლა უკრაინულ-ამერიკულ წვრთნებს ”სი ბრიზ 2011”-ს (Sea Breeze 2011) უკავშირდება. კრემლში ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატები, ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის გზაზე, დემონსტრაციულად უპირისპირდება რუსეთის უსაფრთხოებას.

”ჩვენი შეშფოთება კვლავაც იგნორირებულია და ანტისარაკეტო თავდაცვის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საუბრების საფარველქვეშ ევროპაში მიმდინარეობს სწორედ იმ ანტისარაკეტო კონფიგურაციის ფორმირება, რომლის სახიფათო შედეგებზეც ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორები”, - ნათქვამია 12 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში.
ეჯისის სისტემა, რომელიც ასეთ გემებზეა განთავსებული, ერთიანი საინფორმაციო ცენტრია და ინფორმაცია ხომალდებს შორის იცვლება...

ამერიკულ კრეისერზე, რომლის შავ ზღვაში გამოჩენამაც ასე გააღიზიანა მოსკოვი, დამონტაჟებულია ანტისარაკეტო სისტემა ”ეჯისი” (Aegis), რაც ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ერთ-ერთ მობილურ შემადგენელს წარმოადგენს. სწორედ ამ სისტემის ქმედითობას მიაწერს მოსკოვის გაღიზიანებას სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი:

”ეჯისის სისტემა, რომელიც ასეთ გემებზეა განთავსებული, ერთიანი საინფორმაციო ცენტრია და ინფორმაცია ხომალდებს შორის იცვლება. ეს სისტემა რადარების საშუალებით რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე აღმოაჩენს სტარტაღებულ რაკეტებს ან სხვა მფრინავ საშუალებებს. შემდეგ ხდება ამ მონაცემების დამუშავება მძლავრ კომპიუტერულ სისტემაში და ინფორმაცია გადაეცემა ამავე ხომალდების ბორტზე დაყენებულ საზენიტო რაკეტებს, რომლებმაც უნდა გააუვნებელყონ ესა თუ ის მფრინავი ობიექტი. თუკი ასეთი ერთიანი მობილური სისტემა შეიქმნა, რაც ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შემადგენელ ნაწილად განიხილება, მაშინ საკმაოდ სერიოზულ მოგებას ნახავს დასავლეთი. და სწორედ ამას უფრთხიან მოსკოვში.”

14 ივნისს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ისმენდნენ ”საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” სახალხო დამცველის დაახლოებით 400-გვერდიანი ანგარიშის მოკლე მიმოხილვას, რომელიც 2010 წელს არსებულ მდომარეობას ასახავს. 2010 წლის მოვლენების გარდა, სახალხო დამცველის ყურადღება 14 ივნისს საგანგებოდ გამახვილდა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის ფაქტზე. სახალხო დამცველის ანგარიშზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტთან და ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ ინიცირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურა გადაიდო.
თუკი მადლობას უხდის უმრავლესობა სახალხო დამცველს, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და მოტანილ ფაქტებზე მოახდინოს ადეკვატური რეაგირება ...

პარასკევს, 17 ივნისს კი, პარლამენტმა ტრადიცია არ დაარღვია და სახალხო დამცველის ანგარიში მხოლოდ ცნობად მიიღო. დადგენილების პროექტს კი, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს დაევალა განახორციელოს მონიტორინგი სახალხო დამცველის მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციასა და რეკომენდაციების შესრულებაზე, მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხუთი წავიდა. მანამდე პარლამენტმა ალტერნატიულ დადგენილებას უყარა კენჭი რომელიც ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრებმა შეიმუშავეს. პროექტს მხოლოდ 7-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის კომენტარი:

„ჩვენი პროექტის განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ თუკი მადლობას უხდის უმრავლესობა სახალხო დამცველს, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და მოტანილ ფაქტებზე მოახდინოს ადეკვატური რეაგირება, ანუ კონკრეტული თანამდებობის პირები უნდა დაისაჯონ. ჩამოთვლილი გვაქვს კონკრეტული გვარები, ათეულობით გვარი, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ისევ მხოლოდ მოვისმინეთ ანგარიში და მხოლოდ ცნობად მივიღეთ ის.“

ოპოზიცია ასევე მოითხოვდა ომბუდსმენის ანგარიშში დასახელებული კანონდარღვევის ფაქტების გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტეს, რომ ცალკეულ ფაქტებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, რაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს სახალხო დამცველის ანგარიშზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებად.
ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მივიღოთ კონკრეტული შედეგი...

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას აპირებს. უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ საგნების ჩამონათვალი, რომელთა ქონაც ეკრძალებათ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს. გარდა ამისა, მკაცრდება ადგილის შერჩევისა და აქციის მონაწილეთა ქცევის წესები, კვლავ შემოდის ეგრეთ წოდებული 20-მეტრიანი შეზღუდვა, რომელიც სასამართლოებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობებთან აქციების გამართვისას უნდა იქნეს დაცული. ცვლილებას არასამთავრობოები და ოპოზიცია აკრიტიკებენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი ცვლილებების ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარს შეიტანს.

16 ივნისს საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ ტაქტიკის შეცვლის შესახებ გააკეთა განცხადება. „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ბოლომდე ამოწურული არ არის. კაციტაძის ამ განცხადებამ, ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა „რვიანის“ მიერ 7 ივნისს გამოცხადებულ მოქმედების გეგმას, რომელიც საპროტესტო აქციების ჩატარებასა და პლებისციტის გამართვას ითვალისწინებდა.
მამუკა კაციტაძე

”ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მივიღოთ კონკრეტული შედეგი. პირადად ახალი მემარჯვენეები ვეცდებით, რომ ჩვენს ხელთ არსებული კონტაქტები, ურთიერთობები, საშუალებები ხელისუფლებასთან მაქსიმალურად გავააქტიუროთ, რათა მივიღოთ მათგან კონკრეტული პასუხი და ეს პასუხი იყოს პოზიტიური და შეთანხმებისკენ მიმავალი. ეს არის „რვიანის“ უმთავრესი თემა.“
ეს გაერთიანება ერთადერთი მოტივით შეიქმნა: მოლაპარაკება ხელისუფლებასთან ერთიანი პოზიციით...

მამუკა კაციტაძის მიერ გახმაურებული „ახალი მემარჯვენეების“ ეს ინიციატივა მოულოდნელი აღმოჩნდა გაერთიანებაში შემავალი ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლისათვის. ქრისტიან- დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ამბობს, რომ ხელისუფლებასთან ინდივიდუალური კონტაქტების გაბმა წერტილს უსვამს „რვიანის“ არსებობას.

„ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ „რვიანი“ აღარ არსებობს, იმიტომ რომ ეს გაერთიანება ერთადერთი მოტივით შეიქმნა: მოლაპარაკება ხელისუფლებასთან ერთიანი პოზიციით. თუკი იწყება ინდივიდუალური მოლაპარაკება, ეს ნიშნავს, რომ „რვიანი“ დაიშალა“, - უთხრა ლევან ვეფხვაძემ რადიო თავისუფლებას.

გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა არ გამორიცხა, რომ ოპოზიციურ „რვიანთან“ მოლაპარაკებები შესაძლოა ზაფხულში უმრავლესობის მხრიდან გარკვეული დათმობებით დასრულდეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG