Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა დასახლებებში შეიქმნა სამკერვალო საამქროები


სამკერვალო საამქრო
სამკერვალო საამქრო
30 დევნილი სამკერვალო საამქროებში დასაქმდა. ამერიკის საელჩოს ფინანსური დახმარებით ხურვალეთის, შავშვებისა და ბერბუკის დევნილთა დასახლებებში შეიქმნა სამკერვალო საამქროები. პროექტს სათემო ფონდი - „ადგილის დედა“ - ახორციელებს. ახალ საამქროებში პირველი პროდუქცია უკვე შეიქმნა. შეიკერა ლოგინის თეთრეულის 450 კომპლექტი და დასახლებებში მცხოვრებ ყველა ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცა.

სათემო ფონდ „ადგილის დედის“ თავმჯდომარის გიორგი ძამუკიშვილის ინფორმაციით, ამ საწარმოებს უკვე მიღებული აქვთ იურიდიული პირის სტატუსი და დამოუკიდებლადაც შეძლებენ საქმიანობის განხორციელებას.

საამქროების შექმნამდე ჯერ სათემო საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა, თითოეული 10 წევრის შემადგენლობით. ამ ჯგუფისთვის შეძენილ იქნა საოფისე აღჭურვილობა. პირველ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფებთან განხორციელდა სასწავლო პროგრამა. სემინარებისა და ტრენინგების დასრულების შემდეგ საინიციატივო ჯგუფები სათემო გაერთიანებებად გარდაიქმნა. ბოლოს სამკერვალო საამქროები შეიქმნა, ისინი აღიჭურვა შესაბამისი დანადგარებით.

მელანო ბაბუციძე ხურალეთის სამკერვალო საამქროში დასაქმდა. ამ საქმიდან მის ოჯახს შემოსავალი გაუჩნდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი სინთია უიტლსი აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობა დევნილთა დასახლებებში არაერთ პროექტს ახორციელებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ დევნილებისგან წამოსული საინიციატივო წინადადებებია.

პროექტის დასრულების შემდეგ სამკერვალო საამქროები დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას და პირველ შეკვეთებს დაელოდებიან.
XS
SM
MD
LG