Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კრეისერი - ბათუმში, მეტი სიბრაზე - მოსკოვში


”მონტერეი” ბათუმის პორტში
”მონტერეი” ბათუმის პორტში
ამერიკული ანტისარაკეტო კრეისერის ”მონტერეის” (Monterey) შესვლამ ბათუმის პორტში მოსკოვის დიდი გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადებაში ჩანს, მოსკოვის გაღიზიანების მიზეზს მხოლოდ ”მონტერეი” არ წარმოადგენს. ვაშინგტონის მისამართით ისმის ბრალდება საქართველოს ”რევანშისტული მისწრაფებების” წახალისების თაობაზე.
”მონტერეი” მოქმედებს შავი ზღვის არეალში შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი საზვაო წვრთების ჩატარების მიზნით...

სამი დღით ადრე, ვიდრე ამერიკული კრეისერი ”მონტერეი” ბათუმის პორტში გამოჩნდებოდა, შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 17 ივნისს საგანგებო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „’მონტერეი’ მოქმედებს შავი ზღვის არეალში შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი საზვაო წვრთების ჩატარების მიზნით.” ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები საზღვაო ძალების გემებს შავ ზღვაში ”უკვე მრავალი წელია რეგულარულად” გზავნის, ”რაც გამოხატავს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და საზღვაო უსაფრთხოებისადმი აშშ-ის მხარდაჭერას."

ასეთი განმარტებები არადამაჯერებელია მოსკოვისთვის და ეს კარგად ჩანს 21 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც. მოსკოვის შთაბეჭდილებით, ამერიკული საბრძოლო გემი საქართველოს პორტში, ბათუმში, ”დემონსტრაციულად შევიდა”:

”რა განმარტებებიც უნდა მიეცეს შესვლის მიზანს, ნათელია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამას აღიქვამს მისი რევანშისტული მისწრაფებების წახალისებად რუსეთის მოკავშირეების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - წინააღმდეგ. და ეს ხელს არ შეუწყობს სტაბილურობის განმტკიცებას რეგიონში. აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის ერთჯერად ვიზიტზე - ამ წლის 9 ივნისს იქ იმყოფებოდა სარაკეტო კრეისერი ‘ანციო’.“
ეს ცხადყოფს, რომ მთლიანად რეგიონი - და, მათ შორის, საქართველო - ძალიან დიდ ყურადღებას იმსახურებს...

რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებაში აუგად მოხსენიებული ამერიკული კრეისერი ”ანციო” (Anzio) ბათუმის პორტში 9-დან 12 ივნისამდე იდგა და მისი ეკიპაჟი საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად მონაწილეობდა წვრთნებში - გემების დაზიანების აღმოფხვრისა თუ სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოს მიმართულებებით.

როგორც შეერთებული შტატების საელჩოს ჩვენ მიერ უკვე ხსენებული განცხადებიდან ირკვევა, ”მონტერეიც” სწორედ ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად მოქმედებს შავ ზღვაში და ასეა საქართველოსთან მიმართებითაც.

ამერიკის ამგვარი მიდგომებითა და აქტიურობით სავსებით კმაყოფილია თბილისი. მაგალითად, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა 20 ივნისს, ეს ყველაფერი ვაშინგტონის განსაკუთრებული დამოკიდებულების მაჩვენებელია:

”ეს ცხადყოფს, რომ მთლიანად რეგიონი - და, მათ შორის, საქართველო - ძალიან დიდ ყურადღებას იმსახურებს და სწორედ რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ყურადღების ცენტრში იმყოფება.”

თბილისში თვლიან, რომ საერთაშორისო მასშტაბების ერთობლივი წვრთნების ჩატარება ამ წვრთნებში მონაწილე სახელმწიფოების გადასაწყვეტია და რომ გარეშე სახელმწიფოს - ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციას - ამ პროცესებში ჩარევის არანაირი უფლება არა აქვს.
უყურადღებოდ არ დავტოვებთ შეერთებული შტატების სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამოჩენას ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს...

”მონტერეი” (Monterey) , რომელიც ძირითადად ხმელთაშუა ზღვაში დაცურავს, შავ ზღვაში დაახლოებით 2 კვირის წინ შევიდა და მოსკოვის პირველი გაღიზიანებაც სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. მოსკოვში არც მაშინ დაიჯერეს, რომ ”მონტერეის” შესვლა შავ ზღვაში უკავშირდებოდა უკრაინულ-ამერიკულ წვრთნებს ”სი ბრიზ 2011”-ს (Sea Breeze 2011), რომელიც 6-დან 18 ივნისამდე მიმდინარეობდა და რომელშიც, სხვა 16 ქვეყანასთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოც.

საპროტესტო განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 12 ივნისს გამოჩნდა, ბევრმა მოსკოვის პირდაპირი მუქარაც კი ამოიკითხა:

”რუსეთის მხარემ არაერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ უყურადღებოდ არ დავტოვებთ შეერთებული შტატების სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამოჩენას ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს და ასეთ ნაბიჯებს მივიღებთ როგორც მუქარას ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ. იძულებული ვართ აღვნიშნოთ, რომ ჩვენი შეშფოთება კვლავაც იგნორირებულია და რომ, ანტისარაკეტო თავდაცვის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საუბრების საფარქვეშ, ევროპაში მიმდინარეობს სწორედ იმ ანტისარაკეტო კონფიგურაციის ფორმირება, რომლის სახიფათო შედეგებზეც ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორები.”

მოსკოვი არ მალავს, რომ ”მონტერეი” მის განსაკუთრებულ გაღიზიანებას ხომალდზე დამონტაჟებული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ”ეჯისის” (Aegis) გამო იწვევს. ექსპერტი სამხედრო საკითხებში თემურ ჩაჩანიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ”ეჯისის” სისტემით აღჭურვილი ”მონტერეი” გლობალური და სტრატეგიული მნიშვნელობის ხომალდია:
თემურ ჩაჩანიძე

”ეს სისტემა უზრუნველყოფს ერთდროულად რამდენიმე სამიზნის აღმოჩენას და შემდეგ მას შეუძლია განსაზღვროს, რომელი უნდა ჩამოაგდოს პირველ რიგში და რომელი მომდევნო ეტაპზე. ეს არის, ასე ვთქვათ, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ერთ-ერთი მობილური შემადგენელი ელემენტი. რუსები სწორედ ამ სისტემის გამო არიან ალიაქოთში.”

თუმცა ”ეჯისის” სისტემის შიშზე მეტად რუსეთის ამგვარი შეშფოთების უკან ექსპერტები უფრო მოსკოვის მიერ სამომავლო თადარიგის დაჭერის მცდელობას ხედავენ. მათთვის აშკარაა, რომ კრემლს არ სურს იხილოს ამერიკული ხომალდების აქტიურობა შავ ზღვაში, რომელიც მას საკუთარი გავლენის ზონად მიაჩნია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG