Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ სომხეთმა მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ სომხეთმა მხარი არ დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების უფლებას აღიარებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, სომხეთი საქართველოს ოფიციალურ პოზიციას არ იზიარებს და საკუთარი კონფლიქტური მდგომარეობის გამო, საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა აქვს. კალანდაძის თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციის პროექტის კენჭისყრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომეხ კოლეგას მხარდაჭერის თხოვნით გაუგზავნა წერილი, რომელშიც განმარტა, რომ რეზოლუცია მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა. შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია 29 ივნისს დაამტკიცა. რამდენიმე საათით ადრე თბილისში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ამჟამინდელი ურთიერთობა საუკეთესოა.
XS
SM
MD
LG