Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყის კოდექსის პროექტზე მუშაობა დაიწყო


ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ტყის კოდექსის პროექტის სამუშაო ვარიანტი წარუდგინა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ტყის კოდექსის პროექტის სამუშაო ვარიანტი წარუდგინა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ტყის კოდექსის პროექტის სამუშაო ვარიანტი წარუდგინა. როგორც ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა აცხადებს, პროექტის ინგლისური ვარიანტი, რომელიც სექტემბრის დასაწყისში მათ სამინისტროსგან მიიღეს, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს პროექტის დეტალებზე და სამინისტროს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებას უარყოფს.

ტყის კოდექსის პროექტი სამი თვის განმავლობაში მზადდებოდა და მასზე ძირითადად უცხოელი ექსპერტები მუშაობდნენ. მოდელი, რომლითაც ექსპერტებმა იხელმძღვანელეს, ავსტრიას ეკუთვნის, თუმცა, როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ირწმუნება, პროექტი სრულად არის ადაპტირებული და საქართველოს სინამდვილეზე მორგებული. ტყის კოდექსის პროექტისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა ალექსანდრე ხეთაგურმა გახსნა და უარყო გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის ნაწილის ბრალდება, რომ სამინისტრომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, საზოგადოებასა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციების გარეშე მიიღო:
ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისიც შეგვახსენა, რომ თურმე სახელმწიფო ენა არის ქართული. დიახ, სახელმწიფო ენა ქართულია, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალურ მიმოწერაში და არა სამუშაო შეხვედრებისას...

”არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა არასწორად შეხედა დაგეგმილ ღონისძიებას. რატომღაც ჩათვალეს, რომ ეს იყო საჯარო განხილვა. თუმცა ისინი საჯარო განხილვაზე არავის მოუწვევია, რადგან ისინი მოწვეულნი იყვნენ სამუშაო განხილვაზე”, - ამბობს ალექსანდრე ხეთაგური.

კიდევ ერთი პრეტენზია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ტყის კოდექსის პროექტსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უყენებს, პროექტის ინგლისური ვარიანტია. აღსანიშნავია, რომ პროექტი ინგლისურ ენაზეა შექმნილი და არასამთავრობო ორგანიზაციებს პროექტის თარგმანი ქართულ ენაზე მხოლოდ ორი დღის წინ გადაეგზავნა, რაც, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, არ აძლევს მათ იმის საშუალებას, რომ პროექტის ტექსტს დეტალურად გაეცნონ. აღნიშნულ პრეტენზიას ალექსანდრე ხეთაგური საკუთარ არგუმენტს უპირისპირებს:
კოდექსმა, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას, სწორედ ეს, ტყის ეკო-სისტემა უნდა დაიცვას და უნდა დაიცვას არა ბიზნესის, არამედ საზოგადოების ინტერესები...

”ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისიც შეგვახსენა, რომ თურმე სახელმწიფო ენა არის ქართული. დიახ, სახელმწიფო ენა ქართულია, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალურ მიმოწერაში და არა სამუშაო შეხვედრებისას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, ხოლო კოდექსის პროექტი უცხოელი ექსპერტების მიერ არის შექმნილი, შესაბამისად, იმისათვის, რომ უკეთესად გავიგოთ ტექსტი, პირადად მე ჩავთვალე, რომ პროექტი სწორედ ინგლისურ ენაზე უნდა დაგვეგზავნა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რათა მასში თარგმნისას წარმოქმნილი შეცდომები გამოგვერიცხა და მას შემდეგ, რაც ჩატარდებოდა წინასწარი განხილვა და შევჯერდებოდით ცალკეულ საკითხებზე, სწორედ ამის შემდეგ მომხდარიყო ტექსტის ქართულად თარგმნა, გამოქვეყნება და შემდგომ უკვე საჯარო პროცედურების დაცვა”, - აცხადებს ალექსანდრე ხეთაგური.

პიტერ ჰერბსტი, ექსპერტი სატყეო საკითხებში და ტყის კოდექსის პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ამბობს, რომ თუმცა ისინი ძირითადად ავსტრიის მოდელით ხელმძღვანელობდნენ, მცდარია არასამთავრობო სექტორის აზრი, თითქოს ტყის კოდექსის ქართულ ვარიანტში პუნქტების კოპირება მოხდა. მისივე თქმით, პროექტის ავტორთა ამოცანა იყო შეექმნათ ისეთი კოდექსი, რომელიც მიმართული იქნებოდა ეკოსისტემის დაცვის უზრუნველყოფისაკენ:

”ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ტყის ეკოსისტემა ძალიან კომპლექსური საკითხია. კოდექსმა, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას, სწორედ ეს, ტყის ეკო-სისტემა უნდა დაიცვას და უნდა დაიცვას არა ბიზნესის, არამედ საზოგადოების ინტერესები. ტყის კოდექსი ტყის ყველა სახეობაზე უნდა ზრუნავდეს, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის საზოგადოებისათვის განკუთვნილ ფუნქციას ასრულებს”, - ამბობს პიტერ ჰერბსტი.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ტყის რეფორმის პროექტზე სამუშაო შეხვედრის დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ჩვიდმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განცხადება გაავრცელა. როგორც ისინი განცხადებაში წერენ, ინფორმაციისა და პროექტების გავრცელების, ასევე მათი განხილვის შემოთავაზებული ფორმა სიმპტომატურია და გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სატყეო სექტორში დაგეგმილი სავარაუდო ცვლილებების საჯაროობა ფორმალურ ხასიათს იღებს. რეზო გეთიაშვილი, განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი და არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის გარემოსდაცვითი ქსლის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ პრეზენტაცია, რომელიც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პიტერ ჰერბსტმა წარმოადგინა, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გავიგოთ, რა სიტუაციაა დღეს რეალურად საქართველოს ტყეებთან დაკავშირებით:

”ჩვენ ძირითადად მოვისმინეთ თეორია, თუ რა ხდება მსოფლიოში, როგორ ხდება ტყის კოდექსის დარეგულირება, მაგრამ არავის უხსენებია ის სპეციფიკა, რაც ჩვენს ტყეებს ახასიათებს, ასევე როგორია ტყეების დღევანდელი მდგომარეობა. უნდა მოვითხოვოთ ის მასალები, რითაც სარგებლობდა ენერგეტიკის სამინისტრო და ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნული კოდექსის პროექტს ამზადებდნენ. ამ მასალებში ვგულისხმობ დასკვნებს, კვლევებს, ფაქტებს, სტატისტიკას, მაგალითებს, ვიზუალიზაციას, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია, მაგალითად, საქართველოს ტყეებში ბიომრავალფეროვნება, ეროზიები, ბუნებრივი კატასტროფები, გეოლოგია და ა.შ. თუკი ყველაფერს მხოლოდ თეორიულად მივუდგებით და მოვწყდებით რეალობას, შეიძლება მართლა ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ”, - მიაჩნია რეზო გეთიაშვილს.
XS
SM
MD
LG