Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში მედიკამენტების კრიზისი მომჭირნეობის პოლიტიკის ბრალი არ არის


საბერძნეთში არსებულმა მწვავე კრიზისმა კიდევ ერთი მძიმე ფორმით ჰპოვა ასახვა მოსახლეობის ყოფაზე. შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა კომპანია “როშმა” საბერძნეთის რამდენიმე მსხვილ საავადმყოფოს შეუწყვიტა კიბოს და სხვა დაავადებების სამკურნალოდ განკუთვნილი წამლების მიწოდება, წლების მანძილზე დაგროვილი დავალიანების გამო. საუბარია სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ საავადმყოფოებზე. ამასთან, “როში” გამოდის გაფრთხილებით, რომ მალე შესაძლოა იგივე ნაბიჯი გადადგას იტალიასთან, პორტუგალიასა და ესპანეთთან მიმართებით.

ევროპის კომისია აცხადებს, რომ “როშის” გადაწყვეტილება არ არის გამოწვეული იმ მომჭირნეობის პოლიტიკით, რომელიც მის მიერ არის შემუშავებული, როგორც საბერძნეთისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტის თანმხლები პირობა.

“როშის” წარმომადგენელმა, კლაუდია შმიდტმა, ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებულ საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ს განუცხადა, რომ საბერძნეთთან მიმართებით ამ ზომის გატარება კომპანიამ ივლისის შემდეგ დაიწყო, თუმცა დავალიანება საბერძნეთს 2007 წლის შემდეგ უგროვდება.

ახალი სქემის თანახმად, პაციენტებმა წამალი აფთიაქებში თავად უნდა შეიძინონ, თუკი ამის საშუალება აქვთ, შემდეგ კი ნაყიდი წამლით საავადმყოფოში უნდა დაბრუნდნენ მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად. შმიდტის თქმით, კომპანია ცდილობს ვითარებას ანგარიში გაუწიოს. “მაგალითად, თუ კონკრეტულ საავადმყოფოს ჩვენი ვალი 2-დან 3 მილიონ ევრომდე აქვს, მაგრამ, ვთქვათ, 300 000 ევროს გადაგვიხდის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ გავუგრძელებთ წამლებით მომარაგებას. მიწოდება იმ საავამყოფოებს შეუწყდათ, რომლებსაც საერთოდ არაფრის გადახდა არ შეუძლიათ” – უთხრა “როშის” წარმომადგენელმა EU Observer-ს.

კლაუდია შმიდტის განცხადებით, საბერძნეთში შექმნილი ვითარება ყველაზე მწვავეა, თუმცა კომპანიის მხრიდან იგივე ზომები მალე შეიძლება ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მიმართაც გატარდეს. “თუ საჭირო გახდება, ჩვენ ყველა ესპანელ პარტნიორს დაველაპარაკებით, რათა გამოსავალი მოინახოს. კომპანიის ვალი პორტუგალიასაც აქვს, თუმცა არა ისეთი მასშტაბის, როგორიც საბერძნეთს” – აღნიშნავს კლაუდია შმიდტი.

საინტერესოა, რომ ირლანდიას, რომელიც, საბერძნეთისა და პორტუგალიის მსგავსად, ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების პაკეტზეა დამოკიდებული, ასეთი დავალიანება არ დაგროვებია.
ეს კომპანიის მიერ მიღებული კომერციული გადაწყვეტილებაა...

ჯანდაცვის სფეროზე საბერძნეთში მთლიანი შიდა პროდუქტის 10% იხარჯება. ამ ფონზე ევროკავშირმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ათენს ურჩიეს, მიმდინარე წელს ეს ხარჯები, სულ მცირე, 310 მილიონი ევროთი შეამციროს, 2012-2015 წლებში კი კიდევ 1.43 მილიარდი ევრო დაზოგოს. ამასთან, ფინანსური დახმარების გამომყოფი სამეული საბერძნეთს ცნობილი პრეპარატების შემცვლელი, უფრო იაფი წამლების გამოყენებას ურჩევს.

მიმდინარე წლის თებერვალში საბერძნეთში ექიმებმა და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს ჯანდაცვის სფეროში შემცირებების წინააღმდეგ. აქციას პოლიციასთან შეტაკებებიც მოჰყვა.

თუმცა, ევროპის კომისია აცხადებს, რომ კიბოს წამლებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის ბრალი არ არის. “ეს კომპანიის მიერ მიღებული კომერციული გადაწყვეტილებაა” – უთხრა ბრიუსელში შეკრებილ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სფეროში კომისიის წარმომადგენელმა, ფრედერიკ ვინსენტმა.

ეკონომიკის სფეროს წარმომადგენელმა, ამადეუ ალტაფაი-ტარდიოსაიდის თქმით კი, ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავიანთ დახმარების პაკეტში საბერძნეთს საკმარისი თანხები გამოუყვეს საიმისოდ, რომ ქვეყანას საავადმყოფოების პრობლემებისთვის მიეხედა – და რომ ახლა შექმნილი ვითარება ათენის მხრიდან არასწორი მენეჯმენტის შედეგია. ეს იმის გამო არ ხდება, რომ ჩვენ არ გვესმის პრობლემის სიმწვავე და სპეციფიკურობაო, აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ ასეთივე ცუდი მენეჯმენტის შედეგი იქნება ის, თუ წამლების მიწოდება მართლაც შეუწყდებათ ესპანეთის, იტალიისა და პორტუგალიის საავადმყოფოებსაც.
XS
SM
MD
LG