Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სერბიის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გაზაფხულამდე გადადო


დასავლეთ ბალკანეთის სამმა სახელმწიფომ სხვადასხვაგვარი პასუხი მიიღო ევროკავშირის ლიდერებისგან, რომლებმაც ორშაბათს ბრიუსელში ბლოკის გაფართოების სტრატეგია განიხილეს. სერბია იმედოვნებდა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოიპოვებდა, მაგრამ მას ამისათვის მომავალ გაზაფხულამდე მოუწევს მოცდა. ჩერნოგორია ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებას მომავალ წელს დაიწყებს, ხორვატიას კი ზეიმის საბაბი აქვს - მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც 2013 წლის ივნისისთვის მას ევროკავშირის წევრად აქცევს.
ევროკავშირის ლიდერებმა გადადეს გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, მიანიჭონ თუ არა სერბიას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი. ამის შესახებ გადაწყვეტილებას თებერვალში ან მარტში მიიღებენ.
ამას, სავარაუდოდ, ბელგრადი უარყოფითად შეხვდება. მას იმედი ჰქონდა, რომ კანდიდატის სტატუსს ორშაბათის შეხვედრაზე მიანიჭებდნენ.
ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას სიტუაციაზე და იმაზე, თუ რამდენად უერთგულებს სერბია ჩვენს საერთო ამოცანებს ...

ევროკავშირის 27 მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სერბიამ პოლიტიკური კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“. ამასთან, მათი თქმით, ყოფილი იუგოსლავიის საქმეებზე მომუშავე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალთან სერბიის მხრიდან გამოჩენილი თანამშრომლობის ხარისხი „სავსებით დამაკმაყოფილებელი“ იყო.
თუმცა, ტექსტი ნათქვამია აგრეთვე, რომ მომავალ წელს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ბელგრადმა უნდა გამოავლინოს მზაობა იმ ხელშეკრულების დანერგვისთვის, რომელსაც მან ევროკავშირის შუამავლობით კოსოვოსთან გამართულ დიალოგში მიაღწია.

ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, ევროკავშირი კმაყოფილია სერბიის მხრიდან ნაჩვენები შედეგებით, მაგრამ ბრიუსელი კვლავაც გააგრძელებს ვითარებაზე დაკვირვებასო:

„ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას სიტუაციაზე და იმაზე, თუ რამდენად უერთგულებს სერბია ჩვენს საერთო ამოცანებს იმ მკაფიო მიზნით, რომ სერბიას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭოთ.“
განცხადების ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ აუცილებელია თანამშრომლობა სერბია-კოსოვოს საზღვარზე, ისევე როგორც თანამშრომლობის ხარისხის გაღრმავება ადგილზე მყოფ ევროკავშირის საპოლიციო ძალებსა და ნატოს ძალებთან.
ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს - მათ შორის, საფრანგეთს - სურდა, სერბიას კანდიდატის სტატუსი უკვე ახლა მიეღო. ისინი მიუთითებდნენ შედეგზე, რომელიც გასულ კვირაში იქნა მიღწეული, როცა ბელგრადი და პრიშტინა შეთანხმდნენ, როგორ უნდა მართონ საერთო საზღვარი. შეთანხმება, რომლითაც მწვავე კონფლიქტი, როგორც ჩანს, მოგვარდა, ევროკავშირის შუამავლობით ჩატარებული სამდღიანი ინტენსიური მოლაპარაკების შედეგი იყო.

შეთანხმების თანახმად, რაც შეიძლება მალე მხარეები საერთო სასაზღვრო ადგილებზე ერთობლივ საგუშაგოებს აამუშავებენ. ადგილზე ჩართული იქნება ევროკავშირიც.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას აიღეს ბარიკადები, რომლებიც კოსოვოელი სერბების მიერ იყო აღმართული ჩრდილოეთ კოსოვოში, მაგრამ ამან რამდენიმე ქვეყანა - უწინარესად, გერმანია - მაინც ვერ დაარწმუნა, რომ სერბიას მართლა სურს რეალური პროგრესის მიღწევა კოსოვოსთან მიმართებით.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ინიციატივას სერბიის შესახებ გადაწყვეტილების გაზაფხულამდე გადადების თაობაზე მხარი აუბეს ავსტრიამ, დანიამ, ფინეთმა, ჰოლანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა.

დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, ორშაბათის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ჩერნოგორია ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებას 2012 წლის ივნისში დაიწყებს, თუმცა მას ბევრი რამის გაკეთება მოუწევს კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების განმტკიცების სფეროებში - განსაკუთრებთ ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლასთან მიმართებით.

სხვა ღონისძიების ფარგლებში ორშაბათს ხორვატიამ ხელი მოაწერა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ხელშეკრულებას. ზაგრებს კანდიდატის სტატუსი 2004 წელს მიანიჭეს, მოლაპარაკებები კი წელს დასრულდა, თუმცა კავშირის 28-ე წევრად რომ იქცეს, ხორვატიას 2013 წლის ივნისამდე მოუწევს მოცდა - ჯერ ხელშეკრულების რატიფიკაცია ამჟამინდელმა 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს.
XS
SM
MD
LG