Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო იარაღის კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 35 მილიონ დოლარს გადაიხდის


თავდაცვითი სისტემების მწარმოებელ ისრაელის კომპანია Elbit Systems Ltd-ს საქართველო 35 მლნ აშშ დოლარს გადაუხდის და ასევე დაუბრუნებს გარკვეულ აღჭურვილობას და სისტემებს. ამის შესახებ განცხადება კომპანიას საკუთარ ვებსაიტზე აქვს გამოქვეყნებული. საუბარია კომპანია Elbit Systems Ltd-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 5 წლის წინ გაფორმებულ კონტრაქტზე, როდესაც საქართველოს სამხედრო უწყებას სათავეში ედგა დავით კეზერაშვილი. ისრაელის კომპანიამ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების სასამართლოში 2011 წლის აპრილში შეიტანა და 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტის დარღვევის გამო, ზიანის ასანაზღაურებლად საქართველოს ხელისუფლებისგან 100 მილიონ დოლარს ითხოვდა. საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, ისრაელის კომპანია ამტკიცებს, რომ თბილისთან გარიგება შედგა და საქართველოს „ელბიტს“ 35 მილიონ დოლარს გადაუხდის. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა საქართველოს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ განაცხადა, რომ უნდა დადგეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. დავით კეზერაშვილი საქართველოს სამხედრო უწყებას 2006-2008 წლებში ედგა სათავეში. იგი ამჟამად საქართველოში ბიზნესით არის დაკავებული.
XS
SM
MD
LG