Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტ რომნიმ გაიმყარა პოზიცია პრეზიდენტობის კანდიდატობისათვის ბრძოლაში


აშშ-ში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში კიდევ უფრო დაწინაურდა მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი, მიტ რომნი, თუმცა მან ვერც „სუპერსამშაბათს“ შეძლო გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება. 6 მარტს აშშ-ის 10 შტატში ჩატარდა რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები, რის გამოც ამ დღეს „სუპერსამშაბათს“ უწოდებენ. რომნიმ გამარჯვება მოიპოვა ათი შტატიდან ექვსში, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ოჰაიოში. ჯერ არც ერთ რესპუბლიკელს არ მოუპოვებია საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი პარტიის კანდიდატად ნომინაცია სწორედ ოჰაიოში გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების გარეშე. მაგრამ მიტ რომნის კვლავაც მწვავე კონკურენციას უწევს მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი სენატორი პენსილვანიიდან, რიკ სანტორუმი, რომელმაც სუპერსამშაბათს სამ შტატში გაიმარჯვა. ერთ შტატში კი წარმატება ერგო წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს, ნიუტ გინგრიჩს. რესპუბლიკელები აგვისტოს ბოლოს ოფიციალურად დაასახელებენ პარტიის კანდიდატს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდება ამჟამინდელ, დემოკრატ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას.
XS
SM
MD
LG