Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა იყო სომხეთში, ეჯმიაწინის მონასტერში - 10-მა ეპისკოპოსმა კვლავ მოითხოვა კათალიკოსის გადადგომა


10 ეპისკოპოსის წასვლის შემდეგ საზოგადოებასთან გარეგინ II გამოჩნდა
10 ეპისკოპოსის წასვლის შემდეგ საზოგადოებასთან გარეგინ II გამოჩნდა

დიდი საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული სომხეთში, ეჯმიაწინის მონასტერში, კათალიკოს გარეგინ II-ის რეზიდენციასთან მას შემდეგ, რაც კათალიკოსის მოწინააღმდეგე 10-მა მღველმთავარმა შეკრება დააანონსა. პარალალურად იქ გარეგინ II-ის მომხრეები მივიდნენ.

ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 18 დეკემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია „უნდა იქნას დაცული კრტიჩ ნერსისიანისგან [კათალიკოს გარეგინ II-ისგან - მას ფაშინიანი ერისკაცობის სახელით მოიხსენიებს] და სექტანტების სხვა ჯგუფებისგან, რომლებსაც წმინდა ეჯმიაწინი აქვთ ოკუპირებული“.

გუშინ, 17 დეკემბერს ნიკოლ ფაშინიანის მომხრედ მიჩნეულმა 10-მა ეპისკოპოსმა საზოგადოებას მოუწოდა, ხუთშაბათს, 18 დეკემბერს შეკრებილიყვნენ ეჯმიაწინის მონასტერში.

  • ეს იგივე ათი მღველმთავარია, რომელთაც 2025 წლის 29 ნოემბერს საჯარო მიმართვა გაავრცელეს, ეკლესიაში არსებული სექსსკანდალის „დაფარვაში“ დაადანაშაულეს გარეგინ II და მოუწოდეს მას, ნებაყოფლობით დატოვოს პოსტი.
  • მათგან რვას ორი დღით ადრე ფაშინიანმა უმასპინძლა მთავრობის ადმინისტრაციაში.
  • ეკლესიაში 55 ეპისკოპოსი და არქიეპისკოპოსია. 27-მა მათგანმა 4 დეკემბერს გაავრცელა საჯარო განცხადება გარეგინ II-ის მხარდასაჭერად.

სომხეთის პოლიციის უფროსმა, არამ ღაზარიანმა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არის ამდენი პოლიციელი მობილიზებული, განაცხადა, რომ იქ „საჭიროებიდან გამომდინარე“ არიან. ასევე თქვა: „დედა ეკლესია ყველა ჩვენგანს ეკუთვნის“.

მონასტერში შეიკრიბნენ როგორც გარეგინ II-ის მოწინააღმდეგე მოქალაქეები, - რომლებიც იქ მისვლით გამოეხმაურნენ 10 მღველმთავრის მოწოდებას, - ასევე მისი მომხრეები. პოლიციის კორდონი ორ ჯგუფს შორისაა გამაგრებული.

ერთი მხარე სკანდირებს გარეგინ II-ის მხარდასაჭერ სლოგანებს, მეორე მხარე კი პირიქით: „წადი! წადი“.

მღველმთავრებმა წაიკითხეს განცხადება, რომლითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებს კათალიკოსს, პოსტი დატოვოს; ასევე, თქვეს, რომ ოფიციალური წერილი შეიტანეს ეჯმიაწინში ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გადადგომის მოთხოვნით.

„ჩვენი მისია ახლა დასრულებულია. შემდეგ ჯერზე ჩვენ აქ ვიქნებით თქვენთან ერთად, რათა ვილოცოთ ჩვენი ხალხის, ერისა და სასულიერო პირების გაძლიერებისა და განმანათლებლობისთვის“, - განაცხადა ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა.

საზოგადოებისთვის მიმართვის შემდეგ მათ ტერიტორია პოლიციის ესკორტით დატოვეს.

გარეგინ II-ის მომხრეები მათ გამოსვლას აწყვეტინებდნენ და ყვიროდნენ: „იუდებო! იუდებო!“

მოგვიანებით - დაახლოებით 18:00 საათისთვის საზოგადოებასთან გამოჩნდა გარეგინ II, რომელმაც განაცხადა, რომ პრობლემები „კანონიკურად უნდა გადაწყდეს“ და 10 ეპისკოპოსს მოუწოდა, „კანონიკურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ“.

„დღეს ჩვენ საგანგაშო დღეები გვიდგას. ამ პირობებში, საზოგადოებაში მშვიდობის, ტოლერანტობისა და ერთიანობის სულისკვეთების გაძლიერების ნაცვლად, პირიქით, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმები გრძელდება. დღეს წმინდა ეჯმიაწინზე კიდევ ერთი თავდასხმა მიიტანეს, სამწუხაროდ, ასევე ჩვენი სასულიერო პირების მეშვეობით“, - განაცხადა მან.

ადგილზე ასევე იყო დაპატიმრებული ოპოზიციონერი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი, ნარეკ კარაპეტიანი. კარაპეტიანები გარეგინ II-ს უჭერენ მხარს.

19:30 საათისთვის დაძაბულობა განიმუხტა, მომიტინგეთა ორივე მხარემ ტერიტორია დატოვა. წავიდნენ პოლიციელებიც.

  • სომხეთის მთავრობასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება დღითიდღე მწვავდება;
  • მმართველი გუნდი საუბრობს სომხურ ეკლესიაში საბჭოთა დროიდან შემორჩენილ კავშირებზე რუსეთის სპეცსამსახურებთან..

ფორუმი

XS
SM
MD
LG