Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია ვაშინგტონში შეხვდა უილიამ ბერნსს


ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უილიამ ბერნსსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას შორის. შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დასწრებიან და დეტალები ცნობილი არ არის. მოგვიანებით ვაშინგტონში გაიმართება შეხვედრა დემოკრატიის ჯგუფისა, რომელიც აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მუშაობს. დელეგაციებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებენ. აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეხვედრისას განიხილება დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი მშენებლობის, მოახლოებული არჩევნების, მედიაგარემოს და სხვა საკითხები, რომლებსაც დემოკრატიასთან უშუალო კავშირი აქვთ. ვაშინგტონში სამუშაო ჯგუფების შეხვედრამდე თბილისში, აშშ-ის საელჩოში გაიმართა ორი ვიდეოკონფერენცია, რომელშიც ქართული მხარიდან მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერები, ხოლო ამერიკულიდან სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური პირები.
XS
SM
MD
LG