ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსის მოახლოებულ სამიტზე, რომელსაც ჩიკაგო უმასპინძლებს, ნატო „ძალიან მკაფიოდ“ აღიარებს საქართველოს პროგრესს. ამ საკითხს რასმუსენი შეეხო დღეს, ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას. „ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს ბოლო წლებში. ჩვენ ამას ვაღიარებთ სამიტის დეკლარაციაში. ჩვენ საქართველოს წვლილს ვაღიარებთ ძალიან მკაფიოდ. ჩიკაგოში საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში“, განაცხადა რასმუსენმა, რომლის განმარტებითაც, ერთ-ერთი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენელი, კერძოდ საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება, იქნება ნატოში გაწევრიანების ასპირანტი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა. ამავე ინტერვიუში, ნატოს გენერალურმა მდივანმა „მოლაპარაკების ტაქტიკა“ უწოდა მოსკოვის განცხადებას, რომ „ჩიხშია შესული“ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე და რომ რუსეთმა შესაძლოა, საპასუხო ზომის სახით, რაკეტები განათავსოს კალინინგრადში, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებს ესაზღვრება. რუსეთი აცხადებს, რომ ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მის ეროვნულ ინტერესებს.
ყველაზე პოპულარული
1