Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი გამარჯვების შემთხვევაში ლოპოტის ინციდენტის გამოძიებას აპირებს


კოალიცია „ქართული ოცნების” თელავის აქციაზე ლოპოტის ხეობაში დაღუპული სპეცრაზმელების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ლოპოტის ხეობაში დატრიალებული ტრაგედია იმის მაგალითია, რომ ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლეც არაფერია. “დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები, საქართველოს მოქალაქე ქისტები და ჩრდილოკავკასიელები. არ ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში და ამიტომ პოლიტიკური შეფასების გაკეთებას არ ვაპირებთ. ლოპოტის სპეცოპერაციის დაწყების პირველსავე დღეს ხელისუფლება უტიფრად ტყუოდა, როცა ამბობდა, რომ რუსეთიდან გადმოსულ დივერსიულ ჯგუფს ებრძოდა. მეორე ტყუილი კი ის იყო, როდესაც განაცხადეს, რომ მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ ყოფილან. გარდა ამისა, ცხედრებს არ აძლევდნენ და ევაჭრებოდნენ ქისტებს – მგლოვიარე ოჯახებს”, - აღნიშნა ივანიშვილმა. “ქართული ოცნების” ლიდერი დაღუპულთა ნათესავებს დაჰპირდა, რომ კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში მომხდარი გამოუძიებელი და დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. თელავში კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებაზე პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც იმყოფებოდნენ. მათ შორის ლოპოტის ხეობაში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილის ბიძაშვილი იზა მარგოშვილი. ქისტებმა ბიძინა ივანიშვილი თეთრი ნაბდით დაასაჩუქრეს.
XS
SM
MD
LG