საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დღეს მთავარ პროკურატურას გადასცემს მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის ახსნა-განმარტებას, რომელიც მან წერილობით გადასცა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და მასში ზეწოლის ფაქტებია ასახული. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მსჯავრდებული 22 სექტემბერს ინახულეს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ”მსჯავრდებულის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებული მოპყრობის მიზანი იყო, 2001 წელს ყოფილ N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ თ.დ.-ს მკვლელობის გარემოებებზე მის ხელთ არსებული ინფორმაციის განსაჯაროებისაგან თავის შეკავება. გოდერძი კიკნაძის განცხადებით, მან შიმშილობა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნით 19 სექტემბერს დაიწყო. დღეისათვის მსჯავრდებული მოითხოვს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელსაც ჩვენებას მისცემს ზემოაღნიშნულ საქმეზე” - წაიკითხავთ განცხადებაში. ტექსტში ასევე აღწერილია მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის დაზიანებები, რომელიც მონახულების დროს აღენიშნებოდა: ”მოყვითალო-მოშავო ფერის სისხლნაჟღენთები და შეშუპებები ორივე თვალბუდის არეში, მარცხენა და მარჯვენა ყვრიმალის და საფეთქლის არეში, ასევე, შუბლზე - მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი. ყელის არეში, მარცხენა მხარეს, მსჯავრდებულს აღენიშნება მცირე ზომის ჰიპერემიული უბანი, ორივე ქვედა კიდურზე - რამდენიმე ნაჭდევი, დაფარული ფუფხით. 21 სექტემბერს, მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის სამედიცინო ბარათში გაკეთებული ნევროპათოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის მიხედვით, მას აღენიშნება მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა”. გოდერძი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უზრუნველყოს სათანადო ზომების მიღება.
ომბუდსმენის აპარატი პროკურატურას დღეს გადასცემს მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის ახსნა-განმარტებას
ყველაზე პოპულარული
1