Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: გვაქვს შანსი, რომ წავიწიოთ წინ ნატოში ინტეგრაციის მხრივ


ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც აღნიშნა, რომ ნოემბერში, პრაღაში მთავარ მომხსენებლადაა მიწვეული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. ”არჩევნების შემდეგ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ წინ ნატოში ინტეგრაციის მხრივ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, დეკემბერში დაგეგმილია ნატოს მინისტერიალი, სადაც შესაძლებელი იქნება მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები. ”ახლა, როგორც არასდროს, გვმართებს ერთად მუშაობა და ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსაც ვესაუბრე”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ”საჭიროა მუშაობა, მათ შორის, არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან, რათა წინ წავიწიოთ ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით.” ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ილუზიები იმის შესახებ, თითქოს ”დამპყრობელთან პრობლემები საქართველოს რომელიმე პოლიტიკური ლიდერის, ან პიროვნების გამო გვაქვს, არჩევნების შემდეგ აღარავის, მათ შორის არც კოალიციას აღარ დარჩება.” მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ”პრობლემა არის ფუნდამენტური - ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა,” რომლის გასამტკიცებლად როგორც არასდროს საჭიროა ევროატლანტიკური კურსის გაძლიერება. ”ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში ამ კურსს არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია, ამიტომ, აღარ უნდა გავაჭიანუროთ არჩევნების შედეგების საბოლოო დაზუსტება და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი”, - განაცხადა ვიდომიმართვისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG