Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პრეზიდენტს საჯაროდ მიმართ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პრეზიდენტს დღეს საჯაროდ მიმართა. ”ხელისუფლების საკითხი ქვეყანაში გადაწყვეტილია და ამიტომ არ მოგმართავთ როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რომელთანაც რაიმე დამრჩა გასარკვევი” - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილისადმი ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში. პრემიერის შეფასებით, პრეზიდენტის პოლიტიკურ გუნდსა და საზოგადოებას შორის სულ უფრო მზარდი უფსკრულია, რომელიც სრული მარგინალიზაციისკენ მიაქანებს ამ გუნდის ღირებულ წევრებსაც კი. მიმართვის კიდევ ერთ მიზეზად ბიძინა ივანიშვილი იმას ასახელებს, რომ არ მიიჩნევს ქვეყნისთვის სასურველ მოვლენად პრეზიდენტის გუნდთან ერთად განვლილი 9 წლის სრულ დისკრედიტაციას. პრემიერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ხალხის წინაშეა პასუხისმგებელი, ხალხი კი ხელისუფლებაზე. ”ამიტომ ვცდილობ, ყველაფერს და ყველას არ გადაესვას ხაზი, ყველაფერს და ყველას არ მოეცხოს ლაქა, მათ შორის, ხალხის თავმოყვარეობას და ღირსებას და ამიტომ მინდა, რომ როგორმე ღირსეული გამოსავალი ვიპოვოთ, ზედმეტი დანაკარგების გარეშე გავუმკლავდეთ წარსულს და მთელი ენერგია მომავალს მოვახმაროთ”- ნათქვამია მიმართვაში. ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს პრობლემების ცივილიზებულად მოსაგვარებლად შესთავაზეს საკონსტიტუციო ინიციატივა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის გამოსვლის გადავადება იმიტომ გადაწყვიტა, რომ არ სურდათ ის დღე გამხდარიყო წყალგამყოფი. ”ამიტომ წამოვედით მოლაპარაკებებზეც და ინიციატივის ხელში აღებაც კი შემოგთავაზეთ კონსტიტუციის 2010 წლის მოდელის ნაწილობრივ ამოქმედების ფორმულით და ამიტომ ვთანხმდებოდი ამნისტიის ისეთ ვარიანტსაც კი, რომლის ახსნა ძალიან გამიჭირდებოდა საზოგადოებისთვის” - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში. ივანიშვილი მიიჩნევს, სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პროცესი ცივილიზებული თანამშრომლობის ვითარებაში არ გადასულიყო და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ პრეზიდენტი თავის გუნდს გაზვიადებული საფრთხის განცდით აკავებს და აშანტაჟებს. ”თქვენი ამოცანაა, თქვენი გუნდის ცალკეული წევრების დანაშაულზე მთელ გუნდს ააღებინოთ პასუხისმგებლობა და ამით „შეადუღაბოთ" თქვენი რიგები” - ნათქვამია მიმართვაში. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში მარტის ბოლომდე დადგება კენჭისყრაზე, რომელიც უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი. ”გნებავთ ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ - ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი, ხოლო ვინც უარს ამბობს, იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენ თანაგუნდელს ჩაუდენია” - ნათქვამია მიმართვაში. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს სთავაზობს ”ბოლო წინადადებას,” უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. ”თქვენი წინმსწრები მკაფიო პასუხი კი იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტ ფაქტუმ არ დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენც მხარს უჭერდით ამ ცვლილებას, ისევე, როგორც დღეს ამტკიცებთ, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არასდროს გიოცნებიათ” - ნათქვამია პრეზიდენტისადმი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მიმართვაში.
XS
SM
MD
LG