ფილიპინები გმობს სირიელი მეამბოხეების მიერ გაეროს სამშვიდობო ძალების 21 ფილიპინელი წევრის დაკავებას და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მშვიდობისდამცველები ოთხშაბათს, სირია-ისრაელის საზღვარზე მდებარე გოლანის მაღლობებზე დააკავა ჯგუფმა, რომელიც თავს უწოდებს „იარმუკის მოწამეებს“. ჯგუფი აცხადებს, რომ არ აპირებს მძევლების გათავისუფლებას გოლანის ერთ-ერთი სოფლიდან სირიის მთავრობის ჯარების გასვლამდე. ფილიპინების საგარეო უწყების პრესმდივანმა, რაულ ერნანდესმა დღეს მანილაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მშვიდობისდამცველების გამოსახსნელად: „ფილიპინები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსთან, შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან ფილიპინელი მშვიდობისდამცველების მალე და უსაფრთხოდ გასათავისუფლებლად“. გაეროს სამშვიდობო ძალები 1974 წელს განთავსდა გოლანის მაღლობებზე, ისრაელსა და სირიას შორის ზავის სამეთვალყურეოდ. ფილიპინები იქ 300-კაციანი კონტინგენტით არის წარმოდგენილი.
ყველაზე პოპულარული
1