Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: იწყება სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შესრულება


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა და 29 მარტს ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაუგზავნა - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისი განმარტებით, იწყება სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შესრულება კერძოდ, განისაზღვრება კონკრეტული ვადები და ამოქმედდება სამი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შექმნა. ირაკლი ალასანიას თქმით, ჯგუფები მონიტორინგს გაუწევენ თავდაცვის სამინისტროში რეფორმების მიმდინარეობას. დღესვე მინისტრმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველოში იქმნება აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობა და მათი დამხმარე ელემენტები, რაც კონფლიქტისა და ესკალაციის პირობებში ავტონომიურად მოქმედების და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას შექმნის. რაც შეეხება ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ საფრთხეს, ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ რაიმე ფორმით შეიცვალა მათი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დარღვევით საქართველოში საოკუპაციო ძალების ყოფნა, დღესაც იძლევა იმის საბაბს, რომ საქართველო მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იყოს. ”თუმცა, ბოლო პერიოდში რუსეთთან სავაჭრო საკითხებზე დაწყებული მოლაპარაკება იმედს აჩენს, რომ აგრესიული რიტორიკა შემცირდება და შეიძლება გადავიდეთ სამუშაო ურთიერთობის ისეთ ფაზაზე, რაც შეამცირებს სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობას” - განაცხადა ალასანიამ. ამასთან, მინისტრმა დასძინა, რომ ჯერჯერობით ასეთი თვითრწმენის საფუძველი არ არსებობს, ამიტომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაა.
XS
SM
MD
LG