Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები 23 ივნისს აღარ განადგურდება


საქართველოს შსს-ში დაცული, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება არ შეცვლილა, თუმცა, არქივი 23 ივნისს აღარ განადგურდება. ეს გადაწყვეტილება შსს-ში დღევანდელი შეხვედრისას მიიღეს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრებმა. მათი ინფორმაციით, ერთი კვირის შემდეგ კვლავ შეიკრიბებიან და უკანონო ჩანაწერების განადგურების ახალ თარიღს განსაზღვრავენ, მანამდე კი დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, მათი უკეთ ინფორმირების მიზნით. კომისიის წევრის, გაზეთ ”რეზონასის” მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, შექმნილია შთაბეჭდილება, რომ თითქოს საქმე ეხება მხოლოდ წამებას, მაშინ, როცა მასალები გაცილებით უფრო ვრცელია. კომისიის წევრთა ინფორმაციით, 13 ათასამდე უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი ასახავს პოლიტიკოსების, დიპლომატების, ჟურნალისტების და სხვათა ცხოვრების არა მხოლოდ პიკანტურ მომენტებს, არამედ საქმიან სამუშაო დეტალებსაც. ჟურნალისტებათან საუბრისას ლაშა ტუღუში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომ საუბარია არა სისტემურ დანაშაულთან, არამედ ორი ადამიანის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებასთან. ”მობრძანდეს და ნახოს ჩვენთან ერთად, თუ რა კატასტროფული სიტუაცია იყო ქვეყანაში ამ მიმართულებით” - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
XS
SM
MD
LG