Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარაში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა


თურქეთის პოლიციამ ანკარაში ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად. თურქეთის მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 20-მდე ადამიანი, რომლებიც ქალაქში არეულობის მოწყობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილნი. იუწყებიან აგრეთვე, რომ ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე. აქციის მონაწილეები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც შედგა შეთანხმება სასამართლო პროცესამდე გაეთავისუფლებინათ პოლიციელი, რომელიც ერთ-ერთი დემონსტრანტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამ ინცინდენტის ვიდეოჩანაწერმა, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. თურქეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ გასროლა, რომელიც პოლიციელმა განახორციელა და რომლის შედეგადაც თავში მიყენებული ჭრილობით დემონსტრანტი გარდაიცვალა, შემთხვევით მოხდა. სტამბულის ცენტრში გეზის პარკში დაგეგმილი მშენებლობის გამო დაწყებული საპროტესტო აქციებს, რომლებიც მოგვიანებით თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. სამშაბათს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს გერმანიის ინიციატივას, ოთხი თვით გადადონ მოლაპარაკებები თურქეთთან ევროკავშირში მისი გაწევრიანების თაობაზე. ამის მიზეზი კი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალის გამოყენება გახდა.
XS
SM
MD
LG