Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი იდეოლოგიის მრავალი სახე


გასული კვირა საქართველოს პარლამენტისთვის ალბათ უპირველესად მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებით იყო მნიშვნელოვანი. ამ პროცედურას კი თან ხმაურიანი პრეცედენტი დაერთო. საუბარია ერთ-ერთი დეპუტატის მიერ გამოთქმულ მოთხოვნაზე, რომ მთავრობის წევრებს საზოგადოებისთვის მათი ეთნიკური წარმომავლობისა და აღმსარებლობის შესახებ განეცხადებინათ. პრეცედენტს პარლამენტის წევრთა პროტესტი მოჰყვა - იყვნენ ისეთებიც, ვინც პირდაპირ აცხადებდა, რომ ამ მოთხოვნას ფაშისტური იდეოლოგია ედო საფუძვლად. მაინც რა ტრადიციები უძღოდა წინ ამ განცხადებას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და რა პარალელები შეიძლება არსებობდეს ამ ტრადიციებსა და ფაშისტურ იდეოლოგიას შორის?

„მე მოვითხოვ და კატეგორიულად – მინდა მთავრობის ყველა წევრისგან, თუ შეიძლება, უდიდესი პატივისცემით – ამავე დროს სიყვარულითაც, მერწმუნეთ – დავსვა შეკითხვა მათი და მათი მშობლების ეთნიკური წარმომავლობის და მათი რელიგიური მრწამსის შესახებ“.

„კატეგორიულობის და სიყვარულის“ ორიგინალური შერწყმის მიუხედავად, დეპუტატ გოჩა ფიფიას ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მეტიც – პარლამენტართა დიდი ნაწილი მას სტვენით და ხმამაღლა გამოხატული პროტესტით შეხვდა. ფიფიას მიკროფონი გამოურთეს და მისი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის ისტორიის სამარცხვინო მოვლენად შერაცხეს.

თუმცა, თუ ისტორიაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს პრეცედენტი არ გვევლინება საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან ამოვარდნილ, ცალკეულ მოვლენად. პირიქით – ის შეიძლება იმ ტრადიციის გაგრძელებად მოვიაზროთ, რომელმაც პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში საკმაოდ მყარად გაიდგა ფესვი და რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, რბილად რომ ითქვას, "ქართველობისთვის" მოვლენილ საფრთხედ სახავს.

მაგალითისთვის შესაძლოა არ იყოს აუცილებელი შორს წასვლა და 1990-იანი წლების ომებზე და ტრაგედიებზე საუბარი. გავიხსენოთ თუნდაც უახლესი ისტორიის კუთვნილება, სოციალისტური პარტიის ყოფილი ლიდერი, ვახტანგ რჩეულიშვილი - რომელსაც პოლიტიკური მოღვაწეობის უკანასკნელ პერიოდში ე.წ. ‘სომხური კმარას ბოგინის’ აღკვეთა ჰქონდა მიზნად დასახული:

„სომხურ კმარას დავუპირისპიროთ ქართული კმარა, ბოლოს და ბოლოს, და მართლაც კმარა ამათი ბოგინი საქართველოში. წაიღეს უკვე, აღარ შეიძლება – თბილისში ცხოვრება არ შეიძლება“ - აცხადებდა ის.

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩამოყალიბებულ ამ ტრადიციას კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ფართო ისტორიული თუ იდეოლოგიური ფესვები აქვს. მოცემულ სივრცეში მცხოვრები ადამიანების, ერთი ქვეყნის მოქალაქეების ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური და სხვა ნიშნებით დაყოფა და შემდეგ განსხვავებულისა და უმცირესობისგან მტრის ხატის შექმნა მსოფლიოს ბევრი კულტურისთვის და ქვეყნისთვისაა ნაცნობი და მტკივნეული ფენომენი. რამდენიმე ათეული წლის წინ ეს ფენომენი განსაკუთრებული სიმძლავრით და სისასტიკით მოედო ევროპის კონტინენტს. "ერის" ცნება ცოცხალ ორგანიზმს გაუტოლდა, რომლის წევრობის პრეროგატივა მხოლოდ "სუფთა სისხლის" და გენეტიკის მატარებლად მოაზრებულ ადამიანებს ერგოთ. ამ ფენომენს ფაშიზმის და ნაციზმის სახელით ვიცნობთ.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ხელაშვილი ფაშისტურ იდეოლოგიაში "ერის" იდეის გააზრებას ასე აღწერს: „ფაშიზმის [და, მით უფრო, ნაციზმის] ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამახასიათებელი ნიშანი არის ნაციონალური ელემენტის სიმძლავრე. ეს ნაციონალური და ნაციონალისტური ელემენტი განსხვავდება სხვა იდეოლოგიებისგან იმ თვალსაზრისით, რომ მას ენიჭება წამყვანი მნიშვნელობა. ამ იდეოლოგიაში "ნაცია", "ერი" არის რაღაც მუდმივი, დასაბამიდან არსებული და უცვლელი ერთეული. რწმენა იმისა, რომ არსებობს ასეთი რამ, როგორიც არის "გენეტიკურად სუფთა" ადამიანი, რომელსაც არ ურევია სხვა რომელიმე ერის სისხლი - და რომ ეს თუნდაც თეორიულადაა შესაძლებელი სადმე. ნაციის და ნაციონალიზმის მთელი კონცეფცია სწორედ ამ მცდარ წარმოდგენებზეა დაფუძნებული. ეს ნებისმიერ საზოგადოებაში იწვევს დაყოფას - ერის გაყოფას "სუფთა" და "არასუფთა" ნაწილებად. ამას პირდაპირ მივყავართ ჩაგვრამდე, ადამიანის უფლებების დარღვევამდე და ადრე თუ გვიან გამოიწვევს ან სამოქალაქო ომს, ან კიდევ საერთაშორისო ომს და საკონცენტრაციო ბანაკებს, თავისი გამომდინარე ყველა შედეგით".

ის, რაზეც გიორგი ხელაშვილი საუბრობს - ფაშისტური იდეოლოგიის და ადამიანის უფლებების კონცეფციის რადიკალური შეუთავსებლობა - კიდევ უფრო მეტად გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რაზეც დღეს უკვე შეთანხმებულია ანალიტიკოსების უმრავლესობა. რომ ფაშიზმი, უწინარესად, წარმოადგენდა ევროპის ჰუმანისტური, რაციონალისტური და ოპტიმისტური მემკვიდრეობის უარყოფისკენ მიმართულ იდეოლოგიას. ხოლო ნაციზმი, თავისი რასობრივი სიწმინდის თეორიებით, უკვე საკუთრივ ადამიანის იდეას დაესხა თავს - იმ იდეას, რომელიც ბერძნული ანტიკურობიდან და ადრეული ქრისტიანობიდან მოდის. ერთ სივრცეში მცხოვრები ყველა მოქალაქის თანასწორობის იდეა უარყოფილ იქნა; საკუთრივ „ერის“ ცნება კი ირაციონალური მითებით შეიმოსა და წარმოჩინდა როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც სხეული, სისხლი, რასა და სული გააჩნდა და რომელიც გარკვეული „უცხო ელემენტების“ გამო დეგრადაციას განიცდიდა. ეროვნული სისუფთავის გადარჩენის გზად ამ უცხო ელემენტების განადგურება დაისახა - ყოველივე ამის ლოგიკური შედეგი კი საკონცენტრაციო ბანაკები, გაზის კამერები და გენოციდი იყო.

ეს გამოცდილება ამ იდეოლოგიის უკიდურესად რადიკალური გამოვლინება იყო – რაც, თავის მხრივ, ერთგვარ წინაპირობად იქცა საიმისოდ, რომ მსოფლიო საზოგადოება აღარასოდეს დაუშვებს ფაშიზმით განპირობებულ მასობრივი სახის ქმედებებს და დესტრუქციულად შერაცხული ელემენტების ფიზიკურ განადგურებას. მაგრამ, ისტორიკოსების შეფასებით, ფაშიზმი, როგორც იდეოლოგია, არ “მომკვდარა” ბერლინის ნანგრევებში 1945 წელს. შესაძლოა ის ერთიანი და კლასიკური ფორმით აღარ არსებობდეს, მაგრამ მისი ცალკეული ელემენტები ალბათ მრავალი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში შეიძლება დავინახოთ.

ისევ საქართველოს უახლეს ისტორიას რომ დავუბრუნდეთ, ბევრი შემთხვევის გახსენება შეიძლება, როდესაც "ქართველი ერის" იდეა სწორედ ირაციონალური მითების მეშვეობით წარმოჩინდა და გაუტოლდა ცოცხალ სხეულს, რომელიც განსხვავებული და უცხო ელემენტების მხრიდან რღვევის საფრთხის ქვეშ იყო. თვალსაჩინო მაგალითისთვის პარლამენტის ყოფილი წევრის, გურამ შარაძის ეს მოსაზრება გავიხსენოთ: „ქართველი ერის მენტალიტეტი და მისი ანთროპოლოგიური სისტემა მთლიანად თუ არა, 90%-ზე მეტი ქრისტიანული მართლმადიდებლური რელიგიით არის გამოწვეული და ამიტომ არის, რომ კათოლიკე ქართველი, გრეგორიანელი ქართველი, მუსლიმანი ქართველი და იუდეველი ქართველი – ის ქართველი ებრაელების ისტორია, 26 საუკუნოვანი – და კიდევ დღეს მოძალებული სექტანტური, იეღოველი თუ ბაპტისტი ქართველი უკვე ქართულ ეროვნულ ორგანიზმს შლის და მის ანთროპოლოგიას არღვევს“.

რთული სათქმელია, კონკრეტულად როგორ და რა ხელსაწყოებით შესძლო ამ მოსაზრების ავტორმა „ეროვნული ორგანიზმის“ და მისი „ანთროპოლოგიური სისტემის“ პროცენტული მაჩვენებლების გაზომვა. ფაქტი ის არის, რომ ერის და ეროვნულობის ცნების ასეთი მოაზრება საქართველოს კულტურის შინაგან მრავალფეროვნებას ნეგატიურ ფაქტორად სახავს ამ მითიური „ქართული ეროვნული ორგანიზმისთვის". ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს ბევრი მოქალაქის კულტურის, რელიგიის და ცხოვრების წესის მარგინალიზაციას და გარიყვას განაპირობებს და საბოლოო ჯამში საუკეთესო წინაპირობას ქმნის გაუცხოებისა და სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. იმ რთული გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც საქართველომ ბოლო წლების მანძილზე გამოიარა, წესით ეს კარგად უნდა გვესმოდეს. თუმცა რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს. უფრო და უფრო მეტი სიმპტომი ჩნდება იმ ვარაუდის გასაძლიერებლად, რომ ფაშისტური კონფიგურაციები ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მყარი და დომინანტური შემადგენელი ნაწილი ხდება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG