Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის უფლებამოსილება შეიზღუდა


20 სექტემბერს პარლამენტმა კენჭი უყარა კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც, შეიზღუდა პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვნის უფლებამოსილება. ასევე, კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება. კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციაში რჩება პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, - მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით, - განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. კანონპროქტს პირველი მოსმენით ხმა პარლამენტის 112-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთ საკითხებზე კონსენსუსს მმართველი ძალა და ოპოზიცია ისევ მიაღწევს. კენჭისყრის წინ მოკლე კომენტარი ითხოვა უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა:

„საკითხს, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს შეეხება და ითვალისწინებს პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას მთავრობის კონტროლთან მიმართებით, საპარლამენტო უმცირესობა მხარს დაუჭერს; ასევე ყველა იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც გაითვალისწინებს პარლამენტის როლის გაზრდას, საპარლამენტო უმცირესობა მხარს დაუჭერს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება ვენეციის კომისიის დასკვნებშიც იყოს ასახული“.
ან პარლამენტი მოახერხებს მთავრობის შეცვლას, - და თუ პარლამენტში არის მყარი უმრავლესობა, ის შეცვლის მთავრობას და ისეთ მთავრობას მოიყვანს, რომელთანაც მას პრობლემა არ ექნება ბიუჯეტის მიღებისა, - ხოლო თუ ამას პარლამენტი ვერ გააკეთებს, მაშინ თავად პარლამენტი იქნება დათხოვნილი...
ვახტანგ ხმალაძე

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 18 სექტემბერს განიხილა. მაშინ იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, თუ რას მოიცავს ცვლილება. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ 81-ე პრიმა მუხლის ახალი რედაქცია:

„ახალი რედაქცია კი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მთავრობის ზეგავლენის შესაძლებლობას პარლამენტზე. ნათელია პოლიტიკური გათვლებიც, თუ ვისთვის მზადდებოდა პრემიერ-მინისტრის ადგილი: ამ ცვლილებით დარღვეული ბალანსი პრეზიდენტის სასარგებლოდ შეიცვლებოდა დარღვეული ბალანსით უკვე პრემიერის სასარგებლოდ. კერძოდ, რა უფლებებს შეიძენდა პრემიერი და მთავრობა? თუ ეს ცვლილებები შევა, მაშინ მთავრობას შეეძლება, ფაქტობრივად, ჩამოართვას პარლამენტს საკანონმდებლო უფლებამოსილება, აიძულოს მიიღოს ის კანონები, რომელთა მიღებაც პარლამენტს არ სურს - ცხადია, პარლამენტის დათხოვნის მუქარით“.

თუმცა ამ ნორმის ამოღების შემდეგ გარკვეული ცვლილება საბიუჯეტო პროცესის აღმწერ ნაწილშიც უნდა შევიდეს. ვახტანგ ხმალაძე იზიარებს აზრს, რომ საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით პარლამენტი მეტი უფლებით უნდა სარგებლობდეს. ხმალაძე განმარტავს, რომ კანონში დამატების თანახმად, თუკი პარლამენტი და მთავრობა ვერ თანხმდებიან ბიუჯეტის საკითხში, ორივემ უნდა იცოდეს, რომ ამ შეუთანხმებლობას ერთ-ერთი მათგანი შეეწირება:

„ან პარლამენტი მოახერხებს მთავრობის შეცვლას, - და თუ პარლამენტში არის მყარი უმრავლესობა, ის შეცვლის მთავრობას და ისეთ მთავრობას მოიყვანს, რომელთანაც მას პრობლემა არ ექნება ბიუჯეტის მიღებისა, - ხოლო თუ ამას პარლამენტი ვერ გააკეთებს, მაშინ თავად პარლამენტი იქნება დათხოვნილი. ასეთი სქემა პარლამენტსაც და მთავრობასაც უბიძგებს ისეთი მოქმედებისაკენ, რომ შეთანხმების მიღწევა მოახერხონ“.

საპარლამენტო უმცირესობამ წარმოდგენილ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი კი დაუჭირა, მაგრამ განხილვისას უმცირესობის წარმომადგენლებს მაინც ჰქონდათ შეკითხვები და შენიშვნები. მათ მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენაც მოუწოდეს.
პავლე კუბლაშვილი
პავლე კუბლაშვილი

„მუხლი, რომელიც ამბობდა, რომ მთავრობას შეუძლია ნდობის საკითხი დააყენოს ნებისმიერ კანოპროექტთან მიმართებით, იყო საფრთხე პარლამენტისათვის, რადგან ეს შეიძლებოდა გამოყენებულიყო როგორც მუქარა მისი დათხოვნისა და ამ ცვლილების შემდეგ ეს მუქარა იხსნება. რა ხდება ბიუჯეტთან მიმართებით? სხვა კანონების შემთხევვაში ასეთი რისკი არ უნდა არსებობდეს და ბიუჯეტის შემთხვევაში კი ეს რისკი ძლიერდება, რადგან კანონი ავტომატურად აწესებს ბიუჯეტთან დაკავშირებით მიღების ვალდებულებას. თუ არ მიიღებს მას პარლამენტი ისე, როგორც მთავრობას აქვს წარმოდგენილი, ორი თვის განმავლობაში დაიწყება უნდობლობის პროცედურა. ხომ არ გაძლიერდა მართლაც ეს რისკი?“ - იკითხა 18 სექტემბრის პარლამენტის სესიაზე უმცირესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა.

18 სექტემბრის სესიაზე არ განუხილავთ და, შესაბამისად, უკვე 20 სექტემბერს კენჭი არ უყრიათ კვორუმთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივისთვის, რომელიც 3/4-იანი კვორუმის 2/3-მდე დაწევას ითვალისწინებს და, როგორც ცნობილია, უმცირესობა კონსტიტუციაში ამ ნორმის შეცვლას მხარს არ უჭერს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG