„პოლიტიკური დევნა რომ განმეხორციელებინა, სააკაშვილი აქამდე დაჭერილი იქნებოდა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" საუბრისას განაცხადა. "არავითარი პოლიტიკური დევნა არ იქნება. რა თქმა უნდა, კითხვები მის მიმართ არსებობს და რომ ვთქვა, ეს ასე არ არის, სიცრუე იქნება. თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხეშია, თავდაცვის ერთი ყოფილი მინისტრი ციხეშია, მეორე ყოფილი მინისტრი კი საფრანგეთში დაიჭირეს, გენერალური პროკურორი დევნაშია, ქალაქის მერის წინააღმდეგ სამი საქმეა აღძრული, რა თქმა უნდა, კითხვები პრეზიდენტთანაც არსებობს", - აღნიშნა ივანიშვილმა. ამასთან, პრემიერი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნაც დაიწყოს და აღნიშნულის საფუძველი, თუნდაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე გახდეს. "სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, რა თქმა უნდა, შეიძლება. რა თქმა უნდა, შეიძლება ზურაბ ჟვანიას საქმე გახდეს ამის საფუძველი და არის კიდევ უამრავი საქმე, იგივე 26 მაისს განვითარებული მოვლენები - ხალხია დაკარგული და მკვდარი. თქვენ გგონიათ, ეს პრეზიდენტმა არ იცოდა?! რა თქმა უნდა, მე როგორც მოქალაქეს, არავითარი სურვილი არ გამაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი დაიკითხოს ან ციხეში მოხვდეს, ეს არაა კარგი ქვეყნის იმიჯისთვის, მაგრამ არსებობს პროკურატურა და სასამართლო და მათ საქმეებში ვერ ჩავერევით", - აღნიშნა პრემიერმა, რომლის შეფასებითაც, "სააკაშვილი ცალკე მოვლენაა".
ყველაზე პოპულარული
1