Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს


ნიდერლანდის ქალაქ ჰააგაში შეიკრიბნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები ბირთვული უსაფრთხოების ორდღიან სამიტთან დაკავშირებით. სამიტში არ მონაწილეობს მსოფლიოში ბირთვული მასალის უდიდესი მარაგის მქონე ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თუმცა მის პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰააგაში, სადაც, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის გარდა, „დიდი შვიდეულის“ სამიტიც იმართება.

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ და ევროპა ერთი აზრისა არიან, რომ რუსეთისთვის საფასური უნდა მოჰყვეს ყირიმში მის ქმედებას. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ობამამ ამსტერდამში ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ.

„ევროპა და ამერიკა ერთსულოვნად უცხადებენ მხარდაჭერას უკრაინის მთავრობას და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ერთი აზრისა ვართ, რომ უნდა მივმართოთ ზომებს, რათა რუსეთისათვის საფასური მოჰყვეს მის ქმედებებს“, - განაცხადა ობამამ.

მან ვაშინგტონისათვის მსოფლიოში უახლოეს პარტნიორებად მოიხსენია ნატოელი მოკავშირეები, მათგან ერთ-ერთის - ნიდერლანდის - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ხოლო გაზეთ „ფოლკსკრანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა ევროპის ლიდერებისადმი თავის გზავნილზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა გააცნობიეროს „უკრაინაში მისი ქმედებების ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები“.

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტი ჩავიდა ამსტერდამიდან 50-მდე კილომეტრში მდებარე ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობის მისაღებად და „დიდი შვიდიანის“ სამიტის ფარგლებში გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, იტალიის, იაპონიისა და ბრიტანეთის ლიდერებთან შესახვედრად. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უკვე შემოიღეს სანქციები პუტინთან დაახლოებული ოფიციალური პირების წინააღმდეგ.

ამასობაში, კიევიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა ყირიმიდან უკრაინის სამხედრო ძალების მთლიანად გაყვანა, ტურჩინოვის განმარტებით, იმ საფრთხის გამო, რომელსაც რუსეთის ჯარები უქმნიან უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან სრულიად საკმარისი ძალაა განთავსებული დნესტრისპირეთამდე მისასვლელად, თუ მიღებულია გადაწყვეტილება ეს გაკეთდეს. და ეს ძალიან შემაშფოთებელია...
უკრაინის ლიდერის ამ ბრძანებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსი ჯარისკაცები ხმოვანი ყუმბარებითა და სროლით შეიჭრნენ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე ფეოდოსიაში. ცნობებში არაფერია ნათქვამი დაჭრილების შესახებ. ეს ბაზა იყო ყირიმში ერთ-ერთი ბოლო სამხედრო ობიექტი, რომელზეც ჯერ კიდევ ფრიალებდა უკრაინის დროშა.

ორშაბათს ყირიმში ჩავიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზის შესამოწმებლად და სეპარატისტ პრემიერ-მინისტრ სერგეი აქსიონოვთან შესახვედრად. ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა ხელთ იგდეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ათობით ხომალდი.

თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას იწვევს არამარტო ზომები, რომლებსაც რუსეთი ყირიმის ტერიტორიაზე მიმართავს. როგორც ევროპაში ნატოს ძალების სარდალი, ამერიკელი გენერალი ფილიპ ბრიდლავი აღნიშნავს, უკრაინის საზღვართან თავმოყრილია რუსეთის ჯარების შენაერთები, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს მოლდავეთს მისი სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონის გამო.

„უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან სრულიად საკმარისი ძალაა განთავსებული დნესტრისპირეთამდე მისასვლელად, თუ მიღებულია გადაწყვეტილება ეს გაკეთდეს. და ეს ძალიან შემაშფოთებელია“, განაცხადა ამერიკელმა გენერალმა კვირას ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი დეშჩიცას აზრით, რომელიც მან კვირას გამოთქვა ამერიკულ მედიასთან საუბარში, სულ უფრო იზრდება უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დაწყების საფრთხე.
XS
SM
MD
LG