Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეალური თვითმმართველობა თუ პროცესის დასაწყისი?


გორი
გორი
პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა და პარლამენტს სესიაზე განსახილველად წარუდგინა მთავრობის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის თაობაზე. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მომუშავე 65 არასამთავრობო ორგანიზაციას.

არასამთავრობო სექტორმა პარლამენტს წერილობით მიმართა თხოვნით, თუნდაც მცირე ხნით გადაედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა, რათა გათვალისწინებულიყო მათი და რამდენიმე მუნიციპალიტეტის, მათ შორის, გორისა და ახალციხის საკრებულოების აზრი, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის მინიჭების შემდეგ თითოს ნაცვლად რამდენიმე მუნიციპალური ერთეული შეიქმნას.

არასამთავრობო სექტორმა მთავრობას შეახსენა, რომ 2014 წლის 13 მარტს საქართველოს რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორისგან მიეღო და განეხილა ოპტიმიზაციის ვარიანტები, რომლებიც ითვალისწინებდა 7 თვითმმართველი ქალაქის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურისა და ახალციხის) გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიებზე რამდენიმე მუნიციპალური ერთეულის ჩამოყალიბებას.

მთავრობის თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რომელიც გასული წლის 1 მარტს გაცხადდა, ყველა ის ქალაქი, რომლის მცხოვრებთა რაოდენობა 15 ათასს აჭარბებს, თვითთმმართველ ქალაქად უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მოგვიანებით 7 თვითმმართველი ქალაქის გამოყოფაზე მოხდა შეჯერება. შემდეგ უკვე დაიწყო კონსულტაციები იმის თაობაზე, თუ ამ 7 ქალაქის გარშემო როგორ გადანაწილებულიყო სხვა ტერიტორიული ერთეულები. ბოლოს, კონსულტაციების მიუხედავად, მთავრობამ გადაწყვიტა სოფლები გაერთიანებულიყო თითო მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც იყო გაერთიანებული ადრე, ოღონდ ამჯერად - ქალაქის გამოკლებით.
ქალაქების გამოყოფის შემდგომ ბუნებრივად - გეოგრაფიულად - ერთ ზონაში მყოფი დასახლებული პუნქტების, სოფლების ერთად მოქცევა და მათთვის ცალკე მუნიციპალური სტატუსის მინიჭება აძლევდა მათ საშუალებას ჰქონოდათ ცალკე ბიუჯეტი ...
კოტე კანდელაკი

თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი კოტე კანდელაკი, რომელიც კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, ამბობს, რომ პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის ვარიანტი იძლევა მხოლოდ და მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას: გადაწყვეტილება არ შეეფერება არც კანონპროექტის მოთხოვნებს და არც თვითმმართველობის რეფორმის სულისკვეთებას. კანდელაკი ერთი ქალაქის გამოყოფის შემდეგ ერთის ნაცვლად რამდენიმე მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბების უპირატესობებზეც ლაპარაკობს:

„ქალაქების გამოყოფის შემდგომ ბუნებრივად - გეოგრაფიულად - ერთ ზონაში მყოფი დასახლებული პუნქტების, სოფლების ერთად მოქცევა და მათთვის ცალკე მუნიციპალური სტატუსის მინიჭება აძლევდა მათ საშუალებას ჰქონოდათ ცალკე ბიუჯეტი, რომელსაც ეს რამდენიმე სოფელი თავად განკარგავდა, აირჩევდა თავის გამგებელს და აირჩევდა საკუთარ საკრებულოს, წარმომადგენლობით ორგანოს, და ეს სოფლები დამოუკიდებლად გადაწყვეტდნენ იმ მსგავს პრობლემებს, რომლის წინაშეც ისინი დგანან. დღევანდელ შემთხვევაში გამოდის, რომ ქალაქი გორი გამოიყო და დანარჩენი ასი სოფელი ქმნის ერთ თვითმმართველ ერთეულს, აქ ინტერესთა დაბალანსება, მოსახლეობასთან სიახლოვე, ფაქტობრივად, იგივე რჩება, რაც აქამდე იყო“.

კოტე კანდელაკის თქმით, ამ ვარიანტით გამოდის ის, რომ „ერთი ქალაქი მიხედავს თავის თავს“, დანარჩენი სოფლებისთვის არაფერი იცვლება. ამ აზრს იზიარებს „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანიც:

„გამოდის, რომ რეალურად ოზურგეთის, გორის, ზუგდიდის, ამბროლაურის სოფლის მცხოვრებლებისთვის სისტემა არ იცვლება, ანუ მათი მიმოსვლის, სერვისების მიღების ცენტრი რეალურად კვლავ რჩება ის ადმინისტრაციული ერთეულები, რომელიც მანამდე არსებობდა“.

სწორედ ამიტომ იწუნებს სამოქალაქო სექტორი ხელისუფლების მიერ "უპრეცედენტო მასშტაბის" თვითმმართველობის რეფორმად წოდებულ ცვლილებებს.
მე არ მინდა რაიმე უპირატესობებზე ვისაუბრო. უბრალოდ, ზოგადად, მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაციის თემა მთავრობის მიერ არის ინიცირებული და არა სხვა ვინმეს მიერ. უბრალოდ, ეს პროცესი არ მოიცავს ძალიან მოკლე ვადაში ყველაფრის გაკეთებას...
თენგიზ შერგელაშვილი

გასული თვის შუა რიცხვებში გორის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზეც სოფლის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი, ცალკე აღებული, თემებს მეტი განვითარების საშუალებას მისცემდა. კარალეთში მცხოვრები ხათუნა ხათაშვილი და ძევერელი დავით კეჩხუაშვილი მიიჩნევდნენ, რომ ქვეყნის რეალური დეცენტრალიზაციის დასაწყისი სწრაფად უნდა განხორციელდეს:

„ერთს პლუს ხუთი და მეტი არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი - სოფელი უფრო ძლიერი იქნება, უფრო განვითარებული და უფრო მობილიზებული“.

თუმცა, როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ამბობს, ეს რეფორმა არც ერთ ქვეყანაში არ ხორციელდება ერთი ხელის მოსმით და, მთავრობის განცხადებით, ტერიტორიული ოპტიმიზაცია რამდენიმე წელს გასტანს და პროცესი მომდევნო ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებამდე, ანუ 2017 წლის ოქტომბრამდე, გაგრძელდება. ამასთან, თენგიზ შერგელაშვილის თქმით, ხელისუფლებას არგუმენტები თავისი ვარიანტის დასაცავადაც აქვს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ვარიანტის დასაწუნებლადაც, თუმცა ამჯერად ამაზე საუბარი აღარ არის საჭირო:

„მე არ მინდა რაიმე უპირატესობებზე ვისაუბრო. უბრალოდ, ზოგადად, მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაციის თემა მთავრობის მიერ არის ინიცირებული და არა სხვა ვინმეს მიერ. უბრალოდ, ეს პროცესი არ მოიცავს ძალიან მოკლე ვადაში ყველაფრის გაკეთებას. ეს არის პროცესი და, შესაბამისად, არჩევნებამდე დარჩენილ დროში და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მთავრობამ ძალიან ინტენსიურად იმსჯელა და ჩაითვალა, რომ ახლა 7 ქალაქი გამოიყოს და გაგრძელდეს ოპტიმიზაციის პროცესი უკვე არჩევნების მერე“.

სამოქალაქო სექტორში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ დრო არასწორად გაანაწილა კანონპროექტზე სამსჯელოდ და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ზედმეტად თავი აღარ აიტკივა მეტ ადმინისტრაციულ ტერიტორიებად ქვეყნის დასაყოფად, რადგან ამ შემთხვევაში როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას გაუჭირდებოდა ახალ მუნიციპალიტეტებში როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსის მობილიზება, მათ შორის, გამგებლობის კანდიდატების მოძებნა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG