Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 15 აპრილი


პრესის ყურადღების ქვეშ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შექმნილი პოლიტიკური გარემო, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმი. „ალიას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე განუმარტავს: „მორატორიუმის გამოცხადება ეს არის ევროპული სტილი წინასაარჩევნოდ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს გადაუდებელი საქმეების გამოძიებას და არც სასამართლოში შეჩერდება წარმოება. არავითარი საგმოძიებო საქმეები არ შეჩერდება, უბრალოდ, თუ გუშინ შეიძლებოდა, რომ აღმკვეთი ღონისძიება მიღებულიყო მავანთა მიმართ, შეიძლება არჩევნებამდე ამაზე თავი შეიკავონ ან გირაოთი შეიცვალოს“. პრემიერ-მინისტრის მიერ წინასაარჩევნოდ გამოცხადებულ მორატორიუმზე „ალიაში“ რამაზ საყვარელიძის მოსაზრებასაც გაეცნობით: „მე ეს უფრო ევროპის ზემოქმედება მგონია. უცხოეთი ითხოვს ამას და პრემიერი დასთანხმდა“, - ამავე ინტერვიუში რამაზ საყვარელიძე ამბობს: „თუ ვინმეს ჰგონია, „ნაციონალებს“ ამით გააჩერებენ, ძალიან ცდება“.

„მერობის კანდიდატების იდეოლოგიური აჯაბსანდალი“ – „რეზონანსი“ შეეცადა თბილისის მერობის კანდიდატთა პოლიტიკური იდეოლოგიის განსაზღვრას. ექსპერტებს ამაზე სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი თვლის, რომ მერობის კანდიდატის იდეოლოგიური პლატფორმა არარელევანტურია: „კანდიდატები იმ ნიშნით შევაფასოთ, თუ როგორი მეურნეები და რამდენად პატიოსანი ადამიანები იქნებიან. მთავარია, თბილისი უყვარდეს, ქალაქს მიხედოს და ფული არ მოიპაროსო“, ამბობს სოსო ცინცაძე თბილისის მერობის კანდიდატებზე.

„ახალი თაობის“ პირველ გვერდზე მკითხველის ყურადღებას იპყრობს სათაური - „გიორგი მარგველაშვილი ნაციონალების მხარეს გადავიდა!“. საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას ეძღვნება ინტერვიუ „სახალხო კრების“ წევრ ელიზბარ ჯაველიძესთან. ამავე ინტერვიუში ის გამოხატავს პატივისცემას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და აკრიტიკებს გიორგი მარგველაშვილს ორიოდე დღის წინ ევროპული არჩევანის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე - როგორც ჯაველიძე თვლის, „ნაციონალების კონცერტზე“ - მისვლის გამო: „ჭკუით თუ არ მოიქცევა, ამ თანამდებობას დაკარგავს და სასახლესაც დაემშვიდობება. ან რას შევარდა პრეზიდენტის სასახლეში...“ - ეს არის ამონარიდი ინტერვიუდან ელიზბარ ჯაველიძესთან, რომელიც „ახალ თაობას“ პირველ გვერდზე აქვს გამოტანილი.

რუსეთთან ურთიერთობა არის კიდევ ერთი თემა, რაზეც დღევანდელ პრესაში წაიკითხავთ. „რეზონანსი“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორ დოლიძეს, ეკითხება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მიმართ მოლოდინზე. ვიქტორ დოლიძე პასუხობს: „ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ საკითხს ძალიან მძიმედ ვუყურებ. ფონი ძალიან რთულია... რომ გითხრათ, რამე განსაკუთრებულს ველოდები-მეთქი, ეს ასე ნამდვილად არ არის. ის, რომ კომუნიკაცია არსებობს, ეს ცუდი არ არის. ინფორმაციას და პოზიციას მაინც გებულობ“.

„ალიაში“ ქვეყნდება ინტერვიუ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძესთან, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკას ეხმაურება: „რაში ხედავენ კოლაბორაციონიზმს, იმაში, რომ ლილიპუტინს არ იძახის ხელისუფლება? ყველამ მშვენივრად იცის, რომ არავითარ კოლაბორაციონიზმს ადგილი არ აქვს. პოლიტიკური ინტერესებისთვის სჭირდებათ, რომ საქმე ასე წარმოაჩინონო“, ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით ვახტანგ ძაბირაძე.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ ვრცელი სტატია ეძღვნება საქართველოს საგარეო პრიორიტეტებს. ავტორი ამტკიცებს: „ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ საქართველო არ არის დედამიწის ღერძი, რომლის ირგვლივ მთელი მსოფლიო ტრიალებს. რომ პატარა, სუსტი, განუვითარებელი სახელმწიფო ვერასდროს გახდება დიდ პოლიტიკაში მონაწილე. საქართველოს პოლიტიკამ უნდა შეიგნოს, რომ სხვის წინააღმდეგ, სხვა „დიდის“ ხელში იარაღად ყოფნას მოკრძალებული ცხოვრება სჯობს. საქართველოს პოლიტიკა უნდა მიხვდეს, რომ შორეულ ნათესავს კარის მეზობელი სჯობს და, აქედან გამომდინარე, გადადგას რეალური და არა აბსტრაქტული პოლიტიკური ნაბიჯები. მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დაანახვებს მას, რომ მშვიდი და უზრუნველყოფილი ცხოვრებისთვის სულაც არ არის საჭირო ევროკავშირში ან ნატოში შესვლა“, - საქართველოს პოლიტიკის ასეთი ხედვა აქვს „საქართველოს რესპუბლიკის“ ავტორს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG