Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადეპუტატო ხარჯების ანაზღაურება თუ დამატებითი ხელფასი?


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დისკუსიის თემა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში იყო.

გორის საკრებულომ გასული წლის 10 მაისს სადეპუტატო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება მიიღო. ამ დადგენილების მიხედვით, ანაზღაურება იმ დეპუტატებს უნდა მიეღოთ, ვინც საკრებულოსა და კომისიის სხდომებში მონაწილეობდა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრებს მართავდა. ამომრჩევლებთან შეხვედრის დასადასტურებლად კი მხოლოდ მოხსენებითი ბარათის წარდგენა იყო საჭირო. საკრებულოს წევრების მოხსენებითი ბარათებით ხშირ შემთხვევაში არ ზუსტდება შეხვედრის ადგილი და მასში მონაწილე პირების ვინაობა.

გორის საკრებულო 30 წევრისგან შედგება და 500-ლარიანი სადეპუტატო ხარჯი 29 პირს ყოველთვიურად აღებული აქვს, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს, დაახლოებით, 150 ათასი ლარი უჯდება. მაგალითად, ანგარიშის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძეს არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია ამომრჩევლებთან, მაგრამ, ხელფასის გარდა, 500-ლარიან სადეპუტატო ხარჯსაც იღებდა. ახალგაზრდა იურისტების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას დისკუსია მოჰყვა. ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი გულისტკივილს იმის გამო გამოთქვამს, რომ ხარჯების მიზნობრიობის შესწავლა შესაბამისი სამსახურების მიერ აღარ ხდება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს წევრებმა დამატებითი ხელფასი დაინიშნეს. მისი აზრით, საკრებულოს დადგენილება წინააღმდეგობაში მოდის ორგანულ კანონთან თვითმმართველობის შესახებ, სადაც წერია, რომ საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ბებიაშვილის აზრით, დეპუტატები, რომლებიც ვერ ადასტურებენ ხარჯების მიზნობრიობას, 500-ლარიან ანაზღაურებას დაუმსახურებლად იღებენ.

შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-გამგებელი ნინო წეწვაძეც ესწრებოდა, მისი აზრით, ხარჯების ხელფასთან გაიგივება არასწორია, თუმცა მიიჩნევს, რომ მოჭრილი 500-ლარიანი ანაზღაურება ყველა დეპუტატს თანაბრად არ უნდა ეძლეოდეს და აუცილებელია ეს ყველაფერი განხორციელებული საქმიანობის მიხედვით გაიცეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მთავარი რეკომენდაციაა, საკრებულოს წევრების უფლებამოსილების მიხედვით განისაზღვროს ანაზღაურება და ეს არ უნდა ხდებოდეს ყოველთვიურად. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს იმ საბუთების ნუსხა, რომლითაც დადასტურდება ხარჯის გაწევა და განმსაზღვრელი მხოლოდ მოხსენებითი ბარათი არ უნდა იყოს. იურისტების აზრით, მოხსენებითი ბარათის შინაარსობრივი ნაწილიც უნდა გაიზარდოს, რათა ნათელი სურათი იყოს წარმოდგენილი შეხვედრის თემატიკისა და გამოვლენილი პრობლემების შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევარი რჩება. შეკრებილი საზოგადოების აზრით, ამ დრომდე ზოგიერთ კანდიდატს მიაჩნია, რომ საკრებულოში მოხვედრა დასაქმების საშუალებაა, თუმცა კანონი სხვას ამბობს. იურისტების რეკომენდაციას გაითვალისწინებს თუ არა ახალი საკრებულო, ეს უკვე არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG