Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური რეიტინგები თვითმმართველობის არჩევნებამდე


ლუის ნავარო
ლუის ნავარო
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 8 მაისს „შერატონ-მეტეხი პალასში“ 26 მარტიდან 18 აპრილამდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგების პრეზენტაცია გამართა. 3 942 გამოკითხული ადამიანის პასუხებზე დაყრდნობით, NDI აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკურ ძალად საქართველოში „ქართული ოცნება“ რჩება, ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიად კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. თვითმმართველობის არჩევნებამდე ორთვე-ნახევრით ადრე ჩატარებულმა გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დავით ნარმანიას, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. ზოგადად, პოპულარულ პოლიტიკურ ლიდერებს შორის კი პირველობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ერგო.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პოლიტიკური განწყობების შესახებ ადამიანები გამოკითხეს 12 თვითმმრთველ ქალაქში. NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ, 8 მაისს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას მიიღებდა გამოკითხულთა 60%. კვლევაში მონაწილეთა 40 % არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ლუის ნავარომ გამოკვლევის მთავარი ტენდენციები პრეზენტაციის შემდეგ კიდევ ერთხელ შეაფასა:
„ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად, ხოლო მისი ლიდერი, დავით ბაქრაძე, ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსად...
ლუის ნავარო

„’ქართული ოცნება’ რჩება ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად. მთავრობის მაღალჩინოსნებიდან ყველაზე პოპულარული ლიდერი, გამოკითხვის თანახმად, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა, რომელსაც მოჰყვებიან პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად, ხოლო მისი ლიდერი, დავით ბაქრაძე, ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსად. მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე თბილისში მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე ბევრმა ადამიანმა არ გამოხატა პოზიცია მის კანდიდატურაზე. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ქალაქების უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების რეიტინგი აჭარბებს სხვა პოლიტიკური პარტიების კანდიდატების რეიტინგს. ნინო ბურჯანაძის კოალიციას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს თბილისის გარეთ, ლეიბორისტებს მხარს უჭერენ აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა, საერთო ჯამში, „ქართული ოცნების“ პოპულარობა მნიშვნელოვნად უსწრებს სხვებს ყველა რეგიონში“, - განაცხადა ლუის ნავარომ. მისივე თქმით, შესაძლებელია მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდეს თბილისში, ზუგდიდსა და სხვა რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის მხარეს დაიჭერს ის მოსახლეობა, ვისაც ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული პასუხი არ გააჩნია.

გამოკვლევა ამბობს, რომ მოწონების რეიტინგში პოლიტიკურ ლიდერებს შორის პირველ ადგილზეა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია - 67%-იანი მაჩვენებლით. ნოემბრის კვლევაში მისი მოწონების რეიტინგი 72% იყო. ალასანიას მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 64%-ით (NDI-ს წინა კვლევაში ღარიბაშვილის ეს მაჩვენებელი 71%-ს შეადგენდა). პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, მოწონების რეიტინგი ახლა 61%-ია (ნოემბრის კვლევაში იყო 65%), პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი 72%-დან 46%-მდე შემცირდა. ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 51 %-ს მოსწონს.

NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ყველაზე რეიტინგული მინისტრების სამეულში შედიან ირაკლი ალასანია - 44%, დავით სერგეენკო - 32% და თეა წულუკიანი - 35%.
წინ ჯერ 150-ზე მეტი შეხვედრა გველის, ასე რომ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალას კიდევ უფრო უკეთესად დაინახავენ და ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ...
დავით ნარმანია

რაც შეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, მათ შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი დავით ნარმანიას აქვს. კითხვაზე "მოგწონთ თუ არ მოგწონთ", 38%- დავით ნარმანიას სასარგებლოდ პასუხობს, ის არ მოსწონს 24%-ს. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია მოსწონს გამოკითხულთა 17%-ს, არ მოსწონს – 39%-ს. „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე მოსწონს 26%-ს, არ მოსწონს 30%-ს. გამოკითხულთა 24%-ს მოსწონს კახა კუკავა, 44%-ს - პირიქით.

შეკითხვაზე "ვის ისურვებდით ყველაზე მეტად თბილისის მერად მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობს", ნარმანიას სასარგებლოდ პირველ არჩევანს რესპონდენტთა 39% აკეთებს. გამოკითხულთა 20%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. 10% ხმას, პირველ რიგში, ნიკოლოზ მელიას მისცემდა, 9% - "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატს, 2% კი პირველ რიგში "ლეიბორისტულ პარტიას ასახელებს. სხვა პარტიების სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს გამოკითხულთა 3%.

მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას არჩევნებამდე დარჩენილი 38 დღის იმედი აქვს და ფიქრობს, რომ ამ დროს „ქართული ოცნება“ ეფექტურად გამოიყენებს: „წინ ჯერ 150-ზე მეტი შეხვედრა გველის, ასე რომ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალას კიდევ უფრო უკეთესად დაინახავენ და ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თბილისის მერობის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე კი გამოკვლევის შედეგების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ჯერ მათ სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანიაც კი არ დაუწყიათ:

„ხალხი შეადარებს ჩვენი და ჩვენი კონკურენტების დაპირებებს და თავად გადაწყვეტს რამდენად რეალური იქნება ნარმანიას დაპირება, მაგალითად, მილიონი ხის დარგვის შესახებ, და რამდენად რეალური - მელიას საარჩევნო პირობა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ არჩევანს ქართველები, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სულ ბოლოს გააკეთებენ“.

გამოკითხვისას შეკითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 48% პირველ არჩევნად ასახელებს კოალიცია "ქართულ ოცნებას", 19%-ს ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს, 12% კი ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა. 4% "ქდმ"-ს მომხრეა, 4% - ლეიბორისტული პარტიისა.

საინტერესოა, რომ ამ გამოკითხვის შედეგებს ეჭვის ქვეშ აყენებენ როგორც მმართველი ძალის, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, მაგალითად, ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა. ამასვე აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კახალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე კი საერთოდაც დარწმუნებულია, რომ თბილისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება და მასში ერთმანეთს „ქართული ოცნება“ და „მწვანეები “ დაუპირისპირდებიან.
გამოკვლევის ანალიზის კეთებისას პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი რამდენიმე აქცენტს აკეთებს. მისი აზრით, ალასანიას პოპულარობა მის მიერ ნატოსთან მიმართებით გადადგმულმა ნაბიჯებმა და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულმა რეფორმებმა განაპირობა, ბიძინა ივანიშვილის ნაკლები რეიტინგი კი მისმა პოლიტიკიდან წასვლამ და ტელეეთერში იშვიათად გამოჩენამ. სოსო გალუმაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას რეიტინგზე სერიოზულად მოქმედებს მისი გამოჩენა იმ პოლიტიკოსების გვერდით, ვინც უარყოფითი რეიტინგებით ხასიათდება. მისთვის კითხვის ნიშნის შემცველია დავით ბაქრაძის მაღალი რეიტინგი ოპოზიციონერ ლიდერებს შორის, მაშინ როდესაც თვეებია ბაქრაძე ტელეეკრანიდანაც იშვიათად ჩანს. სოსო გალუმაშვილი ასევე ურჩევს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შეცვალოს კომპანია, რომელიც საველე სამუშაოებს ასრულებს, ხელისუფლებას კი სთავაზობს ალტერნატიული კვლევა ჩაატაროს. ამით ნდობაც გაჩნდება და გამოკვლევებსაც ეჭვის თვალით აღარ შეხედავენ.

NDI-ს გამოკვლევაში უცვლელია საქართველოს პატრიარქის რეიტინგი: გამოკითხულთა უმეტესობას - 96%-ს - ყველაზე მეტად პატრიარქის საქმიანობა მოსწონს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG