Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი და შეუსაბამობა ევროსაბჭოში


აზერბაიჯანელ უფლებადამცველთა საპროტესტო აქცია ევროპის საბჭოს წინ
აზერბაიჯანელ უფლებადამცველთა საპროტესტო აქცია ევროპის საბჭოს წინ
ევროპის საბჭოში - ორგანიზაციაში, რომელიც ევროპაში, უწინარეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობს - მინისტრთა კომიტეტს 14 მაისიდან ახალი მორიგე თავმჯდომარე ჰყავს - აზერბაიჯანი. არადა, ამ ქვეყანას, როგორც ცნობილია, მკაცრად აკრიტიკებენ სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ამ თვალშისაცემ შეუსაბამობას ეძღვნება სიუჟეტი, რომელიც კლერ ბიგმა მოამზადა.

უფლებადამცველები შიშობენ, რომ ევროსაბჭოს დამაჯერებლობას, მის რეპუტაციას დააზარალებს ის გარემოება, რომ გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, მინისტრთა კომიტეტს, უხელმძღვანელებს აზერბაიჯანისნაირი ქვეყანა.

„ადამიანის უფლებების მხრივ, აზერბაიჯანს, უკვე წლებია, საშინელი მაჩვენებლები აქვს და ის კიდევ უფრო გაუარესდა გასული წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ხალხს ციხეში უშვებენ ყალბი ბრალდებებით მარტო იმიტომ, რომ ცდილობენ ხმა აიმაღლონ მთავრობის წინააღმდეგ ან გავიდნენ ქუჩაში პროტესტის მშვიდობიანად გამოსათქმელად. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვართ შეშფოთებული, რომ ეს ხდება მაშინ, როცა აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სათავეში ექცევა“, - ამბობს უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალის“ წარმომადგენელი, დენის კრივოშეევი. ის ბაქოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, ხოლო ევროსაბჭოს ერთ-ერთ ამოცანად მიიჩნევს, ყურადღებით შეისწავლოს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები, რომლებიც აღრიცხულია პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხანგრძლივი მმართველობის დროს:

„ევროპის საბჭოს დანარჩენი წევრები ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდონ ადამიანის უფლებების სფეროში აზერბაიჯანის მაჩვენებლებს და მიმართონ ყველა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გზავნილი მიიღოს და ამ სფეროში მოქმედება დაიწყოს“.

ევროპის საბჭო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს შეიქმნა, მუშაობს თავის უკვე 47 წევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშესაწყობად. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს - ინსტიტუტს, რომელიც უფლებების ხელყოფის ურიცხვ მსხვერპლს დაეხმარა კანონდარღვევების დადგენასა და საკუთარი ქვეყნისაგან კომპენსაციის მიღებაში.

რაც შეეხება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს, მისი თავმჯდომარე ავტომატურად იცვლება ექვს თვეში ერთხელ, ანბანის მიხედვით, და უფლებადამცველები ხედავენ მწვავე პრობლემას, როცა მორიგე თავმჯდომარე ხდება უფლებების დამრღვევი ქვეყანა.

აშშ-ში დაფუძნებული „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ აზერბაიჯანს ადანაშაულებს ხელისუფლების მიმართ კრიტიკისა და ოპოზიციის გამოხატვის ყველა ფორმის ჩახშობის მცდელობაში და ევროსაბჭოს მოუწოდებს, პასუხი მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. წინააღდმეგ შემთხვევაში, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ შეფასებით, „ევროსაბჭოს ლეგიტიმურობას ემუქრება მისი არსებობის ისტორიაში უმძიმესი დარტყმა“.

უფლებადამცველების მონაცემებით, აზერბაიჯანში ამჟამად 10 ჟურნალისტია დაპატიმრებული ბრალდებებით, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ციხეშია ხუთი ბლოგერიც. მიმდინარე თვეში სასამართლომ ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა მიუსაჯა ახალგაზრდულ ორგანიზაცია „ნიდას“ რვა წევრს - მათაც, უფლებადამცველების რწმენით, პოლიტიკური აქტივობის გამო.

აზერბაიჯანში მოქმედი ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ მონაცემებით, სულ 130-ს აღწევს იმ პირთა რაოდენობა, ვინც დაპატიმრებულია ალიევის მმართველობის ამა თუ იმ ფორმით გაკრიტიკების გამო. შესაბამისად, ორგანიზაციის თავმჯდომარე ლეილა იუნუსის აზრით, ევროსაბჭოში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობა „გამოუსწორებელ ზიანს“ მიაყენებს ამ ორგანიზაციის რეპუტაციას.

ლეილა იუნუსი შიშობს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები აზერბაიჯანის ნავთობითა და გაზით უფრო არიან დაინტერესებული, ვიდრე მისი დამოკრატიზაციით.
XS
SM
MD
LG