Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული მიყურადების შესახებ კანონს კენჭი ვერ უყარეს


ფარული თვალთვალისა და მიყურადების თაობაზე 5 კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა, კვორუმის არარსებობის გამო, პირველი მოსმენით კენჭი ვერ უყარა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, კენჭისყრის დრო დეპუტატებს მოგვიანებით ეცნობებათ. მანამდე ცნობილი იყო, რომ ცვლილების მხარდაჭერას აპირებდა საპარლამენტო ოპოზიციაც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იზიარებდნენ არასამთავრობო სექტორის აზრს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმოების დროს ფარული მიყურადება-თვალთვალისთვის ე.წ. „გასაღები“ კავშირგაბმულობის ოპერატორ კომპანიებს უნდა ჰქონოდათ და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უმრავლესობის განმარტებით, იმას, თუ ვის უნდა ჰქონდეს ფარული წვდომის საშუალება, სპეციალური კომისია დაადგენს, რომელმაც მუშაობა 1 ნოემბრამდე უნდა დაასრულოს, მანამდე კი მიყურადების უფლებით ისევ შსს ისარგებლებს.

5 კანონში შესატან ცვილილებებს, რომელიც უკანონო მოსმენა-მიყურადებაზე კონტროლის მაღალ სტანდარტს აწესებს, პირველი მოსმენით პარლამენტმა კენჭი ვერ უყარა.

ცვილილებებით განისაზღვრა იმ პირთა წრე, ვისთან დაკავშირებითაც განხორციელდება მიყურადება. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ დანაშაულთან ან რომელთაც დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს საკომუნიკაციოდ. მიყურადების დაწყება სასამართლოს ნებართვის გარეშე შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუმცა 24 საათში პროკურატურამ უნდა მიმართოს ნებართვის მისაღებად სასამართლოს და თუ მოსმენის დაწყებიდან 48 საათში სასამართლო მოსმენის დაწყებას კანონიერად არ ცნობს, მაშინ ეს ჩანაწერი უნდა განადგურდეს.

პირს, რომელსაც უსმენდნენ, ადრე თუ გვიან უნდა ეცნობოს, რომ უსმენდნენ და უნდა მიეცეს გასაჩივრების უფლება, გადაწყვეტილებას კი ამის თაობაზე იღებს პროკურატურა, თუმცა იმისათვის, რომ პროკურატურამ ბოროტად არ გამოიყენოს ეს დისკრეცია, 12 თვეში ერთხელ სასამართლოს უნდა მიმართოს და დაუსაბუთოს, რატომაა ჯერჯერობით სახიფათო შეტყობინება და სასამართლო გადაწყვეტს, უნდა გაგრძელდეს თუ არა შეტყობინების ვადა.
განისაზღვრა ასევე მოპოვებული ინფორმაციის შენახვა-განადგურების ვადები.

როგორც უკანონო მოსმენა-მიყურადების თაობაზე რამდენიმე კანონში შესატანი ცვლილების ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შალვა შავგულიძემ განმარტა, იმ მთავარ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მიყურადების საშუალებების ფლობას შეეხება, არსებობდა სამი ვარიანტი: პირველი, რომ ის იყოს სამართალდამცავთა ხელში ისე, რომ დაექვემდებაროს მკაცრ კონტროლს, ან შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო, ან ის არსებობდეს მობილური ოპერატორი კომპანიების ხელში. თუმცა ამ ეტაპზე, შალვა შავგულიძის განმარტებით, გასარკვევია ტექნოლოგიური კონტროლის შესაძლებლობები, განსასაზღვრია, თუ რა თანხები უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან სფეროს მომსახურებისათვის.
კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში იყო ჩადებული ის, რომ „გასაღები“ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის არ დარჩენილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში და ერთი წელია ეს კანონპროექტი არის განხილვის ეტაპზე...
ირმა ნადირაშვილი

კანონპროექტზე მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მოსმენის „გასაღების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვებას კანონის სულისკვეთების დამაკნინებლად მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია. კანონპროექტის საპარლამენტო სესიაზე განხილვისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ჩვენთვის მთავარ პრობლემად რჩება კანონში ჩადებული გარდამავალი პუნქტი იმის თაობაზე, რომ რეალურ დროში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილთა სატელეფონო საუბრის მიყურადების უფლებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ისარგებლებსო, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლება, საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ჯერ მხოლოდ 6 თვის ვადით არის განსაზღვრული. ირმა ნადირაშვილის სიტყვებით, მთლიანად ცვლილება აზრს კარგავს, თუკი კანონში ეს პუნქტი დარჩება:

„კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში იყო ჩადებული ის, რომ „გასაღები“ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის არ დარჩენილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში და ერთი წელია ეს კანონპროექტი არის განხილვის ეტაპზე და თქვენ ახლა აცხადებთ, რომ არის საჭირო დამატებითი ვადა, რომ ფინანსებზე და ტექნიკურ საშუალებებზე ვიფიქროთ. რატომ არ იყო მოსახერხებელი, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ყოფილიყო ფიქრი, მანამდე ყოფილიყვნენ მოწვეული უცხოელი ექსპერტები, იმიტომ რომ შეიძლება როგორც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით განვითარდა მოვლენები, მე, მაგალითად, არ მაქვს დიდად იმედი, რომ ნოემბერში მოხერხდება ეს, თუ ერთი წელი ვერ მოხერხდა“.
მარტო ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის თვალით ნუ შევხედავთ ამ საკითხს. ეს არის საკითხი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და რანაირად შეიძლება ამ აზრის არდანახვა, როცა შემოთავაზებულია საერთაშორისო სტანდარტები...
შალვა შავგულიძე

ის, რომ მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა შსს-ს ექნება, კანონის აღსრულებისთვის ხელის შეშლის წინაპირობად მიაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დეპუტატს, დავით დარჩიაშვილს:

„ეს „გასაღები“ რეალურ დროში წვდომაზე თუ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო რაზე მისცემს ნებართვას, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ერთ კონკრეტულ ადამიანზე და მის სატელეფონო ნომერზე მისცემს, მაგრამ „გასაღები“ მათ ხელშია და 9 ასეთ ადამიანზე და 9 ასეთ ნომერზე განახორციელებენ მიყურადებას და ამის არანაირი კონტროლის მექანიზმი, სამწუხაროდ, ამ კანონპროექტით შემოთავაზებული არ არის“.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმცირესობას მოუწოდა, მოიცადონ სულ 6 თვე, სანამ საერთაშორისო ექსპერტები და ასევე ადგილობრივი უწყებები შეაფასებენ სამართალდამცავთა ხელში მოსმენების „გასაღების“ ფლობის ავ-კარგს და მხოლოდ ოპონენტის პოზიციიდან ნუ გააკრიტიკებენ ევროპული სტანდარტის კანონმდებლობას:

„მარტო ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის თვალით ნუ შევხედავთ ამ საკითხს. ეს არის საკითხი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და რანაირად შეიძლება ამ აზრის არდანახვა, როცა შემოთავაზებულია საერთაშორისო სტანდარტები, ცივილიზებულ სამყაროში როგორ რეგულირდება ეს საკითხი. ჩვენ ვიყავით ამ თვალსაზრისით ველური ქვეყანა, ველური“.

მიყურადებისა და თვალთვალის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებას, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისთვის უფრო დიდი საფრთხის შემცველია მოსმენის უფლების დატოვება კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიების ხელში, ვიდრე შინაგამ საქმეთა სამინისტროსი:

„მე არ ვემხრობი იმას, რომ ეს იყოს პროვაიდერის ხელში, - ეს არაერთგზის მითქვამს, - იმიტომ რომ ეს უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს ასეთი ტიპის ინფორმაციის გამჟღავნების კუთხით. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება უფრო მეტი საფრთხე შექმნას. აქ ლაპარაკია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონტროლის მაქსიმალურ დახვეწაზე, რომ გამოირიცხოს როგორც ინფორმაციის გაჟონვა, ისე სხვა სახით, უკანონოდ, ასეთი მოსმენის განხორციელების შესაძლებლობა“.
საპარლამენტო უმცირესობის გარდა, მოსმენების ე.წ. „გასაღების“ მობილური ოპერატორებისთვის გადაცემას მიესალმება არასამთავრობო სექტორიც. ასევე არსებობს სურვილი, რომ მოსმენებთან დაკავშირებით შეიქმნას ნდობის ჯგუფი, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას გაუწევს კანონის აღსრულებას.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG