Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ხილი ხიფათიან რუსეთის ბაზარზე ბრუნდება


26 მაისიდან რუსეთის ბაზრის კარი საქართველოში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულისთვისაც იხსნება. 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ("როსსელხოზნადზორი") ცნობით, რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, ბლისა და ალუბლის, გარგარის, ატმის, ქლიავის, ხურმის, კივისა და კენკრის მიწოდება. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად აღარ გამოიყენებს.

გორელი ფერმერი გივი აბალაკი მოწეული ხილის გასაყიდად რუსეთის ბაზრის გახსნას დიდი სიხარულით ელის. ფერმერი 2006 წლის ემბარგოს წუხილით იხსენებს და იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ქართველი გლეხების წინააღმდეგ ემბარგოს იარაღს აღარ გამოიყენებს:

„ვიდრე ემბარგოს გამოგვიცხადებდა რუსეთი, ჩვენ ყოველთვის ჩვენს პროდუქციას ვაგზავნიდით რუსეთში და საკმაოდ კარგი მოგება გვრჩებოდა. ამჯერადაც ჩემი განწყობა ისეთია, რომ უნდა აღდგეს აუცილებლად და თუ ეს უკვე გადაწყვეტილია, მივესალმები თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ისტორიულად ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რაიონი თავისი ხილის პოტენციალით და მისი გასაღების შესაძლებლობებით ორიენტირებული იყო რუსეთის ბაზარზე“.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთის ბაზარი გაიხსნა მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის საქონლისთვისაც, როგორიც არის ციტრუსი, ვაშლი, მსხალი და კომში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია ამბობს, საქართველოდან რუსეთში 20 ათასი ტონა ციტრუსი გავიდა. "როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, უკვე კურკოვანი ხილისა და ზოგიერთი ბოსტნეულის გატანის შესძლებლობა გაჩნდა. ზურაბ ლიპარტიას თქმით, რუსეთის ექსპერტებს საქართველოში ივნისში ელიან:
თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები რჩება, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ტიპის განცხადებები კეთდება. მაგრამ, ვნახოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაციის პოლიტიკით...
გიორგი კვირიკაშვილი


„ივნისის შუა რიცხვებისთვის ველოდებით რუს კოლეგებს და მოხდება ტვირთების ფიტოსანიტარიული შემოწმება და ამ ტვირთების ერთობლივი სერტიფიცირება და, ამ მხრივ, მე მგონი, პრობლემები არ უნდა შეიქმნას“.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ, რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობის გათვალისწინებით, ეკონომიკური ბერკეტების ხელახლა გამოყენების საფრთხე მინიმალურია:

„თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები რჩება, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ტიპის განცხადებები კეთდება. მაგრამ, ვნახოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაციის პოლიტიკით, ჩვენი ნორმალური, კონსტრუქციული განწყობით, იმითი, რომ ჩვენ განვავითაროთ ვაჭრობა და ტურიზმი, რუსეთთან მივაღწევთ იმას, რომ ნელ-ნელა, ალბათ, გრძელვადიან პერსპექტივაში, სხვა პრობლემებიც დარეგულირდება“.

რუსეთის ბაზრის მნიშვნელობაზე საუბრობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და იმედოვნებს, რომ ბაზრის გახსნა პოლიტიკური ვაჭრობის თემა არ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ხელახალი ემბარგოს ალბათობას გვერდს უვლის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა 22 მაისს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მოახლოებულ თარიღთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და საქართველო რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი რეაქციის შესახებ გააფრთხილა:
თავისთავად, რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზარი დიდი ბაზარია, მაგრამ, პოლიტიკური რისკების გათვალისწინებით, სტაბილური და პროგნოზირებადი ნაკლებადაა. გარდა ამისა, პროდუქციისა და ბიზნესის წარმოების თანამედროვე სტანდარტები მნიშვნელოვნად განსხვავდება...
ლევან ალაფიშვილი


„ეს ეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობასაც. ეს ეხება ფინანსურ-ეკონომიკურ შედეგებს, რომლებიც ჩვენ იძულებული ვიქნებით შევიმუშაოთ, საქართველოს ევროკავშირთან შეთანხმების მიერთების ფაქტორის გათვალისწინებით. შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო დროს საქართველო, საქონელბრუნვის მოცულობის მიხედვით, რუსეთისთვის მესამე სავაჭრო პარტნიორი გახდა და ესეც რაღაცის მთქმელია“.

ამასთან, ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას ქვეყანა არა მხოლოდ იმ სარგებელზე უნდა დაფიქრდეს, რომლის მიღებაც შეუძლია, არამედ იმ ხელშეკრულებებზეც უნდა დაფიქრდეს, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანასთან აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ინიციატივების“ ხელმძღვანელის ლევან ალაფიშვილის თქმით, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის ძნელია ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად შეფასდეს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს საკითხი დასაფიქრებელს და სამსჯელოს ბევრს ტოვებს, ვინაიდან რუსეთის შემთხვევაში პოლიტიკა ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს წინ უსწრებს:

„თავისთავად, რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზარი დიდი ბაზარია, მაგრამ, პოლიტიკური რისკების გათვალისწინებით, სტაბილური და პროგნოზირებადი ნაკლებადაა. გარდა ამისა, პროდუქციისა და ბიზნესის წარმოების თანამედროვე სტანდარტები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ჩამორჩება - მოდი, ასე ვთქვათ - ევროპულს და ამერიკულს და თუკი ამ კონტექსტში განვიხილავთ, ქართული წარმოების თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით, ალბათ, საკითხი ასე უნდა დავსვათ: უსაფრთხო სტანდარტების თანამედროვე პროდუქცია, მზარდი ბიზნესი თუ შედარებით ნაკლებ დანახარჯიანი, მაგრამ ნაკლებად ხარისხიანი, არასტაბილური ბიზნესი თუ სხვა... რა გვირჩევნია? აი, ეს პრობლემაც უნდა დავინახოთ“.

მთლიანობაში, ლევან ალაფიშვილის სიტყვებით, არა მაკროეკონომიკურ, არამედ წმინდა ყოფით-ეკონომიკურ დონეზე სარგებელი იქნება, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ბაზრის დომინანტ ბაზრად განხილვა არ იქნება წარმატების მომტანი მომავალში.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG