Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 27 მაისი


გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ ცნობით, რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა, რვაწლიანი აკრძალვის შემდეგ, 26 მაისიდან რუსეთის ბაზარი გაუხსნა საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ლაპარაკია ბოსტნეულზე, ხილზე, კენკრასა და კარტოფილზე, რომლის შეტანისას რუსეთში მეწარმეს ხელზე უნდა ჰქონდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული და რეექსპორტის სერტიფიკატები.

„არგუმენტი ი ფაქტი“ აქვეყნებს დეტალურ ჩამონათვალს იმ ნაწარმისა, რომელიც რუსეთის ბაზარზე დაიშვება: ტომატი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, ჭერამი, ატამი, ქლიავი, ხურმა და კივი. ასევე დასაშვებია ახალი კარტოფილის შეტანა იმ პირობით, რომ ბოლქვები გასუფთავებული და დაფასოებული იქნება, თუმცა, რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის ხელჩანთებით ან საბარგულით რუსეთში შეტანა ნებადართული არ არის.

გაზეთი შეახსენებს მკითხველს, რუსეთში ქართული ხილისა და ბოსტნეულის შეტანა აიკრძალა 2006 წელს ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების გამოო, თუმცა არაფერს ამბობს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, რასაც ჯერ სავიზო რეჟიმის შემოღება, შემდეგ კი ომი და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა მოჰყვა.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი ქართველი პოლიტიკოსების უკრაინაში დასაქმების პერსპექტივის შესახებ წერს. ლაპარაკია საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის მიწვევაზე უკრაინის მთავრობასთან შექმნილ ხუთკაციან საკონსულტაციო საბჭოში, რომლის წევრები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ეფექტიანი ეკონომიკური რეფორმების გატარებაში დაეხმარებიან. რუსეთის ბეჭდურ მედიაში უფრო დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნამ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე. ცნობა ამის შესახებ პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. „ვედომოსტის“ ინფორმაციით, უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკებების საკითხზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლები საჭირო არ არის:

„მინდა ყურადღება მივაქციო ბატონი კლიჩკოს ნათქვამს, რომ პეტრო პოროშენკოს გუნდის ფორმირების პროცესში, კერძოდ, ამ გუნდში მიხეილ სააკაშვილის ჩართვის განხილვაც არის გათვალისწინებული. ვფიქრობ, ნამდვილად არ არის საჭირო, ეს ადამიანი ჩვენს ქვეყნებს შორის შუამავლად აქციონ“.

ვრცელი სტატია გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ გაზეთმა „კომერსანტმა“. „მდიდრები ნოსტალგიით“ - ასეა დასათაურებული ცნობილი რუსი მწერლისა და ისტორიკოსის ლევ ლურიეს სტატია, რომლის პირველ ნაწილში აღწერილია საბჭოთა საქართველოს ზღაპრული სილამაზე და სიმდიდრე, რომელიც ანდამატივით იზიდავდა მძიმე შრომითა და მკაცრი რეჟიმით გათანგულ კომუნიზმის მშენებლებს მთელი საბჭოთა კავშირიდან. აღწერილია ამგვარი კეთილდღეობის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური საფუძვლები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეირყა და მოიშალა. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველო, რუსეთის ბაზრის სრულად გახსნის შემთხვევაშიც კი ვერ დაიბრუნებს იმ კეთილდღეობასა და სიმდიდრეს, რაც საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა, რადგანაც შეიცვალა დრო და, შესაბამისად, რუსი მომხმარებლის გემოვნებაც, რომელიც მიეჩვია ჩილეს ღვინოს, თურქულ თამბაქოს, ინდურ ჩაის და „ევიანის“ წყალს, რომლებიც უფრო ხარისხიანი თუ არა, უფრო იაფი ნამდვილადაა. ლევ ლურიე მიიჩნევს, რომ საქართველო გაცილებით მეტ სარგებელს ნახავს, თუკი მის შესახებ რუსეთში შექმნილ მითს შეხედავს როგორც გასაყიდ საქონელს. საქმე ის არის, რომ საქართველო კვლავ აღიქმება ერთგვარ საბჭოთა იტალიად, სადაც მეტი სილაღე, პოლიტიკური თავისუფლება, სიიაფე და ნორმალური დონის კურორტებია, სადაც თითქმის არ არის რუსოფობია და შესაძლებელია რუსულად ლაპარაკი. სტატიის ფინალში ავტორი ამბობს, რომ რუსებს ქართველოფილია სისხლში აქვთ, რაც საქართველოსათვის მოგების მიღების კარგ წინაპირობას ქმნის. „ჩვენ გვიყვარს ქართველები. ისინი, ბევრ რამესთან ერთად, წარსულისადმი ჩვენი ნოსტალგიის ნაწილიც არიან“. სტატიას საქართველოს შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG