Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროექტის თანახმად, პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში მხოლოდ ერთხელ


საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის მაქსიმალური ოდენობა მის თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ. მისივე ინფორმაციით, პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში მხოლოდ ერთხელ, შესაბამისი დასაბუთებით. ქარდავას განმარტებით, საჯარო დაწესებულების თანამშრომლისთვის პრემიის გაცემის საკითხს მისი უშუალო უფროსის დასაბუთებული წარდგინების შემთხვევაში გადაწყვეტს დაწესებულების ხელმძღვანელი. ახალი წესებით, კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულების ხელმძღვანელისთვის პრემიის გაცემის საკითხს გადაწყვეტს შესაბამისი მინისტრი, სხვა შემთხვევაში კი პრემიერ-მინისტრი. „ამასთან, პრემიის მიზანი უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისება და მოტივაციის გაზრდა და დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა“, - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ. მისი ინფორმაციით, ახალი წესი შეეხება მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას, თუმცა, მთავრობა მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს, მათ სისტემაში პრემიის გაცემისას გაითვალისწინონ მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების ძირითადი მიმართულებები.
XS
SM
MD
LG