Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგარიში: ავღანეთი იყენებს „იაფ მაგრამ საშიშ“ გასამხედროებულ დაჯგუფებებს


კვლევითი ორგანიზაცია, „კრიზისის საერთაშორისო ჯგუფი“ აცხადებს, რომ ავღანეთი სულ უფრო ხშირად იყენებს „იაფ, მაგრამ საშიშ“ გასამხედროებულ დაჯგუფებებს, რომლებშიც 30,000-მდე მეომარია გაწევრიანებული და მათ ნაწილს სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი იმ თემებში, რომლებსაც წესით უნდა იცავდნენ. ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მთავრობის მომხრე დაჯგუფებას, რომელსაც „ავღანეთის ადგილობრივი პოლიციის“ სახელით იცნობენ, მოკლული ჰყავს სამოქალაქო პირები და ჩადენილი აქვს ქურდობის, გაუპატიურების, მოტაცების, ნარკოტიკების ტრეფიკინგის და ფულის გამოძალვის დანაშაულები.მთავრობამ ამ ჯგუფის და სხვა ადგილობრივი გასამხედროებული დაჯგუფებების გამოყენება დაიწყო თალიბანის თავდასხმების მოგერიების მიზნით, რომლებიც გახშირდა მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა აპრილში დაიწყეს თავიანთი ყოველწლიური საგაზაფხულო შეტევა. ჯგუფი „ავღანეთის ადგილობრივი პოლიცია“ შედეგია აშშ-ის მცდელობისა მოეხდინა ადგილობრივი თემების მობილიზაცია თალიბანის წინააღმდეგ. ანალიტიკური ცენტრის ანგარიშის თანახმად, შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები იბრძვიან ფრონტის წინა ხაზებზე და მათი დანაკარგები სამიდან ექვსჯერ უფრო მეტია, ვიდრე არმიისა და პოლიციის. დაჯგუფებების შენახვა წელიწადში 120 მილიონი დოლარი ჯდება. თუმცა ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დაჯგუფებები სულ უფრო ხშირად არღვევენ ადგილობრივი თემების მცხოვრებთა უფლებებს და ხელისუფლებას უჭირს მათი მოთოკვა.

XS
SM
MD
LG