Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრაკლიანის უნიკალური წარწერა უძველესად აღიარა მაიამის ლაბორატორიამ


გრაკლიანის უნიკალური წარწერა უძველესად აღიარა აშშ-ის ქალაქ მაიამის ლაბორატორიამ - ამის შესახებ იუწყება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი გრაკლიანის წარწერა ამერიკულმა ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა. ექსპედიციის ხელმძღვანელის, არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილი წარწერისადმი განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა, რადგან სავარაუდოდ, საქართველოში უძველესია, ამიტომ წარწერის თარიღის დასაზუსტებლად ნიმუშები გაგზავნა მაიამის ბეტა ლაბორატორიაში. ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, ამერიკული ლაბორატორიის მიერ დადგენილი თარიღი სრულიად უნიკალური მოვლენაა. ვახტანგ ლიჩელის ინფორმაციით, თარიღის გადამოწმების მიზნით ნიმუშები გაიგზავნა იტალიაშიც. თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანი გორის გათხრებისას 2015 წელს აღმოაჩინა სავარაუდოდ, ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ძვ.წ. VII საუკუნის ტაძარი ორი საკურთხევლით, რომელზეც გამოსახულია ჯერჯერობით უცნობი დამწერლობის ტექსტები. მეცნიერების განმარტებით, უნიკალური წარწერა მიეკუთვნება სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა გამოიყენებოდა 2700- 3000 წლის წინ.

XS
SM
MD
LG