Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ევროპულ გამოწვევებს განიხილავენ


6 სექტემბერს პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში მუშაობას შეუდგა 26-ე ეკონომიკური ფორუმი, რომელიც 9 სექტემბრამდე გასტანს. ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და ბიზნესწრეების ყოველწლიურ თავყრილობაზე განხილვის მთავარი თემაა „ევროპა გამოწვევების წინაშე - გაერთიანება თუ დაშლა“. ფორუმის პირველ დღეს გაიმართა პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთა შეხვედრა „ვიშეგრადის ჯგუფის“ ფარგლებში. მოგვიანებით მათ შეუერთდა უკრაინის პრემიერ-მინისტრიც. შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირის ერთიანობისა და მიგრანტთა პრობლემატიკაზე. განიხილეს, ასევე, უკრაინის სწრაფვა ევროსტრუქტურებისკენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ ბეატა შიდლოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაში ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს. მან აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ფორუმის პირველი დღის ბოლოს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც, ჟიურის გადაწყვეტილებით, წლის ადამიანის წოდება მიენიჭა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს. კრინიცის ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიებაა. მისი ორგანიზატორია პოლონეთში დაფუძნებული "აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტი". წელს კრინიცაში თავი მოიყარა ფორუმის 3 500-მდე მონაწილემ, რაც რეკორდული რაოდენობაა ფორუმის 26-წლიანი ისტორიის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG