Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებების კვირა


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო სამთავრობო ცვლილებები, რომლებიც, არჩევნებში მონაწილეობის გამო, მინისტრთა კაბინეტის ორ წევრს შეეხო. თანამდებობა დატოვეს კახა კალაძემ და ოთარ დანელიამ - ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ყოფილი მინისტრები მათმა მოადგილეებმა - ილია ელოშვილმა და ლევან დავითაშვილმა - შეცვალეს. ცვლილება შეეხო მთავრობის კიდევ ერთ წევრს: სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში. გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ახალმა ელჩმა ამ პოსტზე არჩილ გეგეშიძე შეცვალა.

გასული კვირა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, რომლის ცხრიდან ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება 30 სექტემბერს. ბათუმში მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა ორი მათგანის - გიორგი პაპუაშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის - შემცვლელები: უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.

ასევე სასამართლო ხელისუფლებისკენ იყო მიპყრობილი საზოგადოების ყურადღება თბილისში, სადაც უზენაესი სასამართლოსგან ელოდნენ გადაწყვეტილების გამოცხადებას „რუსთავი 2“-ის საკასაციო სარჩელის დასაშვებად ცნობის თაობაზე. სასამართლომ სარჩელი დასაშვებად ცნო, რის პასუხადაც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსამართლეებმა, რომლებმაც სარეზოლუციო ნაწილს ხელი მოაწერეს, ზეწოლას გაუძლეს, თუმცა დატოვეს სადავო ნორმა, რომელიც საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას ეხება:

„დღევანდელი შედეგი ცხადყოფს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - მაშინაც კი, როცა სახელმწიფო აპარატში ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგ არის მიმართული, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა შენს წინააღმდეგ მუშაობს. მადლობას ვუხდი და ვულოცავ სამ მოსამართლეს იმ გამბედაობის გამო, რომელიც მათ გამოიჩინეს. მხედველობაში მყავს ქალბატონი გასიტაშვილი და ბატონები ქათამაძე და ალავიძე. მათ ნამდვილად მიიღეს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა ის ნამდვილად არ არის უნაკლო, რადგანაც იძლევა ზეპირი მოსმენის განხილვის საშუალებას“.

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის დამტკიცება. 410 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიღებულ დოკუმენტში დაგმობილია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მიერ. გარდა ამისა, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა მოუწოდებს ოკუპანტ ქვეყანას, დატოვოს სუვერენული ქვეყნის, საქართველოს, ტერიტორიები. რეზოლუციის ინიციატორი და თანაავტორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ტედ პო, რომელმაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს „ციმბირის ნაპოლეონი“ უწოდა:

ნატოს სამიტზე ვარშავაში, ივლისში, ნატოს ლიდერები მიესალმნენ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, და ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება, – მათ შორის, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების კუთხით...
იენს სტოლტენბერგი

„ეს რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას და უგზავნის მკვეთრ მესიჯს (ვლადიმირ) პუტინს, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს მის კონტროლს საქართველოს რომელიმე ნაწილზე. ჩვენმა მეგობრებმა საქართველოსა და რეგიონში უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები არასდროს იტყვის უარს მოკავშირეების გრძელვადიან მხარდაჭერაზე ციმბირის ნაპოლეონისგან მომავალი საფრთხეების წინაშე... ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ გვაქვს მკაფიო ვალდებულებები ჩვენი მოკავშირეების მიმართ. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააღრმავოს ურთიერთობები თავის მოკავშირეებთან... საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, რომელსაც რუსეთიდან მონაბერი ავტორიტარიზმის ცივი ქარები უქმნის საფრთხეს“.

რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ ამერიკა მუდამ უერთგულებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს:

„პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოხატულია აშშ-ის ურყევი, მტკიცე პოზიცია, რომ ის არასოდეს აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, საქართველოს აღიარებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მტკიცედ დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს საერთაშორისო მასშტაბით. ასევე ხაზგასმულია თანამშრომლობის საჭიროება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და საქართველო განხილულია, როგორც ამერიკის გრძელვადიანი ინტერესის ქვეყანა“.

გასულ კვირაში თბილისს სტუმრობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო. 7 სექტემბერს გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს წვლილზე გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევებზე, შავი ზღვის რეგიონის გაძლიერების გეგმებზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პერსპექტივებზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და მოახლოებულ არჩევნებზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს მოხდება მაშინ, როცა საქართველო დააკმაყოფილებს ნატოს ყველა სტანდარტს:

„ნატოს სამიტზე ვარშავაში, ივლისში, ნატოს ლიდერები მიესალმნენ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, და ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება, – მათ შორის, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების კუთხით. საქართველოს მდგრადი პროგრესის შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოახლოებული არჩევნები დააკმაყოფილებს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს და იქნება თავისუფალი და სამართლიანი“.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

პასუხად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აპირებს გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა დემოკრატიული განვითარების გზაზე, რათა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ნატოს მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში:

„თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება იქნება უმთავრესი პრიორიტეტი და დიდი აქცენტი იქნება გაკეთებული ამ მიმართულებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთელი წინა პერიოდის ერთობლივი წვრთნების დროს უფრო მეტი აქცენტი იყო გადატანილი საქართველოს სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის წვრთნაზე და ვინაიდან ჩვენი თავსებადობა, სამხედრო თვალსაზრისით, უკვე არის ძალიან კარგი ნატოს სამხედრო ძალებთან, ამიტომ აქცენტი მეტად იქნება გადატანილი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ის დამატებითი კომპონენტები, რომლებიც იქნება შემოტანილი ამ ურთიერთობაში, იქნება მიმართული ამ მიმართულებით“.

გასულ კვირაში უნდა გამართულიყო მერვე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატებს კენჭი უნდა ეყარათ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებისათვის, თუმცა სხდომა ვერ შედგა კვორუმის უქონლობის გამო. გასულ კვირაში ასევე გაიმართა შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. 7 სექტემბერს გალის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში კვლავ შეიკრიბნენ საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს წარმომადგენლები.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG