Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანელიძე: თავისუფალი სავიზო რეჟიმი არ ნიშნავს დამატებით მიგრაციას


ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში, დღეს გაიმართა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების გარშემო დებატები. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში თავისუფალი სავიზო რეჟიმი არ ნიშნავს დამატებით მიგრაციას. ის გულისხმობს ადამიანთა შორის უკეთეს კონტაქტს, კულტურული და საქმიანი კავშირების და პარტნიორობის გაძლიერებას, თქვა ჯანელიძემ შეხვედრაზე, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობდნენ უკრაინის ელჩი ევროკავშირში, მიკულა ტოხიცკი და სავიზო რეჟიმის საკითხებში მოლაპარაკებებზე შუამავალი, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის წარმომადგენელი, ვლადიმირ სიმონაკი. მოლაპარაკება მალე დასრულდება და სავიზო რეჟიმის ლიებარალიზაციის პროცესი დაჩქარდება, იმედი გამოთქვა სიმონაკმა. საქართველოს აქვს სავიზო ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი დასტური და პრინციპული თანხმობა როგორც ევროკომისიისგან, ასევე ევროპარლამენტისგან და ევროკავშირის საბჭოსგან, მაგრამ ახალი რეჟიმის ასამოქმედებლად ჯერ მისი შეჩერების მექანიზმი უნდა შეიქმნას. ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, 18 იანვარს იმსჯელებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის საკითხზე. ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე და მიანიშნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში მიმდინარე წლის ბოლომდე არ ამოქმედდება უვიზო რეჟიმი. ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტის ინფორმაციით, ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო 29 ნოემბერს ვერ შეთანხმდნენ საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე და მოლაპარაკება მომავალ კვირაში განახლდება.

XS
SM
MD
LG