Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ამართლებს მუსლიმთა ნაწილის აშშ-ში შეშვების დროებით აკრძალვას


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იცავს თავის განკარგულებას შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების აშშ-ში შეშვების დროებით აკრძალვის შესახებ და ირწმუნება, რომ მისი განკარგულება არ არის „მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული აკრძალვა“. როგორც ტრამპმა 29 იანვარს განაცხადა, შეერთებული შტატები ვიზების გაცემას განაახლებს მას შემდეგ, რაც ამოქმედდება „ყველაზე უსაფრთხო პოლიტიკური ზომები“.

შეერთებული შტატების „უცხოელი ტერორისტებისაგან“ დაცვის დაპირებით, დონალდ ტრამპმა 27 იანვარს ხელი მოაწერა აშშ-ში ლტოლვილების მიღების პროგრამის 120 დღით შეჩერებას, განუსაზღვრელი ვადით სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარს და 90 დღით იმიგრაციაზე უარს, უმეტესწილად, მუსლიმებით დასახლებული შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სირია, სუდანი და იემენი. დონალდ ტრამპის ამ განკარგულებას მოჰყვა საპროტესტო აქციები შეერთებული შტატების მრავალ ქალაქში, არ გვინდა სიძულვილი და შიში! კეთილი იყოს, ლტოლვილებო, თქვენი მობრძანებაო, - ისმოდა ვაშინგტონში 29 იანვარს გამართულ აქციაზე.

იმავე დღეს ტრამპმა დაიცვა თავისი განკარგულება: „ამერიკა ამაყობს, რომ იმიგრანტების ქვეყანაა და კვლავაც თანაგრძნობით მოვეკიდებით იმათ, ვინ ჩაგვრას გაურბის, მაგრამ, ამავე დროს, დავიცავთ საკუთარ მოქალაქეებსა და საზღვრებს“ - ნათქვამია ტრამპის ოფიციალურ წერილობით განცხადებაში, რომელიც მოჰყვა კრიტიკის ტალღას მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეების შეერთებულ შტატებში ჩასვლის შეზღუდვის გამო. ტრამპი ამბობს, რომ მისი განკარგულება არ არის მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული აკრძალვა და რომ მედია მომხდარს არასწორად აშუქებს! „საქმე ეხება არა რელიგიას, არამედ ტერორსა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის სურვილს“, - წერს დონალდ ტრამპი.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა რეინს პრიბუსმაც დაიცვა პრეზიდენტის განკარგულება და უარყო ცნობები, რომელთა თანახმად, შეერთებული შტატების რამდენიმე აეროპორტი ქაოსმა მოიცვა იმის გამო, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი უთხრეს ტრამპის განკარგულებაში ნახსენები ქვეყნებიდან ჩაფრენილ მგზავრებს.

„ქაოსი არ ყოფილა. სინამდვილეში გუშინ, 28 იანვარს, 325 ათასი ადამიანი ჩამოვიდა უცხოეთის ქვეყნებიდან შეერთებულ შტატებში და მათგან 109 ადამიანი დააკავეს დასაკითხად. მათი უმრავლესობა გაუშვეს. რჩება ორი ათეული ადამიანი და ვვარაუდობ, რომ, თუ ცუდი ხალხი არ არის, დღის ბოლომდე მათაც გაატარებენ. შესაძლოა, საჭირო იყოს მათგან ზოგის უფრო დიდხანს დაკავება და თუ მათ შორის არიან ისეთები, ვინც არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში, მათ დააკავებენ“, - თქვა პრიბუსმა 29 იანვარს ტელეკომპანია ენბისისთან ინტერვიუში.

მაგრამ ინტერვიუმ დამატებითი დაბნეულობა გამოიწვია, რადგან პრიბუსმა თქვა, რომ უცხოელები ზემოხსენებული შვიდი მუსლიმური ქვეყნიდან თუ ე.წ. მწვანე ბარათის მფლობელები არიან (ანუ აშშ-ში ცხოვრების და მუშაობის უფლება აქვთ), შეძლებენ შტატებში დაბრუნებას. მეორე მხრივ, დონალდ ტრამპის განკარგულების საფუძველზე, 28 იანვარს აშშ-ის ტერიტორიაზე არ შეუშვეს არც მწვანე ბარათის მფლობელები.

ამასობაში, შეერთებული შტატების სამმა ფედერალურმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება აეროპორტებში დაკავებული ვიზის მფლობელი უცხოელების ან ლტოლვილების შეერთებული შტატებიდან დეპორტაციის შეჩერების თაობაზე.

დონალდ ტრამპის განკარგულებას კრიტიკით გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენების ნაწილიც, მათ შორის, რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი. ისინი, როგორც საგანგებო განცხადებაში აღნიშნავენ, შიშობენ, რომ ტრამპის განკარგულება ხელს შეუწყობს მუსლიმთა ნაწილის რადიკალიზაციას და, საბოლოოდ, იქნება „საკუთარი თავისათვის მიყენებული ჭრილობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

შეფასებას, რომ დონალდ ტრამპის განკარგულება ისლამისტი ექსტრემისტების წისქვილზე ასხმას წყალს, გამოთქვამს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაც, რომელიც 57 სახელმწიფოს აერთიანებს და, ამდენად, მსოფლიოში ისლამური სახელმწიფოების უდიდესი გაერთიანებაა. ასეთი შერჩევითი და დისკრიმინაციული ზომები მხოლოდ ექსტრემისტების რადიკალურ პოზიციებს გააძლიერებსო, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ირანმა, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ში ჩასვლა დროებით ეკრძალებათ, თეირანში შვეიცარიის ელჩი დაიბარა ტრამპის განკარგულების გასაპროტესტებლად. ირანსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია და შვეიცარია ასრულებს მათ შორის შუამავლის როლს.

ცნობილმა ირანელმა კინემატოგრაფისტმა, აშღარ ფარჰადიმ, რომლის უკანასკნელი ფილმი "ოსკარზეა" ნომინირებული, უარი თქვა ჰოლივუდში დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობაზე, მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების მიერ შემოღებული საიმიგრაციო შეზღუდვების გასაპროტესტებლად.

შეერთებულ შტატებს ამ ქვეყნის უახლოესი მოკავშირეებიც კი არ ეთანხმებიან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის არ დაუმალავს, რომ არ იზიარებს ტრამპის განკარგულებით გამოხატულ პოზიციას, ხოლო გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის აზრით, განკარგულება მიმართულია „ლტოლვილების საერთაშორისო დახმარების ძირითადი პრინციპების წინააღმდეგ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG