Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიბუსმა დაიცვა ტრამპის განკარგულება, რომელიც აშშ-ში შესვლას უკრძალავს ზოგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რეინს პრიბუსმა, დაიცვა დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეებს.

რეინს პრიბუსმა ტელეკომპანია „ენბისის“ ეთერში თქვა, რომ აშშ-ის აეროპორტებში არ სუფევს ქაოსი, სადაც 28 იანვარს ათასობით ადამიანმა გამართა საპროტესტო აქციები. მისი თქმით, 28 იანვარს აშშ-ში შესული 325 ათასი ადამიანიდან 109 დააკავეს.

დონალდ ტრამპმა 27 იანვარს გასცა განკარგულება, შემოწმების ახალი სისტემის შემოღებამდე 90 დღით შეჩერდეს იმიგრაცია შვიდი, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული, ქვეყნიდან. ასევე, ტრამპის განკარგულებით, ოთხი თვით შეჩერდება ამერიკის ლტოლვილთა პროგრამა. გარდა ამისა, მან განკარგულება გასცა, რომ 50 ათასამდე შემცირდეს ლტოლვილთა საერთო რაოდენობა, რომელთაც აშშ მთელი მსოფლიოდან მიიღებს მიმდინარე წელს.

ლტოლვილთა მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაში მთავარი გამონაკლისი იქნებიან სირიელი ქრისტიანები, რომლებიც, ტრამპის თქმით, დევნას განიცდიან საკუთარ სამშობლოში. 28 იანვარს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა აშშ-ის აეროპორტებში დაკავებული ვიზის მფლობელებისა და ლტოლვილების დეპორტაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG