Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ რჩება ვიცე-პოლკოვნიკი ცერცვაძე უკრაინაში?


გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია კიევში. 26 იანვარი, 2017 წ.
გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია კიევში. 26 იანვარი, 2017 წ.

საქართველოს მოქალაქე ვიცე-პოლკოვნიკი გია (გიორგი) ცერცვაძე უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ამ ნაბიჯის გადადგმა მან ძირითადად რუსეთის მხრიდან დევნის გამო გადაწყვიტა, თუმცა, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის და მისი ოჯახი თავს დაცულად ვერც საქარველოში იგრძნობენ. 47 წლის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც რუსეთის საერთაშორისო მოთხოვნის საფუძველზე უკრაინაში დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს, უნდობლობას უცხადებს „ერთეულ სახელმწიფო სტრუქტურებს“ და ლაპარაკობს წნეხზე თავისი ოჯახის მიმართ. საქმის გარშემო შეკითხვები კვლავაც რჩებათ ანალიტიკოსებს. ყურადღება მახვილდება საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ამ თემის გარშემო ატეხილმა ხმაურმა.

გადმოწერა

„არ გამაფრთხილეს (თბილისის) აეროპორტში, გამომიშვეს ქვეყნიდან იმ მიზნით, რომ სხვა ქვეყანა გადამცემდა რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას და იქვე დაამატა, რომ ყოველივე ამის შემდეგ ის საქართველოში თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვეღარ იგრძნობს. გია ცერცვაძე, როგორც თავად ამბობს, არ ენდობა ცალკეულ სახელმწიფო სტრუქტურებს და რუსეთის ინტერესებით მოქმედი საგანგებო ქსელის არსებობაზეც ლაპარაკობს:

„ცუდი ფაქტი მოხდა, რომ საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელიც ინახებოდა მარტო საიდუმლო ორგანიზაციებში, ასე ვთქვათ, რატომღაც მოხვდა რუსეთის ფედერაციაში. ეს მხოლოდ ჩემს ამბავზე არ არის, კიდევ სხვა მებრძოლები არიან, რომლებიც ყოფილი სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან, მათიც მთელი მასალებია გადაცემული რუსეთისთვის. რუსეთმა უკვე დაიწყო ე. წ. ნადირობა იმ ხალხზე, რომლებიც ომობდნენ რუსეთის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ასევე აქ, უკრაინაში... საქართველოში არსებობს განვითარებული ქსელი, რომელიც რუსეთზე მუშაობს. ყველა ის გამოცდილი ოფიცერი, მეომარი, რომელიც ახლა აღმოჩნდა უკრაინაში, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოდან გაიტაცონ“.

ქართველი სამხედრო უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს მთელი ოჯახისთვის ითხოვს და ლაპარაკობს ფსიქოლოგიურ წნეხზე თავისი შვილის მიმართ. მონათხრობის თანახმად, მის ვაჟს საქართველოში ქუჩაში შემხვედრმა უთხრა, რომ ქართველი მეომრები უკრაინაში ფულის გასაკეთებლად მიდიან და რომ ისინი დაქირავებული მკვლელები არიან.

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელსაც 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საპატიმროდან 26 იანვარს, ღამის 11 საათისთვის, უკრაინის გენერალური პროკურობის გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დაწერა სოციალურ ქსელში, უკრაინა არ ივიწყებს თავისიანებს და, მათ შორის, არც ქართველებს. საქმე ის არის, რომ გია ცერცვაძე, მოხალისის რანგში, აქტიურად მონაწილეობდა ასევე უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში რუსეთის არმიის წინააღმდეგ. ქართველი სამხედრო რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2003 წლიდან მკვლელობასთან დაკავშირებული დანაშაულის გამო იძებნებოდა, ხოლო ინტერპოლის არხებით მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა და 15 იანვარს კიევში მისი დაკავებაც სწორედ ამ საფუძვლით მოხდა მას შემდეგ, რაც მან თავისუფლად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი.

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებას ღალატში სდებს ბრალს და ეს ბრალდება 31 იანვარს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გაიმეორა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის თანახმად, სააკაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს შეხვდა და მათ დახმარებასაც დაჰპირდა:

„საქართველოს მთავრობამ გაყიდა ხალხი, გაყიდა ინფორმაცია და რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია - შეგიქმნათ პრობლემები და კიდევ ბევრს შეუქმნის პრობლემებს... უკრაინის საუკეთესო იურისტები მუშაობენ დღეს ჩვენთან, აგერ ეს ბიჭები და კიდევ რამდენიმე გვყავს, - საუკეთესო განათლებით, თავიანთი იურიდიული ფირმები აქვთ, გამოცდილება აქვთ (იმისთვის), რომ არც ერთი თქვენგანი არ დავაჩაგვრინოთ, არც თქვენ, არც სხვა ქართველები და არც უკრაინის სამხედროები, რომლებიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“.

„ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ გია ცერცვაძის გათავისუფლების პროცესში მხოლოდ მისმა ძალისხმევამ გამოიღო შედეგი და რომ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია საამისოდ. საპირისპიროს ამტკიცებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში და ირწმუნებიან, რომ უკრაინის მხარესთან თანამშრომლობის პროცესში ყველაფერი გაკეთდა ვიცე-პოლკოვნიკის გასათავისუფლებლად და კვლავაც მიმდინარეობს მუშაობა რუსეთში მისი ექსტრადირების თავიდან ასაშორებლად. ამასთან, ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების გადაცემას რუსეთის მხარისთვის. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის, მიაჩნია, რომ მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარით ვითარდება:

„ეს არის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი - დააზიანოს საქართველოს იმიჯი. მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი თავად და თვითონ ეს პროცესი, გარკვეულწილად, პროვოკაციულ ხასიათსაც ატარებს. ჩვენმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გია ცერცვაძის უფლებები ყოფილიყო დაცული“.

გია ცერცვაძის საქმის გარშემო შეკითხვები კვლავაც რჩებათ იურისტებსა და უფლებადამცველებს. მათ აინტერესებთ, რატომ გაატარა საქართველოს სახელმწიფომ საზღვარზე რუსეთის მოთხოვნით ინტერპოლის არხებით ძებნილი ქართველი სამხედრო, რომელიც საქართველოსა თუ უკრაინაში აქტიურად იბრძოდა რუსეთის არმიის წინააღმდეგ და რომელსაც ქვეყნის საზღვრებს გარეთ აშკარა საფრთხე ემუქრებოდა. იურისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს კანონის შესაბამისად უნდა ემოქმედა და საკუთარი მოქალაქე დაეცვა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დასკვნების გამოტანას ერიდება ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე. ზოგადად, ის სახელმწიფოს სიმტკიცისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს ასეთი მნიშვნელოვანი თემის გარშემო ხმაურის ატეხას ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე, რადგანაც ამით ილახება სახელმწიფო ინსტიტუტების ავტორიტეტი. ამირან სალუქვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს საკითხის პოლიტიზებას და დარწმუნებულია, რომ ხმაურიანი პროცესი უკრაინაში მყოფ ქართველ სამხედროებს საფრთხეს უქმნის:

„ზოგადად, ეს აჟიოტაჟი არ არის კარგი... ეს არის, პირველ რიგში, იმ ხალხისთვის ცუდი, რომლებიც უკრაინის მხარეს ომობენ. ამით მათი მისამართით რუსეთის სპეცსამსახურების მეტ ყურადღებას ვიქცევთ. რუსეთი ისედაც აქცევს მათ ყურადღებას და აგროვებს მათზე ინფორმაციას, მაგრამ როცა ასე ვიდეოკამერების წინ ყველა თავმოყრილია ერთად და ასე აჩვენებ, ეს მათ უსაფრთხოებას ნამდვილად არ აძლიერებს... მერწმუნეთ, რომ რუსებს ცხინვალის რეგიონის ომში მონაწილეებზე გაცილებით უფრო მეტი გართულება აქვთ იმ სამხედროებზე, რომლებიც უკრაინაში ომობენ“.

გარდა ამისა, ამირან სალუქვაძის აზრით, უკრაინაში მყოფი ქართველი მეომრების ვინაობის გასაჯაროება იმითაც არის სარისკო, რომ, თუკი დასჭირდება, რუსეთი ვიდეო თუ სხვა სახის ინფორმაციას საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს, რათა ქვეყანა ირიბად მხარედ აქციოს. ანალიტიკოსი იხსენებს, რომ აგვისტოს ომის წინ მოსკოვი, თავისი ზრახვების გამყარებისა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მიზნით, ყველანაირ ინფორმაციას იყენებდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG