Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრების გათავისუფლების კვირა უკრაინასა და საქართველოში


მიმდინარე კვირის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა იყო ვიცე-პოლკოვნიკ გია (გიორგი) ცერცვაძის გათავისუფლება. რუსეთის მოთხოვნით ინტერპოლის მიერ ძებნილი ქართველი სამხედრო, რომელიც 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს, ხოლო 17 იანვარს კიევის სასამართლომ 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 26 იანვარს ღამის 11 საათისთვის უკრაინის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს. საპატიმროდან გამოსული გია ცერცვაძე ჟურნალისტთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

„დიდი მადლობა ყველა იმ ხალხს, ვინც მხარს მიჭერდა“.

გადმოწერა

გია ცერცვაძის იმ დღეს გათავისუფლება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ 26 იანვრის სხდომაზე კიევის სააპელაციო სასამართლომ 3 თებერვლისთვის გადადო მისი საქმის განხილვა, თუმცა, როგორც გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დაწერა სოციალურ ქსელში, უკრაინა არ ივიწყებს თავისიანებს და, მათ შორის, არც ქართველებს. საქმე ის არის, რომ გია ცერცვაძე, მოხალისის რანგში, აქტიურად მონაწილეობდა ასევე უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში რუსეთის არმიის წინააღმდეგ.

ინტერპოლი თუ ეძებს ადამიანს, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო დაეკავებინა ეს პირი. ჩვენი კონსტიტუციით, 48 საათის განმავლობაში ნებისმიერი პირის დაკავება არის კანონიერი და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ამის წინააღმდეგ...
ლია მუხაშავრია

47 წლის ქართველი სამხედრო რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2003 წლიდან მკვლელობასთან დაკავშირებული დანაშაულის გამო იძებნებოდა, ხოლო ინტერპოლის არხებით მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა და კიევში მისი დაკავებაც სწორედ ამ საფუძვლით მოხდა მას შემდეგ, რაც მან თავისუფლად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. სწორედ ამის გამო გაიმართა ხმაურიანი დისკუსია საქართველოში: ოპოზიცია ხელისუფლებას ღალატსა და საკუთარი მოქალაქის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, დამსახურებული სამხედროს შეგნებულად გაწირვაში ადანაშაულებდა, ხოლო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ყველაფერს აკეთებდა ქართველი ოფიცრის რუსეთში ექსტრადირების თავიდან ასაშორებლად. ვიცე-პოლკოვნიკი კი გამოუშვეს და ახლა რუსეთში ექსტრადიციაზე უარის თქმის დასაბუთებული დოკუმენტაცია მზადდება, მაგრამ, უფლებადამცველების აზრით, საქმე უკრაინის გადასაწყვეტი არ გახდებოდა, საქართველოს სახელმწიფოს დროულად რომ ემოქმედა. ასეთი აზრი გამოთქვა რადიო თავისუფლებასთან ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ:

„ინტერპოლი თუ ეძებს ადამიანს, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო დაეკავებინა ეს პირი. ჩვენი კონსტიტუციით, 48 საათის განმავლობაში ნებისმიერი პირის დაკავება არის კანონიერი და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ამის წინააღმდეგ. შემდეგ, ამ 48 საათში, გაირკვეოდა, ამ ადამიანს რისთვის აკავებენ. ეს ადამიანი თუ ჩათვლიდა, რომ მისი ძებნა და მისი დაკავება უკანონო იყო, გაასაჩივრებდა და ამასობაში გაირკვეოდა ყველაფერი. მაგრამ ამის ნაცვლად ხდება ის, რომ მას უშვებენ (ქვეყნიდან) და უშვებენ ისე, რომ იქ (სხვა ქვეყანაში) მოხდეს მისი დაკავება“.

ლია მუხაშავრია კატეგორიულად არ ეთანხმება შს სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ვინაიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ არის და რუსეთმა არ მიმართა საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად, ქართულ მხარეს არ ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია, საფუძველი და მოტივი გია ცერცვაძის დასაკავებლად ანდა მისთვის გადაადგილების შესაზღუდად. ამ კონტექსტში ადვოკატი მუხაშავრია იხსენებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის 1993 წელს გაფორმებულ „მინსკის კონვენციას“, რომელსაც ძალა არც 2008 წლის ომის შემდეგ დაუკარგავს და რომელიც, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა.

27 იანვარს დაპატიმრებულთა გათავისუფლებით დასრულდა ე.წ. „კაბელების საქმის“ ხანგრძლივი ისტორია. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები - გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, ნუგზარ კაიშაური და დავით წიფურია - პარასკევს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. ასეთი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძვლად პრეზიდენტი ასახელებს იმ ფაქტს, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო წარდგენილი ბრალის დამტკიცება. მსჯავრდებულებმა საპატიმრო 27 იანვარს ღამით, 21:30 საათისთვის, დატოვეს და მადლიერება გამოხატეს საქართველოს პრეზიდენტის მისამართით. მედიასთან კომენტარი გიზო ღლონტმა გააკეთა:

„ერთადერთი იმის იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი მიიღებდა სრულიად სწორ, მართებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივად, მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რაც დღევანდელ დღეს რეალურად დადგა, იმიტომ რომ ის არის ქვეყნის მთავარსარდალი, მან სრულიად იცოდა როგორი პოლიტიზებული იყო ეს საქმე, როგორი მიმართულებით მიდიოდა და მე მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის ყველაფრისთვის. და მე კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა შტოს, მთავრობას მივმართავ, რომ მიხედოს სასამართლო ხელისუფლებას - თუკი იქ სამართლიანობა ვერ დაიმკვიდრებს, ისე ქვეყანა ვერ განვითარდება“.

შეწყალება თავისთავად ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი და აღიარება იმის, რომ ეს ადამიანები იყვნენ უკანონო პატიმრები და პოლიტიკურ პატიმრობაში და დევნაში იმყოფებოდნენ...
დავით ბაქრაძე

შეწყალების აქტით კმაყოფილების მიუხედავად, ე.წ. „კაბელების საქმის“ ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთა სიმართლის ბოლომდე დამტკიცებას აპირებენ და გასაჩივრებას ჯერ უზენაეს სასამართლოში, ხოლო შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ფიქრობენ. 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დაკავებული 5 პირი რამდენიმე თვეში სასამართლომ თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა 2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო, 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და ისინი სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.

დაკავებულთა შეწყალებას ერთი დღით უსწრებდა სააპელაციო სასამართლოს გადწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “კაბელების საქმეში“ ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედაა მიჩნეული არა სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. შესაბამისად, ხუთშაბათს სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულებს 7-წლიანი სასჯელი 18-თვიანით შეუცვალა. საბოლოო ჯამში, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბრალდებულებს საპატიმროში ყოფნა კიდევ 50 დღის განმავლობაში მოუწევდათ. ამ ფაქტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის სვლას დაგვიანებულად მიიჩნევენ ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები და, მაგალითად, ასე ფიქრობს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე:

“შეწყალება თავისთავად ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი და აღიარება იმის, რომ ეს ადამიანები იყვნენ უკანონო პატიმრები და პოლიტიკურ პატიმრობაში და დევნაში იმყოფებოდნენ. ამიტომ ამ თვალსაზრისით შეწყალება მნიშვნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეწყალებას დღეს, როდესაც უკვე ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები სულ მალე დატოვებდნენ საპატიმროს, სრულიად სხვა ფასი აქვს და ეს რომ პრეზიდენტს გაეკეთებინა ერთი თვის წინ ან, თუნდაც, ერთი კვირის წინ, ამ შეწყალების ფასი, პრაქტიკულიც და პოლიტიკურიც, იქნებოდა ბევრად უფრო მაღალი“.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ თავისთავად კარგია შეწყალება, როგორც ჰუმანური აქტი, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტისგან მიუღებელია დარტყმის მიყენება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, მაშინ როცა „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებული პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

„კაბელების საქმე“ ბოლო პერიოდში არაერთ საერთაშორისო მიმართვასა თუ დოკუმენტში მოხვდა. მათ შორის „ჰიუმან რაიტს უოჩის“ 2017 წლის ანგარიშში, რომელიც 13 იანვარს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმართულმა რამდენიმე საქმემ წარმოშვა შეკითხვები შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. ქვეთავში, სახელწოდებით „მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებული შეშფოთება“, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, საქმესთან ერთად მოყვანილია, ასევე, „კაბელების საქმის“ მაგალითიც. აქვე აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხუთი ყოფილი თანამშრომელი 2014 წელს დააკავეს, რასაც შემდეგ მალევე მოჰყვა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პოსტიდან გადადგომა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ 26 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები ხურჩა და ორსანტია მოინახულა. მიზეზად დასახელდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების განზრახვა, დახუროს საოკუპაციო ხაზზე მდებარე ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიის საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომლებიც ძალიან ხელსაყრელია ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის საქართველოს დანარჩენ ნაწილში გადასასვლელად. იან კელის განცხადებით, აშშ-ის საელჩო შეშფოთებულია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმით და, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის გათვალისწინებით, აშშ-ის მთავრობა არ ცნობს აფხაზეთის საზღვრისა და საკონტროლო-გამშვები პუნქტების არსებობას:

იან კელი აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფლებში სტუმრობისას
იან კელი აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფლებში სტუმრობისას

„სრულიად აშკარაა, რომ ეს აისახება ათობით ადამიანის არსებობასა და მათ კეთილდღეობაზე. ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც მდინარე ენგურს მიღმა ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, არიან ძალიან დაუცველები. ლაპარაკია სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ აქ გადმოსვლას და სკოლამდე მისასვლელად, დაახლოებით, 50 კილომეტრის გავლა მოუწევთ შემოვლითი გზებით. ლაპარაკია მოხუცებზე, რომლებიც გადმოდიან სამედიცინო დახმარების მისაღებად, და ლაპარაკია ასევე ოჯახის წევრებზე, რომლებსაც სურთ მათთვის ძვირფას ადამიანებთან შეხვედრა, ქორწილსა თუ დაკრძალვაში მონაწილეობის მიღება. ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რაც უნდა გაუქმდეს“.

საოკუპაციო ზოლზე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვაზე თბილისის პოზიცია მკვეთრად უარყოფითი და უცვლელია. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს პოზიცია მუდმივად ფიქსირდება როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გალის შეხვედრებზე. ციხელაშვილის თქმით, თბილისის პოზიციას სავსებით იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა. ამ საკითხთან დაკავშირებით გალის რაიონის 100-ზე მეტმა მცხოვრებმა 25 იანვარს საპროტესტო აქციაც გამართა.

ოთხშაბათს, 25 იანვარს, ავტორიტეტიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნომ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, სახელწოდებით „კორუფციის აღქმის ინდექსი 2016“, რომელშიც მსოფლიოში არსებული მდგომარეობა 176 ქვეყნის მაგალითზეა შეფასებული. ამ ანგარიშის თანახმად, საქართველო, შარშანდელთან შედარებით, 5 ქულით დაწინაურდა და 57 ქულა დაიმსახურა. მიღწევით აღფრთოვანებულია საქართველოს მთავრობა, თუმცა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ერეკლე ურუშაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს მიღწევა გარღვევად ვერ ჩაითვლება და, შესაბამისად, საკმარისი არ არის. ამასთან, ერეკლე ურუშაძე თვლის, რომ ქვეყნის 5-ქულიანი რეიტინგული წინსვლა გამოიწვია არა პრაქტიკამ, არამედ საკანონმდებლო ბაზის გარკვეული სეგმენტების დახვეწამ, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებების ჭრილში.

მიმდინარე კვირაში მუშაობას კვლავაც განაგრძობდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. 27 იანვარს მორიგ შეკრებაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ბარიერის შეცვლის საკითხებზე. კვლავაც შეუთანხმებლობაა იმასთან დაკავშირებით, უნდა გაუქმდეს თუ არა მაჟორიტარული წესით არჩევნები და სრულად უნდა ჩაანაცვლოს თუ არა ის პროპორციული წესით არჩევნებმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ავთანდილ დემეტრაშვილმა, ორპალატიანი პარლამენტის შექმნისა და კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლის ამოქმედების წინადადება წამოაყენა, თუმცა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრთა უმრავლესობამ მისი პოზიცია არ გაიზიარა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG