საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა უნდა გახდეს, რისთვისაც მისი „ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესში“ ყველა მოქალაქე უნდა მონაწილეობდეს, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო ჩართულობის უზრუნველსაყოფი კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა. ღონისძიებას ”კონსტიტუცია ყველასია" ესწრებიან საზოგადოების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს მმართველი გუნდი „ქართული ოცნება“, რომლის წევრებმა ამის მიზეზად დაასახელეს პარლამენტის პლენარული სხდომა. თუმცა, წინა დღით პარლამენტის თავმჯომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტი დაადანაშაულა საკონსტიტუციო კომისიის უპატივცემულობაში. კობახიძის შეფასებით, შეხვედრებით, რომელსაც პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან 10 მარტიდან იწყებს, ის ავლენს „ღრმა უპატივცემულობას პარლამენტის მიმართ“, ასევე ერევა პარლამენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის სწორედ პარლამენტის პასუხისმგებლობა.
ყველაზე პოპულარული
1